მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
21-07-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
გინდა პიპია?

საარჩევნო ციებ-ცხელება დასრულდა და, ალბათ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ "ოცნებისთვის"  აშკარად ჯობდა, საკრებულოში ალეკო ელისაშვილი ვერ მოხვედრილიყო. პირველივე სხდომაზე უკვე ყველა შიშველი იყო, –მეფეც, ანუ საკრებულოს თავმჯდომარე, და მისი ნაზირ-ვეზირებიც! საკმარისი იყო, ალეკოს პერსონალური ავტომობილები და მათზე უარის თქმა ეხსენებინა, რომ საკრებულოს ახალარჩეული თავმჯდომარე, რომელსაც აქამდე პოლიტიკასთან ახლოსაც არ გაუვლია, უცებ იქცა ჭეშმარიტ ქართველ პოლიტიკოსად, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნა პერსონალური ავტომობილის გარეშე ვერ წარმოუდგენია. რა არის ქართველი პოლიტიკოსისთვის თანამდებობა,
თუ მანქანა არ გემსახურება? რა ფასი აქვს ასეთ თანამდებობას? გროში! დიდი და დაბურულშუშებიანი პიპია და მძღოლი, რომელსაც სადაც გინდა, გაგზავნი, ცოლ-შვილს ატარებინებ, ვიდრე შენ კაბინეტში წყნარად ზიხარ
და ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე!

ელისაშვილის ამ ინიციატივაზე ყველაზე ხშირად ასეთ კომენტარს მოისმენდით: "მაგისთვის მოვიდა ეს ხალხი თანამდებობაზე და ვინ იტყოდა უარს!" დიახ, სწორედ ასეთია ხალხის წარმოდგენა ქართველ პოლიტიკოსებზე, რომ ისინი ფუფუნებისთვის მოდიან და არა ხალხის სამსახურისთვის. არადა, ამ ინიციატივის მიღება უპირველესად სწორედ ასეთი სტერეოტიპის დასანგრევად იყო საჭირო, მარტო ხარჯების შესამცირებლად კი არა. თუმცა, ხარჯები მცირე ნამდვილად არ არის. იმავე ელისაშვილის ინფორმაციით, საკრებულოს ემსახურება 38 მანქანა და მხოლოდ საწვავში წელიწადში 432.000 ლარი იხარჯება.

რეალურად, თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, მანქანას, ძირითადად, სამსახურში მისასვლელად და წასასვლელად მოიხმარენ, დანარჩენი საწვავი იხარჯება მათი ოჯახის წევრების, ახლობლების აგარაკზე, მაღაზიებში, ბაზრობასა და სხვა ადგილებში წასაყვანად. ჰოდა, იმის მაგივრად, რომ ამაზე ელაპარაკათ, ელისაშვილი პოპულიზმშAი დაადანაშაულეს და მის ნათქვამს გამოეკიდნენ, კოპენჰაგენის მერი ველოსიპედით დადისო, და ატეხეს ერთი ამბავი, ჩვენც ველოსიპედით ხომ არ ვივლითო! საკრებულოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ საერთოდ საოცრება თქვა: ღმერთმა ქნას, ისეთი იდეალური სახელმწიფო შეგვექმნას, მართლაც ველოსიპედით გვევლოსო, ანუ გაჭირვებულ სახელმწიფოში ჩინოვნიკებმა მანქანით უნდა იარონ და მდიდარსა და მშვიდში - ველოსიპედით? მოგწონთ ლოგიკა?! ის მაინც ეთქვა ამ კაცს, ჯერ ალეკომ გვაჩვენოს, როგორ ივლის ველოსიპედით სოლოლაკში და მერე ჩვენც მივბაძავთო. თუმცა, ბატონი ალიბეგაშვილის ველოსიპედზე გამოკიდებაც უკვე იყო ქართული პოლიტიკური დემაგოგიის ნიმუში, რადგან ალეკოს სულაც არ უთქვამს, საერთოდ უარი თქვით მანქანებზეო. თუ საქმეზე მოინდომებს წასვლას ვინმე, გამოვა ავტოფარეხიდან მანქანა და წაიყვანს, შინ კი წავა საკუთარი მანქანით. ასე ვეღარავინ გამოიყენებს სახელმწიფო ქონებას და საწვავს პირადი საქმეებისთვისო, მაგრამ არა! პიპიები უნდათ და რა ქნან?

