მატყუარა ქართველების სატყუარა ქართველები!.. - კვირის პალიტრა

მატყუარა ქართველების სატყუარა ქართველები!..

"ვინ თქვა, რომ ამქვეყნიური ჯოჯოხეთი არ არსებობს,ეს ედირნეა!"

"ვინ თქვა, რომ ამქვეყნიური ჯოჯოხეთი არ არსებობს? ეს თურქეთშია, ედირნეში" - ეს სიტყვები  საქართველოდან გახიზნული ერთ-ერთი ქალის ნაამბობიდან მოგვყავს... ათეული წელია, სიდუხჭირის, მძიმე სოციალური პირობების გამო ათიათასობით ქართველი ტოვებს სამშობლოს და ბედის საძიებლად საზღვარგარეთ  მიემგზავრება. რადგან ქართველებს ხშირად არასასურველ სტუმრებად მიგვიჩნევენ, ხელგაშლილიც არავინ გვხვდება, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს სასურველი ქვეყნის საზღვრის გადალახვა არალეგალურად უწევთ. აქ კი ყველაფერი მხოლოდ იღბალზეა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხიზნებს დაკავება და საქართველოში დეპორტაცია ემუქრებათ.

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მოხვედრას ქართველები ყველაზე მეტად ცდილობენ, საბერძნეთია. ყოველწლიურად საბერძნეთის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისას ათეულობით ჩვენი მოქალაქე იღუპება ან უგზო-უკვლოდ იკარგება (ამ ფაქტს დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებიც ადასტურებენ პირად საუბრებში). არალეგალთა ჯგუფები ძირითადად ტყის მასივებითა და ზღვით,  რეზინის ნავებით გადაჰყავთ. ძლიერი ტალღები ხშირად გამხდარა  ბედის მაძიებელ ქართველთა დახრჩობის მიზეზი. ტყეში გამცილებლის გარეშე დარჩენილი ჯგუფები (ხშირ შემთხვევაში თურქი გამყოლები მათ ატყუებენ და გასამრჯელოს მიღებისთანავე ტოვებენ საკვებისა და წყლის გარეშე) კვირაობით დაეხეტებიან უგზო-უკვლოდ. თუ ბერძენ მესაზღვრეებს წააწყდნენ, მათ ისევ თურქეთის ტერიტორიაზე აბრუნებენ, სადაც ახალი განსაცდელი ელოდებათ. ეს ედირნეა!

ედირნე თურქეთის ერთ-ერთი გუბერნიის დედაქალაქია, სადაც სადეპორტაციო სამსახურია განთავსებული. შენობა, რომელშიც უკანონო მიგრანტებს უყრიან თავს, ძალიან ძველია და ავარიული. სველი წერტილების მოუწესრიგებლობის გამო პირადი ჰიგიენის დაცვა თითქმის შეუძლებელია. თითო ოთახში ხშირად რამდენიმე ათეული კაცია განთავსებული, რომელთა უმრავლესობას იატაკზე უწევს წოლა, ლეიბისა და საბნის გარეშე... სწორედ ამ შენობაში ელოდება ყოველთვიურად ასობით ქართველი სამშობლოში იძულებით დაბრუნებას.

