"საქმე შეიძლება კავკასიურ კონფედერაციამდე მივიდეს" - კვირის პალიტრა

"საქმე შეიძლება კავკასიურ კონფედერაციამდე მივიდეს"

შვეიცარიის ელჩს საქართველოში გუნთერ ბეხლერს შვეიცარიის ეროვნულ დღეზე სასაუბროდ ვეწვიეთ იმაზე, თუ როგორ იქცა მოკრძალებული ალპური ქვეყანა ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მოწინავე სახელმწიფოდ. თუმცა, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის მედიატორი ქვეყნის წარმომადგენელმა, ბატონმა ელჩმა რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის გაუმჯობესების საკუთარი ხედვაც გაგვიზიარა:

- შვეიცარიული კონფედერაცია, შეიძლება ითქვას, ერთადერთია, რომელმაც გაამართლა. მაინც როგორ მოახერხეთ, გერმანული, ფრანგული და იტალიური წარმოშობის ხალხების "მორიგება"?

- ვფიქრობ, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ეკონომიკური სიძლიერე იყო. შვეიცარიის გამდიდრებას ხელი შეუწყო ევროპის ინდუსტრიალიზაციამ. ამას გარდა, როგორც წესი, ჩვენი კანტონები არ არის დაყოფილი ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფების მიხედვით, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებაზე იქნებოდნენ ორიენტირებულნი. დიდი როლი ითამაშა ნეიტრალიტეტის გამოცხადებამაც.

- ნეიტრალიტეტი კიდევ ერთი ფენომენია, რომლის ფასი, ალბათ, შვეიცარიელებზე კარგად არავინ იცის. როდის და როგორ უნდა გამოაცხადო ნეიტრალურობა და როგორ უნდა შეინარჩუნო იგი? და როგორ ფიქრობთ, რეალურია თუ არა ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე ფიქრი და სწრაფვა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა?

- ჩვენს ნეიტრალიტეტს ორი აუცილებელი წინა პირობა ჰქონდა: საერთაშორისო საზოგადოების თანხმობა და ჩვენი საკუთარი სამხედრო პოტენციალი, რაც შესაძლებლობას გვაძლევდა, ნეიტრალიტეტი დაგვეცვა.

რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, ამჟამად თქვენს ქვეყანას არა აქვს იმის გარანტიები, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში მეზობლები თავს არ დაესხმებიან.

კავკასიის რეგიონში და საზოგადოდ იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომელთაც ნატოში შესვლა ვერ მოახერხეს, უკრაინის ჩათვლით, ე.წ. "უსაფრთხოების ნაპრალია", რომლის ამოვსებაც 25 წელზე მეტია, ვერ ხერხდება. ასეთ ვითარებაში ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი ნაადრევია. თუ დასავლეთს სურს, გაუმკლავდეს იმ რთულ გამოწვევებს, რაც უკრაინასა და კავკასიის რეგიონშია, აუცილებელია მათთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემა.

- ეს როგორ წარმოგიდგენიათ? იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს ღია კარში, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს ვერ შევაბიჯებთ?

- არჩევანი არცთუ ისე დიდი და სახარბიელოა: ნატო შედარებით გრძელვადიანი გამოსავალია, ეუთო ჰარდ-უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, ასევე გაეროც, მიუხედავად მისი უსაფრთხოების საბჭოსი. მე ორი გამოსავალი მესახება: პირველი - სახელმწიფოთაშორის დონეზე მოხდეს შეთანხმება ევროპის ამ ნაწილში იარაღის გამოუყენებლობის შესახებ. ეს გარანტირებული უნდა იყოს შეთანხმების ყველა მონაწილე ქვეყნის მიერ, რუსეთის ჩათვლით. რეალურია თუ არა ეს ამჟამად, სხვა საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, მომგებიანი იქნება ყველასთვის, ისეთი ქვეყნებისათვის კი, როგორიც საქართველოა - ამას ნეიტრალიტეტისმაგვარი ეფექტი ექნება.

მეორე ვარიანტია უფრო ღრმააზრიანი თავდაცვითი სტრატეგიის შემუშავება და ამისთვის, ვფიქრობ, შეიძლება ეუთოს ბერკეტების გამოყენება, რომელიც  სავალდებულოა მთელი ევროპისათვის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის ჩათვლით - იქნება ეს რეგულაციები იარაღის გამოყენებისა და შემცირების შესახებ, მათი მონიტორინგი თუ ა.შ.

