"კოდუა სააკაშვილმა და ბოკერიამ დააშანტაჟეს"
04-08-2014
"კოდუა სააკაშვილმა და ბოკერიამ დააშანტაჟეს"
"რომელი დიდი კილერი მყავს კოდუა, ვინ არის საერთოდ?!"

"თუ ვინმე იყო ბადრის გარემოცვაში უანგარო მასთან ურთიერთობაში, ეს მე ვიყავი"


ერეკლე კოდუამ, სოდ-ის ყოფილმა უფროსმა სკანდალური განცხადება გააკეთა - ისაუბრა 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილთან ლონდონურ შეხვედრაზე და თქვა, რომ ბიზნესმენმა სამოქალაქო არეულობის გამოსაწვევად მას საკუთარი გარემოცვიდან ოთხი პირის მკვლელობა დაუკვეთა, მათ შორის ერთ-ერთი გოგა ხაინდრავა იყოო (დანარჩენი სამის ვინაობა მისთვის უცნობია). ჩვენ რეჟისორ გოგა ხაინდრავას დავუკავშირდით:

- იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება,
რომ ეს სრული აბსურდი და სიგიჟეა. მე და ბადრი მეორე კლასიდან ერთად ვიზრდებოდით და ბოლო წლებში უახლოესი მეგობრები ვიყავით.  ბევრმა აქცია ზურგი ბადრის, მაროდიორებად გადაიქცნენ და დღესაც წეწავენ მის ქონებას, თან მის მეგობრებად ასაღებენ თავს. შეიქმნა პატარკაციშვილის სახელობის პარტია, რომელიც ბადრის ოჯახს უჩივის და მისი
სახელით მონაწილეობს არჩევნებში.  თუ ვინმე იყო ბადრის გარემოცვაში უანგარო მასთან ურთიერთობაში, ეს მე ვიყავი.

- როგორ ფიქრობთ, რა მიზნით გაკეთდა აქცენტი თქვენზე, თქვენ ხომ რახანია ჩამოშორდით პოლიტიკას?

- პირველი მიზეზი ამისა არის "ნაციონალების" სრული სასოწარკვეთა. კარგად იციან, დადგა მათი პოლიტიკური აღსასრული. თუ ოდესმე მოვიდოდა ეს დღე, სააკაშვილს ორი მიზეზის გამო ვერ წარმოედგინა: 1. იმიტომ, რომ ფსიქიკურად დაავადებულია და 2. ლობისტების იმედი ჰქონდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომლებსაც აქვთ უნარი, ხანდახან დინების წინააღმდეგ წავიდნენ და საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე წინ დააყენონ.
სააკაშვილი ბოლო წუთამდე დარწმუნებული იყო, რომ ის, რაც მოხდა, არ მოხდებოდა. როცა დაინახა, დღეს პასუხისგებაშია მიცემული, შიზოფრენიამ წითელ ზოლს გადაამეტა და ეს აბსურდი  გამოაცხო.  მხოლოდ მათ ავადმყოფ გონებაში შეიძლება დაიბადოს მეგობრისა და ახლობლის გაწირვის გადაწყვეტილება. ასე დამართეს თავიანთ მეგობარ ზურაბ ჟვანიას. "ნაციონალებს" დიდი ხანია, ყელში ვეჩხირები. ერთ-ერთი, ვინც "ნაციონალები" და პირადად სააკაშვილი ხერხემალში გადატეხა, მე ვიყავი. ამაზე განსაკუთრებით იმოქმედა ჩემმა ფილმმა "დემოკრატიის შუქურა", რომელიც არჩევნების წინ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში გავიდა. ეს ფილმი, პრაქტიკულად, სააკაშვილის განაჩენია.

- საზოგადოების ნაწილმა ერეკლე კოდუას დუმილის დარღვევა იმას დაუკავშირა, რომ "ნაცმოძრაობა" ცდილობს 7 ნოემბრის მოვლენების, ასე ვთქვათ, "გაპრავებას", მაშინ, როცა სააკაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს სულ ახლახან სწორედ ამ მუხლით წაუყენეს ბრალი.