ციცინო ჭეიშვილი (46 წლის): "როცა უმუშევარი დავრჩი, აღარსად მიმიღეს, ასაკი ხელს არ გიწყობსო. ერთხანს ბაზრობაზე ვიდექი გამყიდველად, დახლის პატრონი დღეში 5 ლარს მიხდიდა, თვიდან თვემდე არ მყოფნიდა. ჩემი ქმარი 8 წლის წინ რუსეთში წავიდა სამუშაოს საშოვნელად და დღემდე არ გამოჩენილა. რამდენჯერმე დარეკა,  მერე საერთოდ დაგვივიწყა. თავიდან თურქეთში მინდოდა წასვლა, ვიფიქრე, ვინმესთან მოსამსახურედ ვიმუშავებ-მეთქი (პროფესიით კვების ტექნოლოგი ვარ), მაგრამ რომ გავიგე, თურქეთში ქართველებს ცუდად ექცევიანო, შემეშინდა. მერე მეზობელმა საბერძნეთში წასვლა მირჩია, მოხუცის მომვლელები და ძიძები სჭირდებათო. საბერძნეთის საელჩოში რომ მივედი,  იმდენი ხალხი იყო, ორი დღე ვიდექი რიგში და მაინც ვერ შევაღწიე. მოსაცდელში მითხრეს, ტყუილად ელოდებით, ვიზას მაინც არავინ მოგცემთო. ქუჩაში გამოსულს უცნობი ქალბატონი მომიახლოვდა და  გამომელაპარაკა. სანდომიანი ქალი ჩანდა, მითხრა, ვიცნობ ისეთებს, ვინც საბერძნეთში გადასვლაში დაგეხმარებიანო, ოღონდ 4.500 ევრო უნდა გადამეხადა. თავისი ტელეფონის ნომერიც მომცა. პროცენტიანი ვალი ავიღე და ერთი კვირის შემდეგ შევხვდი. ქალმა, რომელსაც საბერძნეთში უნდა წავეყვანე, მითხრა, გამომძიებელი ვარ და ისეთი ხალხი მყავს საქმეში ჩართული, გადაგდება გამორიცხულიაო. მეც დავიჯერე... ჯგუფი რამდენიმე დღეში შეივსო. 38 კაცი ვიყავით, ნახევარზე მეტი ქუთაისელი იყო,  სტამბოლამდე ავტობუსით ვიმგზავრეთ".”

ის თაღლითური, დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებს საზღვარზე გადაყვანაში ფულს სძალავენ, ძირითადად საბერძნეთისა და პოლონეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე“"მუშაობენ".” სწორედ აქ ხდება კლიენტების რეკრუტირება (გადაბირება). ამ ჯგუფებს თანამოაზრეები თურქეთში და საბერძნეთის სასაზღვრო სამსახურებშიც ჰყავთ (როგორც ვხედავთ, საქმე ტრანსნაციონალურ დანაშაულთან გვაქვს).

ციცინო ჭეიშვილი: "სტამბოლში 4 დღე ვიყავით, სასტუმროდან გასვლის ნებას არ გვაძლევდნენ, პოლიციას თვალში არ მოხვდეთო. მხოლოდ ჰოლში ჩავდიოდით.  ჯერ მამაკაცები წაიყვანეს სამარშრუტო ტაქსით, ტყით გადავიყვანთო. ჩვენ გვითხრეს, ზღვაზე ღელვაა და ამიტომ ვიცდითო. ორი დღის შემდეგ მძღოლი დაბრუნდა და ჩვენს უფროსს უთხრა, ჯგუფი გადავიყვანეთო. მალე ჩვენც წაგვიყვანეს,  ზღვით გადავედით ხმელეთზე, სადაც გამყოლი დაგვემშვიდობა, - უკვე საბერძნეთში ხართო და წავიდა! ცოტა სული რომ მოვითქვით, გზა გავაგრძელეთ. ასიოდე მეტრში ბერძენი მესაზღვრეები დაგვხვდნენ და უკან, თურქეთში გამოგვაბრუნეს. ედირნეში მიგვიყვანეს. თურქები ძალიან ცუდად გვექცეოდნენ. ჩვენთან, საკანში პაკისტანელები და ტაჯიკებიც იყვნენ, უჰაერობისგან სული გვეხუთებოდა. ერთმა ტაჯიკმა რომ გაიგო, ქართველები ვიყავით, დამტვრეული რუსულით გვითხრა,”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ედირნეშიო".”

