ზაალ კასრელიშვილი: "ქართველი დამკვირვებლები უკრაინაში ტიმოშენკოს მხარდასაჭერად ჩადიოდნენ" - კვირის პალიტრა

ზაალ კასრელიშვილი: "ქართველი დამკვირვებლები უკრაინაში ტიმოშენკოს მხარდასაჭერად ჩადიოდნენ"

უკრაინასა და საქართველოს ყოველთვის ერთ პოლიტიკურ ჭრილში მოიხსენიებდნენ, როდესაც საქმე ნატოში გაწევრებას ან დასავლელ პარტნიორებთან  ურთიერთობას ეხებოდა. აქედან გამომდინარე, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი ახალი გეოპოლიტიკური ვითარების გასაცნობიერებლად მინიშნებებს უკვე იძლევა. პოლიტიკური პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი პოსტსაბჭოურ სივრცეში, ამის თაობაზე "კვირის პალიტრას" კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ესაუბრა. მასთან ინტერვიუ მაშინ ჩავწერეთ, როცა უკრაინის ახალი პრეზიდენტის ბედი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ბატონ  ზაალს  ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვებაში ეჭვი  არ შეუტანია. - პროგნოზის გაკეთება უმადური საქმეა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, გაიმარჯვებს მემარცხენე ცენტრისტული ძალა ვიქტორ  იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით, იუშჩენკოს ან მისი გუნდის რომელიმე წევრს კი პრემიერმინისტრობის შანსი აქვთ. იანუკოვიჩი იუშჩენკოს თავად შესთავაზებს ამ პოსტს.

- რატომ ხართ ასე დარწმუნებული?

- იუშჩენკო პრემიერ-მინისტრის პოსტზე უფრო პროდუქტიული იყო, კარგად  საქმიანობდა. ის კუჩმას დროს (ვიდრე ოპოზიციაში გადავიდოდა) საკმაოდ კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. რაც შეეხება ტიმოშენკოს, ის ერთხელ იყო პრემიერ-მინისტრი და სხვათა შორის, არცთუ კარგი. ის მემარცხენე პოლიტიკოსია, მაგრამ რატომღაც მემარჯვენეობას იბრალებს, ცხოვრების წესით კი კორუმპირებულია და  კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი.

იცით, რომ უკრაინის პრეზიდენტს თავის დაქვემდებარებაში მხოლოდ უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროები აქვს? ერთად, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფრო მეტი უფლებები ექნებათ, ვიდრე პრეზიდენტს. ასე რომ, უკრაინის ხელისუფლებაში ძალთა ბალანსი დაცული იქნება. ერთი შეხედვით, კრემლისთვის მისაღები კანდიდატის - იანუკოვიჩის გამარჯვება ბევრს არაფერს ნიშნავს და უკრაინის არჩევნებში რუსეთის გამარჯვებად არავინ უნდა აღიქვას. ასე რომ, თუ  ქართველი ოპოზიციონერები ფიქრობენ, უკრაინაში რუსულმა პოლიტიკამ გაიმარჯვაო,  მინდა იმედი გავუცრუო.…

ჩვენი ქვეყნისაგან განსხვავებით, იქ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი პოლარიზაცია და რადიკალიზმი, რომ ერთი ნაწილი პრორუსული იყოს, მეორე - პროამერიკული, არ იგრძნობა. ქართველი პოლიტიკოსები კი სინამდვილეში პროამერიკელობითა და პრორუსულობით მხოლოდ პოზიციებს იმყარებენ და ქვეყანას რა სჭირდება, აღარავის ახსოვს. უკრაინაში განსხვავებული ვითარებაა. შესაძლოა, ამას ისიც განაპირობებს, რომ უკრაინა მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში, თუ არ ვცდები, პირველ სამეულშიც კი არის სამხედრო პოტენციალით. მას შეუძლია ტყვია-წამლის წარმოება და იარაღის ექსპორტიორია. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იცის, რომ ამ ქვეყანას ომს ფიზიკურად ვერ მოუგებს. უკრაინელი პოლიტიკოსები კი არასოდეს  მისცემენ თავს უფლებას, პირადი ამბიციების გამო უკრაინის სახელმწიფოებრიობა შეარყიონ.

იულია ტიმოშენკოსგან განსხვავებით, იანუკოვიჩმა კარგად იცის, რომ  რუსული კაპიტალი არ უნდა შეუშვას უკრაინაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსული კაპიტალი უკრაინულ ბიზნესს შეჭამს. გარდა ამისა, ის არ არის  სეპარატისტი, რამდენჯერმე შეეძლო ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე დაეყენებინა იუშჩენკოც და უკრაინაც, მაგრამ ეს  არ გააკეთა. მისი გამარჯვებით უკრაინა სწორებას ევროკავშირზე გააკეთებს. მალე დარწმუნდებით, რომ ამ ქვეყნის უახლოესი მიზანი ევროკავშირში გაწევრებაა. იანუკოვიჩი უკრაინაში "კარს გაუღებს" საერთაშორისო სამართალს, რომელსაც ევროკავშირის სტრუქტურები გააკონტროლებენ.