-  ყველამ იცის, რა მოხდა 7 ნოემბერს, რომ არანაირი გადატრიალება არ ყოფილა. ვითარება ასეთი იყო: გაერთიანებულმა ოპოზიციამ 27 სექტემბერს დააანონსა 2 ნოემბრის გრანდიოზული მიტინგი. ამ დღეს საპროტესტო აქციაზე მართლაც უამრავი ხალხი გამოვიდა. ბადრი 2 ნოემბერს მოვიდა მიტინგზე. არ ყოფილა არანაირი მოწოდება  გადატრიალებისკენ. პირიქით, ჩვენი ნაბიჯი - 200 ათასი კაცი რომ შინ მშვიდობიანად გავუშვით, შემდგომ ყელში ამოგვადინეს, როგორც ჩვენი შეცდომა. ჩვენ მშვიდობიანად დავშალეთ მიტინგი და გამოვაცხადეთ შიმშილობა. 7 ნოემბერს შიმშილობის მეექვსე დღე იყო, 40 კაცი დავლასლასებდით პარლამენტის შენობის წინ და რისი თავი გვქონდა?!

თავი რომ გაიმართლონ, მოიგონეს ვერსია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შესახებ. ხელისუფლებამ იმ დღეს ყველანაირი კანონი და კონსტიტუცია დაარღვია და მერე ცდილობდნენ, გაემართლებინათ თავიანთი საქციელი. ისე, ბადრი და კოდუა ერთმანეთს 2007 წლის დეკემბერში შეხვდნენ და რა შუაშია 7 ნოემბერი?
ჩვენი უბედურება ის არის, რომ ბოროტ ერთუჯრედიან პრიმიტივებთან გვქონდა საქმე. კოდუა ასი წელი არ გამოჩნდებოდა და არ ილაპარაკებდა, დარწმუნებული ვარ, ბოკერიამ და სააკაშვილმა უბრძანეს ის, რაც თქვა და ასე გამოცხვა ოპერაცია "შიზოფრენია". მას სხვა გზა არა აქვს, რომ არა მათი მხარდაჭერა, კოდუა დღეს გლდანის ციხეში იქნებოდა, ისევე როგორც, ადრე თუ გვიან, სააკაშვილი და ბოკერია ამოყოფენ თავს. ვერ გავიგე, რომელი დიდი კილერი მყავს კოდუა, ვინ არის საერთოდ?! ერთი საინტერესო დეტალი იკვეთება, რომელიც ადასტურებს, რომ ჩანაწერი ბადრიმ გააკეთა და არა კოდუამ. ის, რაც მათ გააკეთეს, თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია. კოდუა სისულელეებს ამბობდა, გადამცემი ხან სიგარეტის კოლოფისხელა იყო, ხან ასანთის კოლოფის, ხან ფეხსაცმელში მედო, ხან სად და ხან სადო.

- ითქვა, რომ ერეკლე კოდუა ბუდაპეშტშია. ცოტა ხნის წინ უნგრეთმა ზურაბ ადეიშვილს მისცა პოლიტიკური თავშესაფარი. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდა, ხომ არ ფიქრობთ, რომ მის შემთხვევაშიც იგივე მოხდება?

- გააჩნია, რა ვერდიქტს გამოიტანს საქართველოს სასამართლო. არ გამოვრიცხავ, მისი საქმე ევროსასამართლოშიც მოხვდეს.  ევროკავშირი დააყენებს საკითხს და მოითხოვს, ამ ადამიანებმა აგონ პასუხი იმ დანაშაულებზე, რაც აქვთ ჩადენილი.  როდესაც ვამბობ, ეს კაცი შიზოფრენიკია-მეთქი, ეს არის სამედიცინო დიაგნოზი და არა ჩემი მცდელობა, მას ღირსება ავყარო. მიშას ყოველღამე გლდანის ციხე ესიზმრება.

