დიდი ხელოვანი - კვირის პალიტრა

დიდი ხელოვანი

ის  ნამდვილი ხელოვანია. მასში შემოქმედის სული ბუდობს და ეს უდავოა. ავიღოთ თუნდაც მისი გამოსვლები. არც ერთი ეს გამოსვლა არ არის ჩვეულებრივი. ყველა გამოსვლა პერფომანსია. მისი გამოსვლები - ეს გახლავთ დასრულებული წარმოდგენები სიუჟეტის განვითარების ყველა საფეხურით: კომპოზიციით, კვანძის შეკვრით, მოქმედების განვითარებით, კულმინაციით და კვანძის გახსნით.

შინაარსზე არანაკლები ოსტატობით ზრუნავს ფორმაზე. ყოველი მისი გამოსვლისას საგანგებოდააა შერჩეული  დეკორაცია. ეს შეიძლება იყოს მშენებლობა, ტბის სანაპირო, ტრაქტორების კოლონა... გააჩნია, რას ეძღვნება გამოსვლა! თითოეული დეტალი ბოლომდე გათვლილია. თუ საჭიროება მოითხოვს, წარმოთქმულ სიტყვას დემონსტრირებაც შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, ტრაქტორის დაქოქვა, "მერსედესის" კაბრიოლეტით, ან "ფორმულა 3"-ის მანქანით გასეირნება. რაც მთავარია, ყველა მისი პერფომანსი დატვირთულია ღრმა სიმბოლოებით. სიმბოლოთა ზუსტი და მოულოდნელი შერჩევა - ეს შემოქმედის მთავარი ღირსებაა! ყველაზე საინტერესო და დიდი დატვირთვის მქონე სიმბოლო მის შემოქმედებაში უდავოდ ვარდია. შოთა რუსთაველის შემდეგ არც ერთი ქართველი ხელოვანის შემოქმედებაში ვარდის სიმბოლო ამგვარი სიძლიერით არ წარმოჩენილა.

რაც მთავარია, მან ვარდს შესძინა აქამდე უცნობი და მიუწვდომელი დატვირთვა... თუმცა ვარდი კიდევ გასაგებია, მაგრამ მას შეუძლია უდიდეს სიმბოლოებად აქციოს ჩვეულებრივი ნივთები. მაგალითად, ისეთი პროზაული საგანი, როგორიც მესაზღვრის დაჟანგული პროჟექტორია. თუმცა ეს უკვე თანამედროვე, პოსტმოდერნისტული ტენდენციებისადმი გაღებული ხარკია. ბუნებრივია, ის როგორც ჭეშმარიტი ხელოვანი, დროს ვერ ჩამორჩება. პირიქით, დროს უნდა გაუსწროს და სწორედ ამ სურვილს გამოხატავს მის შემოქმედებაში სარბოლო მანქანის გამოჩენა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, - მისგან, როგორც ჭეშმარიტი ხელოვანისგან, ისეთი ენერგია მოდის, მაყურებელს შთაბეჭდილება ექმნება, რომ მას შეუძლია დროს ტრაქტორითაც კი გაუსწროს!

და მერე როგორი მთხრობელია! მას შეუძლია სულ უბრალო ამბავიც კი ისე მოჰყვეს, რომ მსმენელს თვალზე ცრემლი მოადინოს, მასში უდიდესი ემოცია ჩადოს, განიცადოს და შენც განგაცდევინოს. რაც მთავარია, მას ყველა შემთხვევისთვის აქვს გადანახული ერთი კარგი ამბავი. ისინი არ თავდება. როცა გგონია, რომ მორჩა, მისი ფანტაზია ამოიწურა, განა კიდევ რა უნდა მოიფიქროსო, ნურას უკაცრავად! აი, თუნდაც მაკკეინთან დაკავშირებული შემთხვევა და რუსი გენერლის მიერ გაყიდული ამერიკელი მფრინავის პისტოლეტის ამბავი ავიღოთ.

რა მნიშვნელობა აქვს, მართლა მოხდა ასეთი ფაქტი თუ - არა. ჭეშმარიტ ხელოვანს შეუძლია, როგორც ნამდვილი ამბისგან შექმნას ლიტერატურული შედევრი, ისე მოგონილისგან და ამას სულაც არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამიტომაც ნუ ჩავეძიებით. მთავარია, რომ სიუჟეტი ისეთი ჩახლართული და მექსიკური ტელესერიალივით გულისამაჩუყებელი გამოვიდა, რომ მეორე დღეს მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობდა. როგორია, ვიეტნამში ტყვედ ჩავარდნილ ამერიკელ მფრინავს, მაკკეინს პისტოლეტს უბრუნებ ამდენი წლის შემდეგ, თანაც რუსისგან წამოღებულს! აფერუმ თქვენს ნიჭს, ბატონო მიხეილ. ვფიქრობ, დროა თქვენი შემოქმედება უფრო ღრმა შესწავლის საგანი გახდეს. დაიწეროს ნაშრომი თემაზე: "გმირები მიხეილ სააკაშვილის შემოქმედებაში. მაგალითად: ნეკრასოვი და მაკკეინი", ან "მოღალატეთა სახეები სააკაშვილის შემოქმედებაში" (აქ არჩევანი ისეთი დიდია, დაკონკრეტებას მოვერიდები). მოკლედ, ხელოვნებათმცოდნეებო, დაირაზმეთ, თქვენ წინაშე აუთვისებელი საბადოა!

