მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ვითომ ჯოკერი?

მოკლედ, ეს პოლიტიკა საინტერესო თამაშია. იმ დღეს, როდესაც სასამართლო სააკაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდა, კოდუას ინტერვიუ "გამოაგდეს", სადაც კიდევ ერთხელ გვიამბეს, როგორ აპირებდა ბადრი პატარკაციშვილი სისხლის ღვრასა და სახელმწიფო გადატრიალებას. შედეგად რა მიიღეს? ყოფილებს სახელი ისე აქვთ გატეხილი, რომ მათი მომხრეების გარდა, კოდუას არავინ დაუჯერა. "ნაციონალების" მიმართ აგრესია კიდევ უფრო გაიზარდა, შეხედეთ, რას კადრულობენ გარდაცვლილ ადამიანზეო. სინამდვილეში, სად არის სიმართლე, ამის ნაწილობრივად გაგება მას შემდეგ შეიძლება, თუ პროკურატურა ჩანაწერის სრულ ვერსიას გამოაქვეყნებს. თუმცა ე.წ. "მკვლელობის შეკვეთაზე" ვერასდროს გავიგებთ ვერაფერს, რადგან როგორც კოდუა ამბობს, თურმე ეს ადგილი ჩანაწერში არ ისმის, რადგან აივანზე საუბრობდნენ.

ჯერჯერობით კი არ ვიცით, სად არის სიმართლე, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შეგვიძლია უკვე ვთქვათ: კოდუამ თავისი ინტერვიუთი "ნაციონალების" ვერსიას, რომ ბადრი პუტინის დაკვეთით მოქმედებდა, წყალი შეუყენა. კოდუას განცხადებით, საუბრის დაწყებიდან მთელი 45 წუთი ბადრი პუტინს ლანძღავდა, უმადურს ეძახდა და იმუქრებოდა, რომ არ შეარჩენდა არაფერს.

მანამდე კი, ვიდრე პროკურატურა ინებებს და საუბრის სრულ ჩანაწერს გამოაქვეყნებს, კითხვა მინდა დავსვა: ეს ყველაფერი, რასაც კოდუა მოჰყვა, მართალიც რომ იყოს, მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებს, 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევასა და "იმედში" სპეცრაზმით შევარდნას, როგორ ამართლებს? ეს ჩანაწერი ხომ ამ ამბებიდან თვე-ნახევრის თავზეა გაკეთებული? თუ რასაც კოდუა ჰყვება, მართალია, ამ შემთხვევაშიც კი, გამოდის, რომ გადატრიალების მსგავსი იდეები ბადრის მას შემდეგ გასჩენია, რაც 7 ნოემბერს მშვიდობიანი რევოლუციის გეგმა ჩავარდა. ამიტომ საინტერესოა, რა სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა "იმედი" 2007 წელს?! ერთადერთი, რაც მაშინდელ ჩვენს მუშაობაში არ მომწონდა და ამას ვამბობდი კიდეც, იყო ის, რომ 7 ნოემბრის წინა დღეებში“"იმედი", ჩემი შეფასებით, დაახლოებით იმავე რეჟიმში მუშაობდა, როგორითაც 2003 წელს "რუსთავი 2". ჰოდა, თუ მაშინ "იმედი" გადატრიალებას აწყობდა, გამოდის, ისეთივე წარმატებით გაუკეთებიათ ეს 2003-ში”"რუსთავი 2""-სა და "ნაციონალურ მოძრაობას".

პატარა კაცის საქციელი

კოდუას ინტერვიუს ფონზე ყველას გამორჩა მიშას განცხადება, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე გავიდა "კურიერში". ამ განცხადებაში სააკაშვილმა,  ფაქტობრივად, სცადა, დაეშინებინა ყველა ის პროკურორი და მოსამართლე, ვინც მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავის იურისტებს ავალებს, ყველა ასეთი პროკურორისა და მოსამართლის გვარი ჩაინიშნონ... თუმცა, როგორც ჩანს, მოსამართლეზე ამან ვერ იმოქმედა (ან სხვა რამემ იმოქმედა მეტად) და პარასკევს, გვიან ღამით, ექსპრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ მოსამართლის ამბავი კი არის ცოტა საეჭვო, რადგან რამდენიმე ხნით ადრე გადმოიყვანეს დედოფლისწყაროდან. ასევე იურისტები ხედავენ პროკურორის ქმედებაში ბევრ საეჭვოს და ამას ზოგი პოლიტიკურ დაკვეთად, ზოგი კიდევ არაპროფესიონალიზმად ან სულსწრაფობად აცხადებს. იმედია, პროკურატურაც და სასამართლოც კარგად ხვდება, როგორი გაფართოებული თვალებით დააკვირდება მსოფლიო თანამეგობრობა ამ საქმეს. მარტივი საქმე ხომ არ არის, დასავლეთში "დემოკრატიის შუქურად" წოდებული ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება?!