- თეორიულად, ქაღალდზე, თქვენი ორივე იდეა მშვენიერია, მაგრამ რამდენად შეიძლება მათი პრაქტიკაში დანერგვა? როგორ აიძულებთ ან დაარწმუნებთ რუსეთს, დათმოს თავისი ერთ-ერთი უძლიერესი ბერკეტი "კეთილმეზობლურ" ურთიერთობაში? ამას გარდა, რეგიონში სხვა სამეზობლო კონფლიქტებიც არსებობს.

- ვერ დაგეთანხმებით, ვფიქრობ, ეს საკმაოდ რეალურია. უკრაინის კონფლიქტის შემხედვარე, დასავლეთმა უკვე გააცნობიერა, რომ სიტუაციის ასე დატოვება არ შეიძლება, შესაბამისად, მოლაპარაკებები გამოსავლის საპოვნელად განსაკუთრებული ძალისხმევით  ჩატარდება. დავიწყოთ იმით, რომ სანქციები დროთა განმავლობაში ერთობ ეფექტურად იმუშავებს და ჩემი აზრით, ამას უკვე მოსკოვშიც აცნობიერებენ. სანქციები რუსეთს აიძულებს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. იარაღის გამოუყენებლობაზე შეთანხმება არათუ თეორიული, არამედ ერთობ პრაგმატული ნაბიჯი მგონია. თუ მოვახერხებთ ამ მოლაპარაკებების შედეგად იარაღის გამოუყენებლობის გარანტიის მიღებას, ეს რეგიონისა და თვით ევროპის უსაფრთხოებისთვისაც უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

- როგორ ფიქრობთ, ერთსულოვანი იქნება ევროპა ამ მოლაპარაკებებში? შორს რომ არ წავიდეთ, სანქციების დაწესებამ ხელი არ შეუშალა საფრანგეთს რუსეთისათვის "მისტრალების" მიყიდვაში.

- მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ არა ცალკეული სახელმწიფოები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად, ეუთო. რუსეთი უკვე არის ამ ორგანიზაციის წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეუთოს მითითებები და რეგულაციები მასზეც ვრცელდება. ეუთოს არსენალშია ასევე სამართლებრივი ნორმები შეიარაღებისა და იარაღის გამოუყენებლობა-შემცირების შესახებ. ასე რომ, ეს კარგი პლატფორმა იქნებოდა კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად.

- ის, რომ რუსეთი უკვე არის ეუთოს წევრი, განა არ ნიშნავს იმას, რომ კრემლს შეუძლია ვეტო დაადოს ყველაფერს, რასაც ამ ორგანიზაციაში მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს? მაგალითისთვის საქართველოში ეუთოს მისიის დახურვაც გამოგვადგება.

- მიუხედავად მისი რესურსებისა და პოტენციალისა, რუსეთი ერთი ქვეყანაა, ჩვენ კი უმრავლესობა ვართ. კრიზისი იმ მასშტაბისაა, რომ იგი საერთო უსაფრთხოების პრიორიტეტად იქცა. სწორედ ამიტომაც დავაკისრეთ რუსეთს სანქციები.

- რა მოხდება, თუ რუსეთი თქვენს სანქციებს საკუთარს დაუპირისპირებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მის რესურსებზე, მაგალითად, გაზზე არიან დამოკიდებულნი?

- აქ მარტივად არის საქმე: თუ გაზს რუსეთისაგან არ ვყიდულობთ, ესე იგი, რუსეთს ფულსაც არ ვუხდით, ასე რომ, ამით ისევ რუსეთი დაზარალდება. რუსეთი ასეთი სტრატეგიით ვერაფერს მიაღწევს.

- ბოლო შენიშვნაც: რუსეთმა კიდევაც რომ მოაწეროს ხელი იარაღის გამოუყენებლობაზე ხელშეკრულებას, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ არ დაარღვევს? შეგახსენებთ, 1994 წელს მოსკოვმა ბუდაპეშტის ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი, რაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფდა, შედეგად კი, თქვენც იცით, რა მივიღეთ.