მოგონება მიხეილ სააკაშვილზე

თუ მიშას აქვს ყველა შემთხვევისთვის გადანახული ამბავი, მეც მოგიყვებით არანაკლებ საინტერესო შემთხვევის შესახებ, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. ეს ამბავი ჯერ კიდევ რევოლუციამდე მოხდა, უფრო სწორად მაშინ, როდესაც სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მაშინ ერთ-ერთ გაზეთში ვმუშაობდი და სწორედ საკრებულოში ვიყავი აკრედიტებული. ერთ დღესაც საკრებულოს კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან მეტრეველს (დღეს ის საქართველოს ელჩია რუმინეთში) ლობირებს. მეც პრესკონფერენციაზე ხელიდან შანსი არ გავუშვი და ბატონ მიხეილს ვკითხე, - მართალია თუ არა, რომ საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარედ ლევან მეტრეველის წარდგენას აპირებთ-მეთქი. სააკაშვილმა მოულოდნელი პასუხი გამცა, - უმალ საკუთარ ჰალსტუხს შევჭამ, ვიდრე მეტრეველი მაგ თანამდებობაზე დაინიშნებაო. მაშინ ძალიან დავიბენი, ვიფიქრე ან ჰალსტუხი რა შუაშია, ან ეს აქსესუარი კაცმა როგორ უნდა შეჭამოს-მეთქი... ერთადერთი რაც მოვახერხე, ვიხუმრე, - რატომ, ბატონი ლევანის გვარი არ მოგწონთ-მეთქი?

რაფიკა

კიდევ ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ჩემი ერთი ნათესავი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (ძველი "გეპეის") პროფესორია. ჰოდა, ერთ დღეს სტუდენტები მშენებლობაზე წაიყვანა. სურდა ადგილზე წაეკითხა მათთვის ლექცია ბეტონის კონსტრუქციების შესახებ. ეს ჩემი ნათესავი გაქაფული უხსნის სტუდენტებს ბეტონის კონსტრუქციებს, მაგრამ ხედავს, რომ უმეტესობას ვერაფერს აგებინებს. ზოგი ცაში იყურება, ზოგი ღლაბუცობს დ ა. შ. გაბრაზდა ლექტორი, მიატრიალა მთელი ჯგუფი მშენებლობის გვერდით არსებული მანქანების პროფილაქტორიუმისკენ და ეუბნება: "ამ პროფილაქტორიუმში ჩემი ძველი ნაცნობი რაფიკა მუშაობს, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო "რაზვალშჩიკია". დღეში სუფთა მოგება 100-დან 200 ლარამდე რჩება, თვეში მისი შემოსავალი სამი ათას ლარს აჭარბებს. მე კიდევ პროფესორი კაცი ვარ, მაგრამ ჩემი  ხელფასი 700 ლარს ძლივს აღწევს. აგერ "მიცუბიშის" ჯიპს ხომ ხედავთ? რაფიკასია, სახლში "ბე-ემ-ვე" უყენია.

მანქანას სეზონის მიხედვით იცვლის. მე კიდევ 93 წლის "ოპელ ვექტრათი" დავდივარ. თქვე კაი ხალხო, თუ სწავლა არ გინდათ, წადით, რამე ხელობას დაეუფლეთ, ან თავს რად იწამებთ, ან მე რას მერჩით". ეს ამბავი სააკაშვილის მიერ განათლების რეფორმის ახალი ტალღის გამოცხადებამ გამახსენა. ძველი რეფორმიდან ერთადერთი, რაც პრეზიდენტმა მოიწონა, ეროვნული გამოცდები იყო. მართალია, ეროვნული გამოცდების შემოღებით ამ სფეროში კორუფცია აღმოიფხვრა, მაგრამ ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი მაგალითი ცხადყოფს, რომ სტუდენტების მომზადების დონე თუ არ დაცემულა, არც გაზრდილა. არ შეცვლილა უმაღლეს სასწავლებლებში ყველას აუცილებლად მოწყობის ტრადიციაც. და რაც მთავარია: სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე წლისთავზე ისევ შეუძლია "რაზვალშჩიკ" რაფიკას თავისი ჯიპიდან გადმოხედოს, საუკეთესო შემთხვევაში, "ოპელ ვექტრაში" ჩაყუჟულ პროფესორს. ამიტომ ცხადია, რაღაც ისევ შესაცვლელია, მაგრამ რა? პრეზიდენტმა გამოსავალი მარტივად, გამოცდების რიცხვის გაზრდაში მონახა.