"ნაციონალები" არეულობის მოწყობას აპირებენ?!
04-08-2014
"ნაციონალები" არეულობის  მოწყობას აპირებენ?!
"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით

"ექსპერტთა ვარაუდით, სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება პირველი და უკანასკნელი არ იქნება"


2003 წლის ნოემბერში "ვარდების რევოლუციის" ტრიუმფატორად აღიარებული მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წლის შემდეგ თუ სამართლებრივი დევნის ობიექტად იქცეოდა, ამას მაშინ ქვეყანაში თუ მის გარეთ, ვერავინ წარმოიდგენდა. "ვარდების რევოლუციით" ხელისუფლებაში მოსული ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფი იმ ლოკომოტივად მიიჩნეოდა, რომელსაც ძალუძდა ქვეყნის განვითარების ფართო გზაზე გაყვანა. თუმცა, სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში ნათლად გამოჩნდა
სერიოზული პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რასაც ბიზნესტერორი, საპროტესტო აქციების დარბევები და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა-შევიწროება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პარტნიორები ამ პრობლემებს ხედავდნენ და ხელისუფლებასაც მიუთითებდნენ, სააკაშვილი მაინც ახერხებდა მათი კეთილგანწყობის შენარჩუნებას.

ექსპერტთა აზრით, ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა - ერთი მხრივ, დასავლეთი
ცდილობდა სტაბილურობის შენარჩუნებას საკმაოდ რთულ რეგიონში, მეორე მხრივ კი სააკაშვილის ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავდა ლობისტური კომპანიების დაქირავებაში, რომლებიც ქვეყანაში არსებული პრობლემების მიჩქმალვასა და სააკაშვილისა და მისი გუნდის გაპიარებას წარმატებით ახერხებდნენ. 2008 წლის ომმა ამ თვალსაზრისით დიდი დარტყმა მიაყენა სააკაშვილის საერთაშორისო რენომეს, თუმცა, მან და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნების პარალელურად, მყიფე საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნება მაინც მოახერხეს.
ექსპერტების თქმით, დასავლეთს ზოგჯერ ახასიათებს ორმაგი სტანდარტით მოქმედება და ერთი და იმავე პროცესის სხვადასხვაგვარად შეფასება. ზოგჯერ დამნაშავე პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკურ დევნილად შეიძლება შეირაცხოს, სხვა შემთხვევაში კი - არა. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ დასავლელი პარტნიორები აშკარად მიანიშნებდნენ, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა შესაძლოა ყოფილიყო საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი.

გვახსოვს,  რაოდენ მძაფრი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის დაკავების გამო დასავლეთის რეაქცია, კეთდებოდა  განცხადებები პოლიტიკურ დევნაზე და მაშინაც კი ძნელად საფიქრებელი იყო, რომ ახალი ხელისუფლება გაუძლებდა დასავლეთის ზეწოლას და სააკაშვილზე საქმეს აღძრავდა. თუმცა, დღეს უკვე სრულიად სხვა რეალობაა. სააკაშვილს არათუ ბრალი აქვს წაყენებული, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ამას დასავლელი პარტნიორების გამოხმაურება მოჰყვა.

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით. კანონის უზენაესობის დაცვა ნიშნავს ორივეს: დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს და სამართლებრივი სისტემა არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენ ვაკვირდებით ამას და სხვა მსგავს საქმეებს და განვაგრძობთ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის კანონის უზენაესობის მკაცრად დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმას", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც წინ რამდენიმე სენატორის განცხადება უძღოდა. ამის თაობაზე ილაპარაკა უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმაც, რომელთანაც სააკაშვილი ბრალის წაყენებიდან მოკლე ხანში ჩავიდა: "ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გაერთიანებას. ვამაყობთ, რომ ჩვენ ერთი პოლიტიკური ოჯახის წევრები ვართ. ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ დევნასა და ზეწოლას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გზა მომავლისკენ".

სააკაშვილის მტკიცებით, ის პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს, თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია და რეალურად მას შესაძლოა  მოუწიოს  თავშესაფრის მოთხოვნამ. ვარაუდობენ, რომ სააკაშვილი უნგრეთში სწორედ ამ მიზნით ჩავიდა. პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთში უკვე მიღებული აქვს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, რომელსაც სააკაშვილთან ერთად 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების საქმეზეც წაუყენეს ბრალი.
ჩვენ დავინტერესდით, მიმალული პირისთვის პატიმრობის შეფარდება ავტომატურად იწვევს თუ არა მასზე ძებნის დაწყების გამოცხადებას?