- მას შემდეგ, რაც სააკაშვილზე საქმე აღიძრა, ექსპრეზიდენტი უკრაინაში აღარ ჩანს.
- სააკაშვილისა და "ნაციონალების" გამოჩენისთანავე უკრაინაში ქვეყნის გაყოფა დაიწყო. სააკაშვილი და მერაბიშვილი იყვნენ რუსული ინტერესების გამტარებელნი საქართველოში, ისეთივე, როგორიც ბენდუქიძე, ალასანია და ბოკერია არიან. ბოკერიას ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ თავი დასავლელი ეგონა და სინამდვილეში, რუსებს ეხმარებოდა. უკრაინელები ჭკვიანი ხალხია, პოროშენკო სათოფეზე არ იკარებს სააკაშვილს. ის მხოლოდ პატარა რადიკალური ბნელეთის ჯგუფებისთვის (როგორებიც აქ "ნაციონალები" იყვნენ) წარმოადგენს ფიგურას, მაგრამ ამას მალე მოეღება ბოლო.

ნანა ფიცხელაური

levani
22 აგვისტო 2014 15:23
გოგას(არა ხაჩიძის, არამედ ხაინდრავას) ნაუბარი მომეწონა.

ისიც მომეწონა, ბოლოსდაბოლოს მიაღწია თავისი დოკუმენტური ნამუშევრების ევროპაში გატანა.
ეს დიდი საქმეა, ძალიან დიდი, რადგან ზოგი ევროპელი "თვალდახუჭობანას" აღარ/ვეღარ ითამაშებს გრძელის საქმეებზე.
giorgi
14 აგვისტო 2014 21:16
მაღალი დონის "სიმართლეს"!. კარგია რომ გჯერა და იცი რაასაც იძახი. მთავარია რომ დონე გაქვს მიუწვდომელი. ეხლა ამიხსენი გენიოსო 37 000 თურქს დაკიდევ 18 000 ირან,სირია,ინდოელ,კამერუნეკ და სხვა გაურკვეველ ხალხს მოქალაქეობა რათ მისცა? ეხლა მიპასუხე, სამაჩაბლოს და კოდორის ხეობას რატომ შეუცვალა სახელწოდება?, "მონადირე" რომ ქონდათ სვანებს და ხეობას რომ იცავდნენ წარმატებით, იარაღი რათ წაართვით? პატიმრების წამება და გაუპატიურება მოგწონს? "ნაძირალა ნაცები კარგ ხელფასს გიხდიდნენ? ის დრო მოგწონს?
simartle
10 აგვისტო 2014 03:26
ჭაბუკას
სააკაშვილს რომ ყველა ურტყამდა ეგეც ბირჟაზე გაიგე ალბათ.შენიდა ქოცმცუნების ჭორს და სიბრიყვეს თუ მოუსმენს ადამიანი,მაშ გამოდის რომ არა მარტო სააკაშვილი არამედ მოლდავეთის,უკრაინის თუ აზერბაიჯანის ყოფილი თუ აწმყო ხელმძღვანელობაც რუსეთზე მუშაობენ,?მათაც ხომ წაართვა რუსეთმა ტერიტორიები?მესმის რომ გინდახ იმოქმედოთ პრინციოით-"ნა ვორე შაპკა გარიტ' და ბიძინას ნამუსი მოწმინდოთ,თანაც პატრიოტებად თავი გაასაღოთ(დროებით მაინც და ყანწით ხელში)მაგრამ ეგ ზღაპრები ისევ ბირჟაზე მოუყევით თქვენი დონისა და შეხედულებების წრეში,სააშკარაოდ ნუ იძახით,რადგან მთლად უსუსურები ჩანხათ მაშინ.ერთი ეს ნახე,თქვენი ბიძოსა და კახაია კალაძის საერთო ძმაკაცის ინტერვიუა,გიდამაკზე მოუსმინეთ კარგად-ბიძოს მთლად პარტნიორია კგბ-დან დაწყებული ფულის გათათრებით დამთავრებული,ანგოლაში იარაღით ვაჭრობით რავა გამდიდრდნენ ორივენი.

რედაქტორის რჩევით