ამიტომ ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს: სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება არ არის მთავარი, მთავარი ამ ბრალის დამტკიცება იქნება. ხომ ხედავთ, უკვე მოჰყვა შეშფოთებების შესახებ განცხადებები ამერიკიდან თუ ევროპიდან. ერთადერთი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნამ მოუსწრო ხელისუფლებას სულზე, სადაც იყო მოწოდება 2007 წლის 7 ნოემბრის გამოძიების თაობაზე. ღარიბაშვილი ამ ანგარიშმა ისე გაახარა, რომ მთავრობის სხდომა მისი კითხვით დაიწყო. სააკაშვილი ხშირად იმეორებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამის საფუძველი იყო, მე შევარდნაძეს ხელი არ ვახლეო, მე კიდევ აგერ, ხელისუფლება მშვიდობიანად გადმოგაბარეთ და მაინც მდევნითო. რამდენად მშვიდობიანი იყო 2012 წლის არჩევნები, ეს სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში სხვა რამ მაინტერესებს: საინტერესოა, რატომ არ იხსენებს, როგორ მოექცა ასლან აბაშიძის ოჯახს? ბათუმელი ვარ და ეჭვი მეპარება, ვინმე ასლანის მიმართ ისე ანტიპათიურად იყო განწყობილი, როგორც მე. მის დამხობას სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ვთვლი და არც ის მეშლება, რა დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი ასლან ბატონს, მაგრამ ის, რაც მან ასლანის გაქცევის შემდეგ გააკეთა, როდესაც არა მარტო მასზე, არა მხოლოდ გიორგი აბაშიძეზე, არამედ მის ქალიშვილზეც კი აღძრა საქმე, რომ საქართველოში მისი ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერ ჩამოსულიყო და შვილებს წლების განმავლობაში დედის საფლავზე გასვლის საშუალებას არ აძლევდა, პატარა კაცის საქციელი იყო.

ახალი მეთოდი

ახლა ღარიბაშვილის საქციელზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ეს ამბავი გასულ კვირას სასტუმრო "რედისონში" მოხდა. სულ სხვა ღონისძიებაზე ვიყავი მისული, მაგრამ რომ გავიგე, ამავე სასტუმროში მუცოსა და სხვა ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია იქნებაო, დამაინტერესა და დავრჩი. ვიფიქრე, თან დიდი ხნის უნახავ კოლეგებს ნახავ-მეთქი. პრეზენტაციას პრემიერიც ესწრებოდა და, ბუნებრივია, უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებული გახლდათ, მაგრამ ის, რაც ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მოხდა, ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჩავსვი. დარბაზიდან ფოიეში, სადაც შვედური მაგიდაც იყო, პრემიერის გამოსვლის შემდეგ კარი ჩაკეტეს და მთელი ჟურნალისტთა კორპუსი ოთახში ჩაკეტეს (კარს მიღმა მოჰყვა რამდენიმე მინისტრიც) და მანამ არ გამოუშვეს, ვიდრე პრემიერმა სასტუმრო არ დატოვა. კიდევ კარგი, 10 წუთში წავიდა, მაგრამ როგორია ჟურნალისტების ჩაკეტვა ოთახში 10 წუთით? ასეთი რამ სააკაშვილსაც არ უქნია! თუ კომენტარის გაკეთება არ უნდოდა, ეუბნებოდნენ ჟურნალისტებს, არ უნდაო და ისინიც თავს ანებებდნენ. იმ დღეს კი ვინ გამოიდო თავი ასე პრემიერის აპარატიდან, ვერ გეტყვით. დიდი ალბათობით შეიძლება სულაც არ იყო ეს პირადად პრემიერის გადაწყვეტილება, მაგრამ ასეთი მეტისმეტად მონდომებული თანამშრომლები რომ გყავს, ხანდახან უნდა აუხსნა რაღაც-რაღაცები. ამის მაგივრად კი მოგვიანებით ოფიციალურ განცხადებაში დაცვის გამართლება სცადეს: ასეთი რამ, თუ უსაფრთხოების ზომები მოითხოვს, კიდევ მოხდებაო. მოკლედ, როგორც ჩანს, კითხვებზე თავის არიდების ახალი მეთოდი მოიფიქრეს: ჟურნალისტებისგან გაქცევა ან გაპარვა კი არა, მათი ოთახში ჩაკეტვა. შენ რატომ უნდა გაიქცე, აწი ისინი ჩაკეტე!