უცხოელი დამტუსაღებლები
28-07-2014
უცხოელი დამტუსაღებლები
მთავარი პროკურატურის მოწვევით საქართველოში მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტები, ყოფილი პროკურორები - სერ ჯეფრი ნაისი, მოშე ლადორი და პოლ კაფი ჩამოვიდნენ. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მოწვეული სპეციალისტებისგან დაკომპლექტდება კონსულტანტთა ჯგუფი, რათა მაქსიმალურად იქნეს გაზიარებული მათი გამოცდილება და რეკომენდაციები მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიებაში. მთავარი პროკურატურის ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობა" ხმაურით შეხვდა და უცხოელი სპეციალისტების ვიზიტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის დაწყებას დაუკავშირა.

მართლაც, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურას უკვე
აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რათა სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას. უცხოელი სპეციალისტები კი, ამ ვერსიის თანახმად, მტკიცებულებებს გააანალიზებენ და პარალელურად, ქართული მხარისთვის “სააკაშვილის საქმეში უცხოელების მონაწილეობა იქნება წინა პირობა, რომ დასავლეთში სავარაუდო პოლიტიკური დევნის თაობაზე ნაკლები აჟიოტაჟი ატყდეს.
სერ ჯეფრი ნაისი 1998-2006 წლებში იუგოსლავიის საერთაშორისო
სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე იყო და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის საქმეს.

მოშე ლადორი 2013 წლამდე ისრაელის სახელმწიფო პროკურორი გახლდათ. თანამდებობაზე ყოფნისას ის ზედამხედველობდა არაერთ პოლიტიკოსზე აღძრულ საქმეებს, რომელთა შორისაც იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ეჰუდ ოლმერტის საქმეც.

პოლ კაფი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორია. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ გაეროს ეგიდით აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმირებაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულების გამოძიებას.

ქართველი ექსპერტები ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ გამოცდილი უცხოელი ყოფილი პროკურორების ჩამოსვლა მთავარი პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტი შეიძლება აღმოჩნდეს.

ვენედი ბენიძე, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე: - ჩემი აზრით, ვიზიტი დადებით შედეგს მოგვცემს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ. უცხოელ ყოფილ პროკურორებს და ქართულ მხარეს შეუძლიათ ერთად გააანალიზონ მტკიცებულებები და საქართველოდან ობიექტური აზრი და ინფორმაცია გაიტანონ. რაც მთავარია - უცხოელი პროკურორები სიმართლეს ეტყვიან მსოფლიოს, ყველას დაარწმუნებენ მიღებული გადაწყვეტილების (სააკაშვილს შეეხება ეს თუ სხვა რომელიმე ყოფილ მაღალჩინოსანს) კანონიერებაში.

- "ნაციონალებმა" თავისებურად ახსნეს პროკურორების ვიზიტი, ვარაუდობენ, რომ მათი ჩამოსვლა ექსპრეზიდენტის დევნა-დაპატიმრებას ეხება.
- ოპოზიციას მათი ჩამოსვლა, წესით, უნდა აწყობდეს, ხომ მიაჩნიათ, რომ არაფერი ჩაუდენიათ? "ნაციონალებს" ახლა აქვთ შანსი, დაამტკიცონ სიმართლე, რატომ შეშფოთდნენ? თუმცა მათ ხომ უკეთ იციან, რაც ჩაიდინეს. "ნაციონალები" არიან მუტანტები, რომლებსაც არაფრის რცხვენიათ. კაცი, რომელმაც რამდენიმე ასეული მილიონი გაფლანგა (უგულავას ვგულისხმობ), ამბობს, დასაქმების პროგრამას ვამუშავებდიო. ან როგორ შეიძლება, პოლიტიკური პატიმარი უწოდო ვანო მერაბიშვილს? ერთი ეგ არის პოლიტპატიმარი და მეორე გებელსი იყო. რაც შეეხება სააკაშვილს - კეზერაშვილიც დააკავეს საფრანგეთში, მაგრამ გადმოგვცეს? ასევე მოხდება სხვების შემთხვევაშიც. მაგალითად, იგივე ადეიშვილი თუ არ მოიტაცე, ვინ გადმოგვცემს? ევროპა გეუბნება, რომ მის საქმეში პოლიტიკურ მოტივს ხედავს და ამიტომ არ რისკავს.

უცხოელი ყოფილი პროკურორების ჩამოყვანის მიზანი სწორედ ის არის, რომ ევროპასაც გავაგებინოთ, რომ სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვები არიან სისხლის სამართლის დამნაშავენი. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილს გაასამართლებენ, მიუსჯიან კიდეც, მაგრამ რა აზრი აქვს ამას, თუ განაჩენი რეალურად არ აღსრულდება?!
მოწვეული სპეციალისტები ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს დაეხმარებიან დასავლეთშAი იმ აზრის ფორმირებაში, ჩაიდინა თუ არა ამა თუ იმ პირმა დანაშაული.