კახა კახიშვილი, იურისტი, ექსპერტი: "როდესაც პირი პასუხისგებაში მიცემის შემდეგ იმალება, მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ, გამომძიებელი და პროკურორი იღებენ ბრალდებულზე ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილებას. პირველ ეტაპზე იძებნება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება. თუ შსს მიიღებს დადასტურებულ ინფორმაციას, რომ ძებნილმა გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი, ამას აცნობებს ძებნის ინიციატორს, რომელიც პროკურატურის საერთაშორისო დეპარტამენტს უგზავნის თხოვნას, რათა ამ უკანასკნელმა დაიწყოს მასალების მომზადება ბრალდებული პირის საერთაშორისო ძებნის შუამდგომლობისთვის. მოგროვილი მასალები იგზავნება ინტერპოლის ეროვნულ ბიუროში, რომელიც ამ მასალებს, თავის მხრივ, ლიონში მდებარე ინტერპოლის სათავო ოფისში გზავნის, სადაც ინტერპოლის გენერალური მდივანი პირადად იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულად რომელიმე პირის საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე. გადაწყვეტილებამდე ძებნის მოთხოვნა ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე ფილტრს გადის: პირველი - შეისწავლიან, ისჯება თუ არა ბრალდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული იმ ქვეყნებში, სადაც ისE შეიძლება იმყოფებოდეს; მეორე - ხომ არ არის ძებნა განპირობებული პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური ან სხვა მოტივებით. თუ ინტერპოლმა დაადგინა, რომ ძებნის მოტივი რომელიმე ზემოჩამოთვლილთაგანია, ინტერპოლის გენერალურ მდივანს უფლება აქვს, არ შეიყვანოს მიმალული პირი საერთაშორისო ძებნილთა სიაში". იურისტთა თქმით, ამ პროცესს, სულ ცოტა, 3-დან 6-თვემდე დრო დასჭირდება. კახიშვილისვე თქმით, ის ბრალდება, რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული, ანუ უფლებამოსილების გადამეტება, ვერ მიიჩნევა იმ ტიპის დანაშაულად, რომელიც ექსპრეზიდენტზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების საფუძვლად გამოდგება.

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: "ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ, სააკაშვილი უმანკო კრავად წარმოეჩინათ, დღესაც, როგორც ჩანს, რაღაც ვალდებულებას გრძნობენ, კვლავაც მის დაცვას ცდილობენ. მეტიც, ყალბი ინფორმაციის გავრცელებასაც არ ერიდებიან. ვფიქრობ, ამჯერად მათი ძალისხმევა მაინცდამაინც შედეგიანი არ არის, რადგან სააკაშვილის მხარდამჭერ განცხადებებს სიმწვავე ნამდვილად მოაკლდა და უკვე გაცვეთილი ფრაზებით შემოიფარგლება. მით უფრო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილის საზღვარგარეთელ ადვოკატებს ამგვარი განცხადებების კეთებისას მეტი დაკვირვება დასჭირდებათ". ცისკარიშვილის აზრით, სააკაშვილის ძებნა გამოცხადდება, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება შეფერხდება, რადგან დაიწყება ვაჭრობა საქართველოსა და დასავლეთის ზოგიერთ ხელისუფალს შორის. "რა შედეგებამდე მივალთ, ამის პროგნოზირება მარტივი არ არის. ეს დამოკიდებული იქნება ქართული მართლმსაჯულების ხარისხსა და ავტორიტეტზე. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - შედეგი არ იქნება პოზიტიური, ვიდრე საქართველოს პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში ისევ სააკაშვილისა და ადეიშვილის თანამზრახველები იმუშავებენ", - ამბობს ცისკარიშვილი.

ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იქნება, თუ რამდენად სწრაფად და ობიექტურდ მოახერხებს ხელისუფლება მიმდინარე პროცესების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას. დღემდე ჩანდა, რომ ხელისუფლებას ამ მხრივ პრობლემები ჰქონდა. სოსო ცისკარიშვილი იმედოვნებს, რომ ყინული დაძრულია: "თვითონ ვარ მოწმე, შარშან,  შემოდგომაზე, ევროპარლამენტსა და გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებისას, რა სერიოზული პრობლემა იყო უცხოელ პარლამენტართა ინფორმირებულობა, მათი ინფორმაციის ძირითად წყაროს "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა. ვისაც არ მოსწონს ლობიზმი, ნუ გამოიყენებს ამ საშუალებას, მაგრამ კეთილი ინებოს და საელჩოებისა თუ სხვა არხების საშუალებით მოახერხოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება".

ექსპერტთა ვარაუდით, სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება პირველი და უკანასკნელი არ იქნება. კახა კახიშვილის თქმით, ის სამი საერთაშორისო დონის პროკურორი, რომლებიც კონსულტაციებისთვის მოიწვიეს, საქართველოში წლის ბოლომდე დარჩება, რაც ნიშნავს, რომ პროკურატურა კიდევ არაერთ მსგავს საქმეზე მუშაობს. ამ ვითარებაში როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესი და "ნაციონალური მოძრაობა" რა გზით შეეცდება ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილი სისტემური დანაშაულები კვლავაც პოლიტიკურ დევნად მონათლოს?
ერთ-ერთი ვერსიით, "ნაციონალურ მოძრაობაში" განიხილავენ საპროტესტო აქციებით დაძაბულობის ინსპირირების გზასაც. ექსპერტების აზრით, შესაძლოა, "ნაციონალებმა" შემოდგომაზევე სცადონ დაძაბულობის ინსპირირება და ამისთვის რესურსის სრული მობილიზება მოახდინონ. შესაძლოა, მათ სამართალდამცველთა პროვოცირებაც სცადონ. ექსპერტთა ვარაუდით, "ნაციონალები", ალბათ, მიზანს ვერ მიაღწევენ და ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ გაუჩნდებათ. თუმცა, დაძაბულობას დასავლეთისთვის იმის დასამტკიცებლად გამოიყენებენ, რომ საქართველოში ოპოზიციას კვლავ დევნიან და მანამდე აღძრული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ნათია დოლიძე

თბილისელი
06 აგვისტო 2014 20:41
ღმერთო შენ დაიხსენი ყველა ქართველი გონების დაბნელებისგან... ასეთ ცხოველურ სისასტიკეებზე რომ ვოცნებობთ, თანაც ცხადია, რომ გამკეთებლებიც არ ვართ, იმიტომაც გვაბრალებენ ათას სისაძაგლეს სეპარატისტები და რუსები, რომლებიც სწორედაც რომ გამკეთებლები არიან და დაულევიათ კიდეც ქართველების სისხლი. ჩვენ კი ვილაპარაკოთ ეს სისულელეები და მტრებს კიდევ კოზირები მივაჩეჩოთ. ნუთუ უბედურების 25 წელიწადმაც ვერაფერი ვერ უნდა გვასწავლოს.
mokitxva nacxrovas
06 აგვისტო 2014 20:07
ნაცხროვის მონებს!ხანდაზმულები და სოციალურად დაუცველები თუ გაწუხებთ,თქვენმა ბელადმა სურენამ,თავის ბოროტ,კრიმინალ ლიდერშიფთან ერთად დააბრუნონ მოპარული მილიარდები,გიულოვიჩმა თავის გიული დედიკოს,საჩუქრად ნახევარი საქართველო გადასცა,და ბოლოს ,უნდა დაისაჯოს სამართლებრივად,ყველა ნაცი,ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი,რომ არც ამ მთავრობას,არცერთს მომავალ მთავრობას ,სურვილი არ გაუჩნდეთ ასეთი სასტიკი ,დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნისა.კანონის უზენაესობაა ყველაზე მთავარი!!!
kolosi
06 აგვისტო 2014 16:57
იქამდე არაფერი გეტკინოთ,როცა სააკაშვილს დაიჭერენ და ამ მთავრობას გადმოსცემენ.ვისაც ეს გულუბრყვილოდ სჯერა,ეს მისი საქმეა და შეუძლია იცხოვროს მუდმივად ცრუ მოლოდინების რეჟიმში.

რედაქტორის რჩევით