- სამართლიანი შენიშვნაა. თუმცა, ამ შემთხვევაშიI თითს რუსეთისკენ კი არა, მისი ხელმძღვანელობისკენ უნდა ვიშვერდეთ. ადრე თუ გვიან, ეს ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება. მანამდე კი მოსკოვმა უნდა დაინახოს, რომ ეს არის ევროპის კოლექტიური პოზიცია, რომლისთვისაც ანგარიშის გაწევა მის ინტერესებში შედის. "ცივი ომის" დამთავრების შემდეგ, სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა უერთდება ე.წ. "დემოკრატთა კლუბს". ადრე თუ გვიან, რუსეთიც ამ კლუბის წევრი გახდება. რუს ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება, იმის უფლება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი.

- თვითგამორკვევა ახსენეთ. სწორედ თვითგამორკვევის პრინციპს ეფარებიან სოხუმი და  ცხინვალი თავიანთი თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობით. რამდენად შესაძლებელია და მათ დათმონ ეს, თუნდაც "ეფემერული" დამოუკიდებლობა და საქართველოს დაუბრუნდნენ?

- რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოხდა, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის სავალალოა, მაგრამ იმედია, მომავალი თაობები დიალოგის გზით გამონახავენ გამოსავალს, რომელიც სამივე მხარეს ერთ სახელმწიფოდ არსებობის საშუალებას მისცემს, იქნება ეს ფედერაცია თუ კონფედერაცია. რაც შეეხება დამოუკიდებლობის დათმობას, პირდაპირ გეტყვით, რომ შევხვედრივარ აფხაზეთის მოსახლეობის ყველა ფენას და უმეტესობას ძალიან სურს, დამოუკიდებლები იყვნენ როგორც საქართველოსგან, ასევე სხვა ძალებისაგან, რუსეთის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, მათი საბოლოო არჩევანი მაინც ევროპულია და ამ გზაზე საქართველოსთან დისკუსიასაც არ გამორიცხავენ. ევროპისკენ სწრაფვა არის პლატფორმა, რომელზეც შეიძლება სოხუმისა და თბილისის განახლებული ურთიერთობა აშენდეს.

- აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალში უკვე სერიოზულად და ინტენსიურად განიხილავენ რეფერენდუმის ჩატარების საკითხს, რუსეთთან, კერძოდ კი ჩრდილო ოსეთთან შესაერთებლად... თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია მოვლენათა ასეთი განვითარება?

- ვერ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს, მაგრამ, ვფიქრობ, რუსეთს ამჟამად იმდენი საზრუნავი აქვს, რომ ამისთვის არ სცალია. მიუხედავად ამისა, რეფერენდუმი შეიძლება მაინც ჩატარდეს და, ვფიქრობ, აზრი არა აქვს იმის დაფარვას, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი, ალბათ, სწორედ ჩრდილო ოსეთთან გაერთიანებას მისცემს ხმას. თუმცა, ეს რეფერენდუმი არ იქნება ლეგალური და საერთაშორისო საზოგადოებრიობა არ აღიარებს.

- ზემოთ ახსენეთ, რომ მომავალში შესაძლოა, თბილისმა, სოხუმმა და ცხინვალმა თანაცხოვრება ფედერაციის ან კონფედერაციის სახით განაგრძონ. რას ფიქრობთ ამაზე?

- კონფედერაციამ შესაძლოა გაამართლოს და ამ იდეის ხორცშესხმა, ვფიქრობ, სწორედ საქართველოს ინტერესებში უნდა იყოს. თეორიულად, საქმე შეიძლება კავკასიურ კონფედერაციამდეც კი მივიდეს, სადაც არა მარტო საქართველო, არამედ სხვა კავკასიური ქვეყნებიც იქნებიან გაწევრებული. თუმცა, ამ მომენტისთვის, ვფიქრობ, არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი არ არიან მზად ამისთვის. ასეთი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის შესაქმნელად მხარეებს შორის სრული ურთიერთნდობა უნდა იყოს.

- არცთუ იშვიათად გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მოსკოვმა შეიძლება მის იმპერიულ ამბიციებთან ერთი შეხედვით შეუსაბამო მანევრს მიმართოს: რუსეთის "კალთაში" დაბრუნების სანაცვლოდ, შემოგვთავაზოს კონფედერაციის შექმნა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ერთად.

- კონფედერაცია უნდა შეიქმნას თავისუფალი ნების საფუძველზე და არა რუსეთის ზეწოლით. ეს გადამწყვეტი ასპექტია.

ვაჟა თავბერიძე