- დასავლელი ექსპერტები უკრაინასა და საქართველოს ნატოში შესვლის პერსპექტივას ერთ ჭრილში განიხილავდნენ. ახლა აქცენტი ევროკავშირზე გადავა?

- ცხადია, ამ ქვეყნების ნატოში შესვლა ერთ-ორ დღეში შეუძლებელია. ევროკავშირის ინტერესების შემოსვლა კი უკრაინაში, საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყანაშიც ძვრებს გამოიწვევს. როგორც ჩანს, ევროპაშიც და ამერიკაშიც ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებისთვის ევროკავშირთან დაახლოებაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს. უახლოეს სამ წელიწადში პროცესები ისე წარიმართება, რომ ევროპელი პოლიტიკოსების კატეგორიულობა ყველას გაგვაკვირვებს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, ჩემი აზრით, ევროპული პოლიტიკის რუსეთზე პირველი დარტყმაა. იცით, რომ ყბადაღებულ პროექტებში "ჩრდილოეთის ნაკადი და სამხრეთის ნაკადი" "გაზპრომს" საკონტროლო პაკეტები აღარა აქვს. ეს ორი კოზირი რუსეთს ნებით დაათმობინეს. როგორც ჩანს, სანაცვლოდ შემოსავლების სხვა ალტერნატიული წყაროები გაუჩინეს, მაგრამ, ფაქტია: ამით მას იარაღი აჰყარეს. ასე რომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში ავტოკრატიული რეჟიმები თანდათან "დემოკრატიულ მკურნალობას" დაემორჩილებიან.

- რატომ გახდა სკანდალის მიზეზი ქართველი დამკვირვებლების უკრაინაში ჩასვლა?

- ჩვენი ინფორმაციით, იუშჩენკოს  გუნდის წევრები დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ ქართველ დამკვირვებლებს მიზნად ჰქონდათ  ტიმოშენკოს  სასარგებლოდ მოქმედება. არ ვიცი, რას ეყრდნობოდა მათი არგუმენტები. როგორც შევიტყვე, მათ ცესკოს დახურულ სხდომაზე ამის დამადასტურებელი მასალები წარმოადგინეს, რის შემდეგაც არჩევნებში ქართველი დამკვირვებლების მონაწილეობის საკითხი დაიბლოკა. იცით ქართველების პრობლემა რა იყო? - მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს გაუაზრებლად აღუდგნენ წინ. გაუჭირდათ იმის გაცნობიერება, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მოდიოდა კაცი, რომელსაც არა მხოლოდ თავის ხალხში აქვს მაღალი რეიტინგი, არამედ ურთიერთობა აქვს რუსთანაც, ამერიკელებთანაც, ევროპელთანაც.…

-  თქვენი აზრით, უკავშირდებოდა თუ არა საქართველოში მაკ-კეინის ვიზიტი უკრაინაში დაგეგმილ არჩევნებს და ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებების მოლოდინს?

- არა მგონია. ძალიან კარგია, რომ მაკკეინის დონის პოლიტიკური მოღვაწეები ჩამოდიან  საქართველოში და ხანდახან კიდევ ახსენებენ ამ ქვეყნის არსებობას მსოფლიოს. ვფიქრობ, მაკკეინის ჩამოსვლა უფრო შიდამოხმარების პოლიტიკამ განაპირობა. საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობას დაანახა, რომ აშშ ისევ მხარს უჭერს. მაკკეინს კი, ორდენი, რომელიც საქართველოში ჩამოჰკიდეს,  როგორც ჩანს, სჭირდებოდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ 2010 წელს აშშ-ში კონგრესის არჩევნები უნდა გაიმართოს და რესპუბლიკელები უმრავლესობაში მოსვლას გეგმავენ. მათ ამისთვის ყველა - შიდა თუ გარე რესურსი უნდა გამოიყენონ. ნახავთ, როგორ გააპიარებენ რესპუბლიკელები მაკკეინის მიერ საქართველოს ეროვნული გმირის ორდენის მიღებას. იტყვიან, რომ საქართველო რუსეთისგან სრულ ოკუპაციას სწორედ რესპუბლიკელების ძალისხმევით გადაურჩა.…მაკ-კეინისთვის პისტოლეტის ჩუქებასაც იგივე დანიშნულება აქვს.

- ჩანს, უკრაინის არჩევნების შემდეგ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებებია მოსალოდნელი. როგორ აისახება ეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე?

- ვფიქრობ, უკრაინის არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანაშიც ახალი პოლიტიკური პროცესები დაიწყება. არსებული ძალები სხვაგვარად  გადანაწილდებიან ან სულაც ახალი პოლიტიკური   ორგანიზაციები გამოვლენ ასპარეზზე.