როგორც ირკვევა  (და არა მხოლოდ ამ ქალბატონის ნაამბობიდან), ბერძენი მესაზღვრეები  არალეგალთა ჯგუფების მარშრუტის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არიან, მათ საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლას აცდიან და შემდგომ აკავებენ, რათა არალეგალებს პრეტენზია არ გაუჩნდეთ გადამყვანის მისამართით და ფულის დაბრუნება არ მოითხოვონ. სავარაუდოდ, ამ ბიზნესით”შერეული - ქართულ-თურქულ-ბერძნული ჯგუფები არიან დაკავებულნი...

ციცინო ჭეიშვილი: "ედირნეში თავმოყვარეობა უნდა დაივიწყო, რადგან აქ ადამიანად არავინ გთვლის, განსაკუთრებით ცუდად ქართველებს ექცევიან. იმ დღეს გავიგეთ, რომ ჩვენი პირველი ჯგუფი (მამაკაცების), რამდენიმე დღის წინ საბერძნეთში გადასული რომ გვეგონა, აქ იყო. ედირნეში საჭმლის ყიდვა არ შეგვეძლო, რადგან ფული არავის გვქონდა, სახლშიც ვერ ვრეკავდით... ერთმა კაცმა დაგვარეკვინა იმ ქალთან, გამომძიებელი ვარო, რომ გვითხრა. ჩვენი მდგომარეობა ავუხსენით და დახმარება ვთხოვეთ. - მე რას მირეკავთ, თქვე უთავბოლოებო, მე საბერძნეთში გადაგიყვანეთ, ათენამდე ტაქსით მგზავრობას კი არ დაგპირებივართო. რა თქმა უნდა, ფულის დაბრუნებაზე უარი გვითხრა, თან დაგვემუქრა, კიდევ თუ დამირეკავთ, თქვენს ოჯახებს ისეთ დღეს დავაყრი, თავბედს იწყევლიდნენო! რა უნდა გვექნა, ისღა დაგვჩენოდა, ბედს შევგუებოდით და ედირნეს ჯოჯოხეთი აგვეტანა, სანამ საქართველოში დაგვაბრუნებდნენ. ედირნეში გავიგეთ, რომ საბერძნეთის საზღვრის ერთი მონაკვეთი დანაღმული ყოფილა და ქართველი ხიზნები  დაღუპულან.  რადგან ბერძნული არ იცოდნენ, სიტყვა "დანაღმულია" ვერ წაიკითხეს. ვისხედით და ვტიროდით. თან გვიხაროდა, რომ ცოცხლები გადავრჩით. ვინ თქვა, რომ ამქვეეყნიური ჯოჯოხეთი არ არსებობს. ეს ედირნეა!"”

თაღლითების მიერ მოტყუებული და გაძარცული ქართველების ნაკლებობას არც პოლონეთის სადეპორტაციო სამსახურები განიცდიან, ვინაიდან პოლონეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებში მოხვედრა შედარებით იოლია, ჩვენი მოქალაქეები სწორედ ამ ქვეყნის საზღვარს "უტევენ" ხშირად. პოლონეთში მოხვედრის სურვილი ძირითადად ახალგაზრდებს აქვთ, ამიტომაც ამ ქვეყნის სასაზღვრო ე.წ. "სპეცბანაკებში" სწორედ მათ შეხვდებით. ედირნესგან განსხვავებით, ასეთ ბანაკებში შედარებით ადამიანური პირობები აქვთ და პროტესტის გამოთქმასაც არ ერიდებიან (ერთ-ერთი ასეთი აქციის შესახებ  ფართო საზოგადოებრიობამ ტელევიზიიდანაც შეიტყო), თუმცაღა  მათ ისევე, როგორც ედირნეში მყოფებს, მხოლოდ ერთი გზა ელით - გზა სამშობლოში!

დეპორტირებულებისთვის ეს გზა ახალი მცდელობაცაა უკვე სხვა "გზის" საძიებლად. ამჯერად უკვე სხვა თაღლითური, დანაშაულებრივი ჯგუფების სატყუარა ხდებიან ქართველი ბედისმაძიებლები.

და ყველაფერი ისევ თავიდან იწყება!..