დღეს კი რა ხდება? სწორედ იმის გამო, რომ მანქანები და სხვა შეღავათები საკრებულოში მხოლოდ თანამდებობის პირებს, ანუ კომისიების თავმჯდომარეებს, ფრაქციის თავმჯდომარეებს ეკუთვნის, სპეციალურად ზრდიან თანამდებობის რაოდენობას, რათა რაც შეიძლება მეტ დეპუტატს შეხვდეს პიპია, რადგან კანონით საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად სამი დეპუტატიც საკმარისია. ელისაშვილისვე ინფორმაციით, წინა მოწვევის მსგავსად, ""ქართული ოცნება"" აპირებს 12 ფრაქციის, ხოლო ""ნაციონალური მოძრაობა"" 2 ფრაქციის შექმნას, არადა, წესით, ერთი პოლიტიკური გუნდი ერთ ფრაქციას უნდა ქმნიდეს, მაგრამ მერე პიპიები?

ტრაგედია და უსინდისობა

ეროსი კიწმარიშვილის დაღუპვა ტრაგედიაა, მაგრამ რაც ამ დღეებში ხდება ამ ტრაგედიის ირგვლივ, იმას საუკეთესო შემთხვევაში უსინდისობა შეიძლება ეწოდოს! ყველაზე დიდი უსინდისობა, რაც ამ დღეებში ვნახე, ეროსი კიწმარიშვილის დაღუპვით ზოგიერთი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური სპეკულაციაა. არადა, ეს ის ძალაა, რომელიც თავის დროზე სხვებს უკიჟინებდა, ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ნუ იყენებთო! დღეს კი თავადაც და მათი მხარდამჭერებიც იმავეს სიამოვნებით აკეთებენ. მართალია, ყოველი მეორე სიტყვის შემდეგ გაიძახიან, არაფერს ვამტკიცებთო, მაგრამ ამავე დროს საზოგადოებას განსახილველად მხოლოდ ერთ ვერსიას სთავაზობენ. ამ ვერსიის თანახმად, ეროსი ხელს ივანიშვილს უშლიდა "რუსთავი 2"-ის დღევანდელი მეპატრონეებისთვის წართმევაში...

ეროსის გვამი გაცივებული არ იყო, რომ "მკვლელი" იპოვეს, პლუს პროკურატურის გადაწყვეტილება, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრულიყო, მერაბიშვილის საქციელს გაუთანაბრეს, როდესაც მან ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში უკვე უბედური შემთხვევის ვერსია შემოგვთავაზა. ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან გათანაბრება  სისულელეა, იმიტომ, რომ მინისტრის მიერ განცხადებების გაკეთება სულ სხვა მოვლენაა, რადგან გამოძიების თავდაპირველი კვალიფიკაცია ყოველთვის იცვლება - სამ ვერსიაზე თუ მუშაობს გამოძიება, სამი მუხლით ვერ აღძრავს საქმეს, ამ სამი ვერსიიდან ერთი უნდა აირჩიოს და მერე რომელიც უფრო რეალური იქნება, იმად გადააკვალიფიციროს და ა.შ.

კიდევ ერთი სისულელე: კიწმარიშვილის დაღუპვის გამო ვიშვიში, რომ თურმე 90-იანი წლები დაბრუნდა. უკაცრავად, მაგრამ ხომ არ გახსოვთ, ასევე თბილისის ცენტრში დღისით-მზისით გურამ შარაძე რომელ ეპოქაში მოკლეს?

ამიტომ ამ ადამიანებს მინდა მოვუწოდო: ნუ დაემსგავსებით იმათ, ვისაც აკრიტიკებდით. დაელოდეთ გამოძიების შედეგს და თუ არადამაჯერებელი იქნება, მერე შეიტანეთ მასში ეჭვი!
გიორგი
03 აგვისტო 2014 01:23
გადაიყოლებს ოცნებას ეს პრემიები და მანქანები არადა მართლა რა გახდა საკუთარი ავტომობოლების ყიდვა?? საკუთარ მანქანებზე პრემიებზე უარის თქმა ქართველ ამომრჩეველზე ძალიან დადებითად მოქმედებს რა ვერ შეიგო ეს ჩვენმა პოლიტ ელიტამ?? ან იქნებ სულ არ აინტერესებთ ხალხის აზრი? ოთხი წელი თბილი სკამი გარანტირებული აქვთ...
gia
26 ივლისი 2014 13:50
ისეთი კანონები მიიღეს, 750 ლ ხელფასზე დევნილის შემწეობა მომეხსნა! თვითონ კი ჯიპები, მივლინებები, რესტორნები და ათასი დოზანა უფასოდ, ჩვენს ხარჯზე! სადაა ღმერთი, თორემ რა უნდათ ამ ქაჯებს ელიტაში?!


გია
gavazeli
25 ივლისი 2014 18:46
ისე მართლა ჯიპის ხამი როგორაა ყველა პოლიტიკოსი? თქვე შობელძაღლებო, ასე თუ გინდათ ჯიპი, იმხელა ხელფას-პრემიები გაქვთ, საკუთარი ფულითაც კარგად იყიდით.
ფუ თქვენი გაუმაძღარი დედა ვატირე!

რედაქტორის რჩევით