კახა კახიშვილი, ექსპერტი: - საქართველოს პროკურატურას თუ რეალურად აინტერესებს სხვადასხვა ქვეყანაში პროკურატურის მიდგომა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე, გამოძიების ტაქტიკა, ბრალდების სტრატეგია და მტკიცებულებათა ბაზა, მაშინ, ვფიქრობ, ეს კარგი ინიციატივაა, ცოტა დაგვიანებულიც კი. უცხოელი ყოფილი პროკურორები ადრე რომ ჩამოეყვანათ, შესაძლოა, სხვადასხვა საქმეზე ნაკლები გამამართლებელი განაჩენები დამდგარიყო. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ მათ გამოცდილებას, სავარაუდოდ, პროკურატურა მათთან კონსულტაციას გაივლის ყოფილი თანამდებობის პირების იმ საქმეებზე, რომლებიც ჯერ არ წარმართულა სასამართლოში.

- "ნაციონალები" ვარაუდობენ, რომ უგულავას შემდეგ სამართალდამცველების სამიზნე სააკაშვილი იქნება და სწორედ ამ მისიით მოიწვია პროკურატურამ უცხოელი სპეციალისტები.
- სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ მყარ მტკიცებულებებს და ამან არავის არ უნდა აღუძრას ეჭვი მის ბრალეულობაზე. სააკაშვილი დღეს მშვიდობის მტრედივით დაფრინავს და ლექციებს კითხულობს დემოკრატიაზე. საერთაშორისო თანამეგობრობა სიმპათიით შეჰყურებს და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ერთადერთი, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობა სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს შეიძლება გაგებით მოეკიდოს, იმ კატეგორიის საქმეები იქნება, რომლებიც მოიცავს ადამიანის წამებასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

მილიონების მითვისების თუ გაფლანგვის გამო საერთაშორისო თანამეგობრობა სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ვერ გაიგებს. ევროპა რამაც შეიძლება აღაშფოთოს, ეს არის წამებისა და მკვლელობის საქმეები და სააკაშვილის შემთხვევაში სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს პროკურატურამ.

მარკ მალენი, ბლოგერი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი:

- მთავრობამ მაღალი რანგის უცხოელი პროკურორები მოიწვია. მშვენიერი იდეაა და ამას თვითონაც ხმამაღლა აცხადებენ, რაც იმას ნიშნავს რომ გათვითცნობიერებული აქვთ თუ რა სავალალო დღეშია საქართველოს მთელი საგამოძიებო სისტემა. შევარდნაძისა და მიშას დროს პროკურორის როლი მდგომარეობდა იმაში, ეთქვა მოსამართლისთვის თუ რა იყო გასაკეთებელი. ახლა კი, როცა მართლმსაჯულება რეალური ამოცანების წინაშე დგას, როდესაც პროკურორებს რეალურად უწევთ მტკიცებულებების მოპოვება და საქმისწარმოება, მათ საამისო გამოცდილება არ ყოფნით, შესაბამისად, ეფექტურობით ვერ დაიკვეხნიან. მთავარი კითხვა მაინც იმაში მდგომარეობს, თუ რისთვის ჩამოვიდნენ უცხოელი ექსპერტები. იმისთვის, რომ ქართველ პროკურორებს ასწავლონ - როგორ გამოიძიონ საქმე? თუ იმისთვის, რომ მოხდეს წინა ხელისუფლების წევრების საგამოძიებო პროცესების ლეგიტიმიზაცია? ამის დასადგენად კარგი გზაა იმაზე დაკვირვება, თუ რამდენად კონტროლირებადი არიან ისინი მთავრობისაგან - იზოლაციაში არიან თუ აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ არასამთავრობოებსა და თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" დაკავებულ ლიდერებს?

ნანა ფიცხელაური
wiwila
03 აგვისტო 2014 23:43
მიშას დამჭერი არავინაა მგონი და ეგ ყულფი აქაურების თავზე არ მოტრიალდეს იქნებოდეს იქნებოდეს იქნება..
იფიქრეთ ამაზე სანამ დროა
natali
29 ივლისი 2014 11:05
დროა რომ დამნაშავეებს მარტლაც პროფესიონალი პროკურორები უნდა წარუდგენდნენ ბრალს და დამნაშავეს რომ დაიჯერენ მისი ბრალეულობაც უნდა დაადასტურონ და არა ისე როგორც ნაცების დროს უვიცი პროკურორები დასინებით და მუქარიტ აიძულებდნენ ბიზნესმენებს დანასაული ეღიარებინათ და ასე ბიზნესები დაეთმოთ. ასევე მივესალმები იმ საკითხს რომ იმედის არხის დარბევის გამოზიება დაიწყო
და უმორცილესად ვთხოვ ხელისუფლებას ის დამნაშავე პროკურორებიც უნდა დაისაჯონ ასეთ რამეზე ხელს რომ აწერდნენ.
რომ არა ასეთი უპრინციპო და დამნასავე პროკურორები სააკაშვილის მთავრობა იმის ნახევარს ვერ გაბედავდა, ამათი ხელით კეთდებოდა ყველა ბინზური საქმე და სატანადოდ დიდი შემოსავალი ქონდათ და დაუსჯელობის სინდრომი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები