მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

რატომ არ მომწონს ახალი მინისტრთა კაბინეტი

მაშ, ასე, ახალმა ხელისუფლებამ პირველი მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები შემოგვთავაზა. დიდი ხანია ამაზე საუბრობდნენ, მაგრამ ვინ მოვიდა ყოფილი მინისტრების მაგივრად? უმეტესობა, ფაქტობრივად, უცნობი ხალხია.  არ მიყვარს, როდესაც მინისტრებად ისეთ ხალხს ნიშნავენ, ვისი სახელი და გვარიც არავის არაფერს ეუბნება.  ზოგი ამბობს, ახალი სახეები ხომ გინდათ, ჰოდა, აგერ, ისინიცო. ახალი სახეები კარგია, მაგრამ რატომ არის აუცილებელი, ახალმა სახეებმა პოლიტიკური მოღვაწეობა პირდაპირ მინისტრობიდან დაიწყონ? მერე რა, თუ ზოგი მანამდე მოადგილე იყო? მინისტრის პოსტი პოლიტიკური თანამდებობაა და ჩემი ღრმა რწმენით, ამ თანამდებობაზე პოლიტიკური ფიგურები უნდა ინიშნებოდნენ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

პოლიტიკურ ფიგურას დასაკარგი მეტი აქვს. როდესაც, მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრად მოგყავს ამ დარგის რომელიმე სპეციალისტი, თუ ვერ გაამართლებს, რას კარგავს? დაუბრუნდება ისევ თავის პროფესიას. აი, პოლიტიკოსი კი, თუ ვერ გაამართლებს, ყველაფერს კარგავს, არჩევნებზე ხმას ვინღა მისცემს? ხალხი ეტყვის, ერთ სამინისტროს ვერ წარუძეხი, ხმა რატომ უნდა მოგცეთო. პოლიტიკოსი ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული, უცნობი ვითომ სპეციალისტები კი მხოლოდ მისი დამნიშვნელის წინაშე. ამიტომაც განაცხადა მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ჩემი მთავარი მიზანი პრემიერ-მინისტრის ნდობის გამართლება იქნებაო. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვიცოდეთ, ესა თუ ის პოლიტიკოსი რაიმეს მაქნისია თუ არა? თუ მარტო ლამაზად ლაპარაკი შეუძლია და საქმის კეთება - არა, ესეც უნდა ვიცოდეთ და აღარ ავირჩევთ.

მთავრობას, როგორც კოლეგიალურ ორგანოს, ხშირად პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაც უნდა შეეძლოს. მაგალითად, როდესაც ისრაელი ეგვიპტესთან ომის ზღვარზე იყო, დაეწყოთ თუ არა ომი, გადაწყვეტილება სწორედ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე კენჭისყრით მიიღეს. კულტურის, განათლების, ეკონომიკის თუ სხვა მინისტრებმა მიიღეს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან ისინი პოლიტიკური ფიგურები იყვნენ. ჩვენთან ამისთვის უშიშროების საბჭო არსებობს, მაგრამ იმ უშიშროების საბჭოშიც ხომ მთავრობის ნაწილი შედის?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახალი მინისტრები თუნდაც პროფესიული ნიშნით შეირჩნენ? სოფლის მეურნეობის მინისტრად იურისტი დაინიშნა, კულტურის მინისტრად - ეკონომისტი, რომელსაც ჯაზ-ფესტივალების მოწყობის გამოცდილება აქვს, გარემოს დაცვის მინისტრად კიდევ - ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი. ჰოდა, თუ პროფესიული ნიშნით არ ნიშნავ, მაშინ პოლიტიკური ფიგურა მაინც დანიშნე თუნდაც ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო. მესმის, რომ პოლიტიკური ფიგურების კონტროლი უფრო ძნელია, სამაგიეროდ, ისინი ანგარიშვალდებული არიან ხალხის და არა მათი დამნიშვნელის წინაშე. ჩვენს მთავრობაში ნაწილი პოლიტიკური ფიგურაა, ნაწილი კი ჯერ არ ვიცით, ვინ. საქმე გამოაჩენსო. კი ბატონო, დაველოდოთ!

არ ჰყოფნით

თითქოს მთავრობაში პრემიების უსინდისოდ დარიგების საკითხი მოგვარდა, რომ ახლა ადგილობრივ ხელისუფლებებში აიშვეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" აჭარის მონაცემები გამოაქვეყნა. ყველაზე საინტერესო მაინც აჭარის უმაღლესი საბჭოს ამბავია. იმ ფულს, რაც ხელფასის ზევით აიღეს, პრემია კი არა, კომპენსაცია დაარქვეს. ხუთ თვეში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს 13.750 ლარი აქვს აღებული. ამაზე ცოტა მეტია მისი ხუთი თვის ხელფასი. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძემ  კომპენსაციად ხუთ თვეში ზუსტად იმდენი აიღო, რამდენიც მისი ხელფასია - 11.750 ლარი. მოკლედ, ორჯერ 11.750 ლარი გამოუვიდა. რას ნიშნავს "უმაღლესი საბჭოს წევრობის კომპენსაცია"? უმაღლესი საბჭოს წევრობა ჯანმრთელობისთვის მავნე საქმიანობაა?

კანონით კომპენსაცია ორ შემთხვევაში გაიცემა: თუ პირი სამსახურიდან გაუშვეს და თუ გარდაიცვალა. აჭარის უმაღლეს საბჭოში გადაწყვიტეს, რომ სიტყვა "პრემია" ძალიან ყვირის და "კომპენსაცია" დაარქვეს, მაგრამ რაღაცაზე ხომ უნდა იფიქრო? ის რომ წაიკითხეთ კანონში, პრემიის გარდა, კომპენსაციაც არსებობსო, ისიც წაგეკითხათ, რა შემთხვევაში გაიცემა კომპენსაცია. მოკლედ, რადგან შეგონებით  არაფერი გამოვიდა, დეპუტატმა თინა ხიდაშელმა გადაწყვიტა, რომ პრემიების გაცემა კანონით უნდა დარეგულირდეს და არჩეულ თანამდებობის პირებს აეკრძალოთ პრემიების აღება. ვნახოთ, თინას ინიციატივას პარლამენტი მხარს თუ დაუჭერს, თუმცა, ვიდრე ეს საკითხი გავა, მანამდე ზოგიერთმა დეპუტატმა გადაწყვიტა, რადგან პრემიები აგვეკრძალება, მოდი, ხელფასების გაზრდაზე ვიზრუნოთო და პარლამენტის სხდომაზე დეპუტატის დაბალ ხელფასზე დაიწყეს წუწუნი. ეს ჯერ ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა, მას მხარი აუბა დავით ონოფრიშვილმაც, სადაური წესია, ზოგიერთ სამინისტროში დეპარტამენტის უფროსებს ჩვენზე მეტი ხელფასი აქვთო. მერე თქვეს, დეპუტატის ხელფასი 1.600 ლარიაო, თუმცა, როგორც იმავე ხიდაშელმა განაცხადა, დეპუტატი ხელფასის გარდა, დანამატს დაახლოებით იმდენივეს იღებს, რამდენსაც ხელფასს, ანუ მისი სარგო საერთო ჯამში 3.000 ლარზე მეტია. მაშინ რატომ გვატყუებენ ეს დეპუტატები? იქნებ პენსიონერებს ჰკითხონ, 150 ლარი როგორ ჰყოფნით?