რატომ გაწირეს ჟვანია? - კვირის პალიტრა

რატომ გაწირეს ჟვანია?

"ოქტომბერში ახალი მინისტრთა კაბინეტი გვეყოლება!"

"ჟვანიამ ფაქტობრივად ელიტურ კორუფციაზე ისაუბრა"

"ხელისუფლებაში ვიღაცამ ორი კურდღლის მოკვლა გადაწყვიტა"

"თავის დროზე ჟვანიამ ბენდუქიძის საცეცები მოიცილა თავიდან, თავისი ორი მოადგილე - თამარ კოვზირიძე და ვახტანგ ლეჟავა გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა,რომ ბენდუქიძე თანამდებობაზე არ არის, ის არის "ეკონომიკური სასწაულის" მთავარი იდეოლოგი და ეკონომიკის ნგრევის მამამთავარი. სწორედ მისი ჩამოცილების შემდეგ შეექმნა პრობლემები ჟვანიას".

მთავრობიდან ასე ხმაურიანად არავინ წასულა, მაგრამ, ალბათ, ლაშა ჟვანიას მწვავე განცხადებებსაც ჰქონდა ერთი ბანალური მიზეზი, - აქამდე თანამდებობიდან ყველას ქებითა და მადლობით უშვებდნენ, ჟვანიას კი გილაურმა მუშაობა დაუწუნა და როგორც უვარგისი კადრი, ისე გაისტუმრა მთავრობიდან.

მოხსნილმა ჟვანიამ კარტი გახსნა, - პრემიერთან დაპირისპირებაზეც ილაპარაკა და იმის თქმაც არ დავიწყებია, გილაური ბენდუქიძის ჩრდილიდან ვერ გამოდისო. მაგრამ, როგორც ჩანს, ჟვანიას პრობლემა მხოლოდ გილაური და ბენდუქიძე არ ყოფილა. ტელეკომპანიებმა ჟვანიას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეუტიეს, როდესაც ოფისის გარემონტებისა და სამსახურის მანქანის შეძენისთვის გაღებული თანხები დაუთვალეს. ჟვანიამ შეტევის პირველ ტალღას გაუძლო, მაგრამ ტელეკომპანია "იმედში" ეკონომიკური განვითარების ექსმინისტრ გიორგი არველაძის მისვლისთანავე ერთ-ერთ ჟურნალისტს ჟვანიაზე კრიტიკული სიუჟეტის მომზადება დაევალა (ეს თავად ჟვანიამ განაცხადა და არც იმ ჟურნალისტის, ლელა წიკლაურის ვინაობის დასახელებას მორიდებია, რომელსაც გაუფრთხილებია, - შენზე შავი პიარის აგორებას აპირებენო). თუ აქამდე ხელისუფლებაში დაპირისპირების ამბავი ძნელად ჟონავდა სახელისუფლებო კულუარებიდან, ამჯერად პრეზიდენტის ყოფილმა პრესმდივანმა საჭიროდ ჩათვალა, გილაურსა და ჟვანიას შორის განხეთქილებაზე საზოგადოებას გაეგო. უკვე ჩანდა, რომ ერთ-ერთს მთავრობის დატოვება მოუწევდა. ეს რაუნდი გილაურმა მოიგო, მაგრამ როგორც ამბობენ, სექტემბრისთვის  მთავრობის საფუძვლიანად გადახალისება იგეგმება და პრემიერის სავარძელს გილაურიც გამოეთხოვება. სავარაუდოდ, კვლავ ფინანსთა მინისტრად მოგვევლინება.

თუ ჩვენს წყაროს დავუჯერებთ,  სექტემბრიდან საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. პრემიერის პოსტზე იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის დანიშვნას ვარაუდობენ. ამბობენ, რომ ადეიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყოყმანობს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ადეიშვილისთვის კიდევ ერთი მიზეზით შეიძლება იყოს ნაკლებსასურველი. ეს პოსტი მეტ საჯაროობას ითხოვს, ადეიშვილისთვის კი გაცილებით კომფორტული "დახურულ რეჟიმში" საქმიანობაა. გაპრემიერების შანსი შემცირებია გიგი უგულავასაც, რომლის ძლიერი მხარე სწორედ საჯარო პოლიტიკა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარია. თურმე მერაბიშვილ-ადეიშვილის გუნდს უგულავას საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი სამხილები ჰქონია და მასალა უკვე პრეზიდენტის მაგიდაზე დევს.

გილაური-ჟვანიას დაპირისპირებისა და ხელისუფლებაში მოსალოდნელი გადაჯგუფებების შესახებ ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრა:

- ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი  პრობლემა დააგროვა. ხელისუფლებას განტევების ვაცები სჭირდება და პირველი მერცხალი ლაშა ჟვანია აღმოჩნდა. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაიწყო მისი გათავისუფლებისათვის მზადება და ფინალი როგორიც იყო, ყველამ ვნახეთ.

ერთადერთი განმასხვავებელი ის იყო, რომ აქამდე ექსმინისტრები ან "პენსიაზე გადიოდნენ", ან ბიზნესსაქმიანობას იწყებდნენ, ან სხვა თანამდებობაზე გადადიოდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრემიერსა და მინისტრს შორის ურთიერთბრალდებებით აღსავსე საჯარო პოლემიკა გაიმართა.

- გილაურმა და ჟვანიამ ერთმანეთს არაერთი ბრალდება წაუყენეს.

- ჩემთვის არც ერთი მხარის არგუმენტები არ არის მისაღები. ვერ ვირწმუნებ გილაურის ნათქვამს, თითქოს ჟვანია ინვესტიციების  შემოსვლას აფერხებდა. თუ პრემიერს დავუჯერებთ,    "ბლოკჯორჯიასა" და "ენერგოპროს" კოლოსალური ინვესტიციების შემოტანა ნდომებიათ და იმის გამო, რომ ჟვანიამ რომელიღაც ტექნიკური საკითხი ვერ მოაგვარა, საქმე შეფერხებულა. ასეთი შეფასება შორს არის ობიექტური რეალობისაგან. "ენერგოპროს" საქმიანობა დიდი ხანია ვიცით. სადისტრიბუციო კომპანიების ტენდერში მან 307 მილიონი დაასახელა, მაგრამ მერე ეს თანხა 132 მილიონამდე ჩამოვიდა. თითქმის 200 მილიონი "გზაში" აორთქლდა, გაქრა პრივატიზაციის დროს. რატომ გადაიხადა ამ კომპანიამ სატენდერო ვალდებულებაზე 200 მილიონით ნაკლები?

რადგან შეპირებული ინვესტიციები არ შემოდის, აღებული ვალდებულებები არ სრულდება და ყბადაღებული 100 საავადმყოფოს საკითხიც ჩავარდა, ყველაფერი ეს ვიღაცას ხომ უნდა დაჰბრალებოდა? ხელისუფლებაში ვიღაცამ ორი კურდღლის მოკვლა გადაწყვიტა და ხელი ჟვანიას შეახოცეს. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი ისტორია. ვიღაცამ მოინდომა, ცოდვები ჩამოეწერა და თურმე ჟვანიას ბრალი ყოფილა, რომ საქართველოში ფული არ შემოაქვთ ინვესტორებს. სხვათა შორის, "ენერგოპროსა" და "ბლოკჯორჯიას" კუდები ჩეხეთში მიდის. გასარკვევია, რა ძალები დგანან ამ კომპანიების უკან. ""ენერგოპროს"" საიტზე ვერ ნახავთ ცოცხალი კაცის გვარს. ერთხანს ლაპარაკი იყო რუსულ კვალზეც. როგორც ჩანს, ამ თემების აქტუალიზაცია საჭირო გახდება.

- რატომ გაიწირა მაინცდამაინც ჟვანია?

- თავის დროზე ჟვანიამ ბენდუქიძის საცეცები მოიცილა თავიდან, თავისი ორი მოადგილე - თამარ კოვზირიძე და ვახტანგ ლეჟავა გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა, რომ ბენდუქიძე თანამდებობაზე არ არის, ის არის "ეკონომიკური სასწაულის" მთავარი იდეოლოგი და ეკონომიკის ნგრევის მამამთავარი. სწორედ მისი ჩამოცილების შემდეგ შეექმნა პრობლემები ჟვანიას.

მსხვერპლშეწირვა უკვე დაიწყო. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ ბარტყის გადმომგდები ხვალ თავად იქცეს განტევების ვაცად. შესაძლოა, ჟვანია ერთი თვის განმავლობაში გამოდგეს ამ როლზე, მომავალში ისევ საჭირო იქნება საკადრო კარუსელი.

ურთიერთბრალდებებისას ორივე მხარე სცოდავდა. ჟვანიაც სცოდავდა, რომ ამბობდა, არ მომწონს პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური პოლიტიკა და აღფრთოვანეული ვარ პრეზიდენტის კურსითო. ძალიან მიამიტი ვინმე თუ დაიჯერებს ამას. გასაგებია, რაც ამოძრავებდა ჟვანიას იმ წუთებში, - თანამდებობიდან წასვლა იოლი არ არის. ამასთან, ჟვანიამ იცის, რომ ხელისუფლებამ ძალიან მწარედ იცის დასჯა. ამიტომ მისი განცხადება ერთგვარად კოჭის გაგორებასაც ჰგავდა. ვიღაც რომ გააბრაზოს, იცის, რით შეიძლება ეს დამთავრდეს. ამიტომაც გააკრიტიკა ეკონომიკური პოლიტიკა და სრული პოლიტიკური ლოიალურობა გამოუცხადა სააკაშვილს.

- ჟვანიამ 100 საავადმყოფოს პროექტის ჩაშლის მიზეზად ხელისუფლებაში მყოფი პირების მერკანტილური ინტერესები დაასახელა.

- ეს საყურადღებო არგუმენტია და თუ ამ თემაზე ვრცლად ილაპარაკებს, უკეთესი იქნება. ეს იყო მინიშნება ელიტურ კორუფციაზე, სხვადასხვა სფეროში კორპორატიულ-ოლიგარქიული ინტერესების გატარებაზე. ამ საკითხზე ჟვანიას კრიტიკა ობიექტური იყო, მაგრამ მაინც პასუხს აგებს იმის გამო, რაც ხელისუფლებაში ხდება. თუკი მთავრობის წევრებისაგან განსხვავებული აზრი ჰქონდა, მთავრობაში არ უნდა მისულიყო ან კიდევ დროზე წამოსულიყო.

სახელმწიფოსთვის ამ საკადრო ცვლილებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. როდესაც კარუსელის მექანიზმი ან სისტემა მოშლილია, კარუსელის სკამზე ვინ როდის დაჯდება, რა მნიშვნელობა აქვს? გარდაუვალია საკადრო ცვლილებები. მხოლოდ ჟვანიას ვერ მიაწერენ ყველა პრობლემას. ამ გზაზე უფრო მაღლა მოუწევს ხელისუფლებას წასვლა.

მხოლოდ მინისტრების ცვლილებებს არ დასჯერდებიან. როგორც ჩანს, მთელი მინისტრთა კაბინეტი შეიცვლება. ახალი კაბინეტის ფორმირება სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბერში დასრულდება.

- აქამდე თუ მადლობებით აცილებდნენ მოხსნილ მინისტრებს, რატომ გააკრიტიკეს ჟვანია?

- როდესაც კაცი ქება-დიდებითა და საკუთარი განცხადებით მიდის, მისგან განტევების ვაცი არ გამოვა. ხელისუფლებას ახლა სჭირდება, რომ პრობლემების ჩამოწერა მხოლოდ განტევების ვაცის ხარჯზე მოხდეს. ეს პროცესი უფრო გამწვავდება. გარდა ამისა, ხელისუფლებას მედიასაშუალებებში ახალი ინფორმაცია, პიარი სჭირდება, ხომ უნდა გვაჩვენოს, რომ მოქმედებს?

"იმედი", "რუსთავი 2" და პირველი არხი ერთიანი პროპაგანდისტული მანქანის შემადგენელი ნაწილებია, ნებისმიერ სიუჟეტში პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. როდესაც პირველი სიუჟეტი გამოჩნდა ჟვანიაზე, ჩანდა, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა, რომლითაც რაღაც მზადდებოდა.

არ გამოვრიცხავ, რომ ჟვანიას გიორგი არველაძესთანაც ჰქონდეს დაპირისპირება და ამის გამოც გავიდა "იმედში" მამხილებელი სიუჟეტი. ყველამ იცის, რომ  ჟვანიას ადგილზე ანგელოზიც რომ დანიშნონ, არაფერი შეიცვლება. ამ ხელისუფლებაში პიროვნული ფაქტორი არაფერს ნიშნავს, რადგან სისტემა ხორცსაკეპი მანქანის პრინციპით მუშაობს, ნებისმიერს გადაამუშავებს და ერთიანი "ფარშის" ნაწილად აქცევს.

- ბენდუქიძე ძალიან გაამხიარულა ჟვანიას მოხსნამ.

- კი, ბევრი იცინა... მისი რეაქცია არ არის ადეკვატური. სოლიდური კაცი ასე არ მოიქცევა. ბენდუქიძე ქარიზმატულ, ბუნჩულა ბიძიას როლს თამაშობს, სინამდვილეში კი ცხვრის ტყავში გახვეული ისეთი მგელია, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა მიწასთან გაასწორა.

- უცნაური იყო ლაშა ჟვანიას მიმართვა ჟურნალისტისადმი, რომელსაც, მისი თქმით, უარყოფითი სიუჟეტის მომზადება დაავალეს.

- არა მგონია, ჟვანიას ეს შეუგნებლად გაეკეთებინა. ის ყოფილი დიპლომატია და ღიმილით ნათქვამით ძალზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ჟურნალისტი. ეს იყო წმინდა დიპლომატიური კვანტის გამოკვრა. როგორც ჩანს, ჟვანია ცუდი დიპლომატი არ არის და რა უნდოდა ეკონომიკაში, როდესაც დიპლომატიაში შეეძლო თავისი შესაძლებლობების უკეთესად გამოვლენა.