ვინ შეიტყაპუნა ლტოლვილების ფული?! - კვირის პალიტრა

ვინ შეიტყაპუნა ლტოლვილების ფული?!

ლტოლვილთა და განსახლების ახალი მინისტრის სოზარ სუბარის დავალებით, ობიექტებზე, სადაც დავით დარახველიძის მინისტრობისას დევნილები შეასახლეს, მონიტორინგი ჩატარდა, რის შემდეგაც  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა დასკვნა მოამზადა და სამართალდამცავ ორგანოებს შესასწავლად გადასცა. რა დარღვევები აღმოჩნდა აახალაშენებულ ობიექტებზე და როგორ  პასუხობს სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის ბრალდებებს ყოფილი მინისტრი, ამის გარკვევა ვცადეთ.

ნანა კანკია, ტყიბულის დევნილთა საცხოვრებელში შესახლებული: "წელიწადიც არ არის, რაც აქ ვცხოვრობთ. აქაურობას ნესტი ჭამს, კედლები რამდენჯერაც უნდა შეღებონ, არაფერი შველის. ონკანიდან შავი წყალი მოდის. არც ჭერი ვარგა, არც იატაკი. მეტიც, როცა  დავდივართ, იატაკი ტორტმანობს".

მარინა ადამია, ტყიბულის დევნილთა საცხოვრებელში შესახლებული: "აქ შემოვედით, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო. თუმცა, მალე მილებიდან წყალმა გამოჟონა. კარის გაღება-დაკეტვაზე  კედლები იბზარება და თაბაშირი ცვივა. როცა ქარია,  ჭერი ადის და ჩამოდის".

ნონა ხვადაგიანი, ქუთაისში დევნილთა ობიექტზე შესახლებული: "კედლები უკვე დასკდა და დაიბზარა. ბათქაშიც ცვივა, ერთ ოთახში  კედელი ოთხი ფერით არის შეღებილი. სანტექნიკას ხომ მუდმივად ვაკეთებთ და მაინც მწყობრიდან გამოდის. ელექტრობა ისეა გაყვანილი, მადუღარას ჩართვასაც ვერ უძლებს".

"კვირის პალიტრა" სოზარ სუბარის პირველ მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს  ესაუბრა: - კომპანია "ენბიჯიმ" ნაკისრი ვალდებულება სანახევროდაც ვერ შეასრულა, ამიტომ მასთან  ურთიერთობა შევწყვიტეთ და შესყიდვების სააგენტოს ამ კომპანიის "შავ სიაში" შეყვანა ვთხოვეთ.

- საზოგადოებამ ამ ფაქტების გასაჯაროება ამჟამინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის წინამორბედ მინისტრთან, დავით დარახველიძესთან დაპირისპირებად აღიქვა.

- ახალი მინისტრის დავალებით, პირველივე დღიდან დაიწყო მონიტორინგი  და აღმოჩნდა, რომ  ზოგიერთ ობიექტზე პრობლემები არა მარტო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების უპასუხისმგებლობით იყო გამოწვეული, არამედ უკონტროლობითაც. შესაბამისად, ორი დეპარტამენტის და ერთი  სამმართველოს უფროსი, ასევე რამდენიმე თანამშრომელი დავითხოვეთ.

- ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა რატომ არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები?

-  ტენდერებში მონაწილე კომპანიები გამარჯვების მიზნით სახელმწიფო უწყებებს სამუშაოების იაფად შესრულების პირობებს  სთავაზობდნენ და იმარჯვებდნენ, შემდეგ კი სანახევროდაც ვერ ასრულებდნენ სამუშაოს. თუმცა, დაგვპირდნენ, რომ ხარვეზებს საკუთარი სახსრებით აღმოფხვრიან.

- ამასობაში ლტოლვილები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან, საკმაოდ სოლიდურია თანხები, რომლებიც კომპანიებმა მიიღეს.

- გეთანხმებით, და ამიტომაც დასკვნა სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა. ისინი თავად განსაზღვრავენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ვინმეს თუ მხოლოდ დისციპლინური.…

დავით დარახველიძე, ექსმინისტრი: "რეგიონებს, მშენებლობებისა და განსახლებების ჩათვლით, კურირებდა ჩემი მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, რომელიც რამდენადაც ვიცი, დღესაც იმავე თანამდებობაზეა. მინისტრის ყოველდღიური მოვალეობა არ იყო მშენებლობების გაკონტროლება.

ყველა ობიექტზე, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა, არსებობდა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც  ხარისხსაც ეხებოდა და  სამუშაოების მოცულობებსაც. არც ერთ შემთხვევაში დასკვნა უარყოფითი არ ყოფილა. ამიტომ ამ თემაზე პირადად მე კომენტარს აღარ ვაკეთებ. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნახევარიც კი არ არის მართალი".

ცნობისთვის

ლტოლვილთა და განსახლების  სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, ჭავჭავაძის #58-ში მდებარე ობიექტის (ბინები 62 დევნილ ოჯახს გადაეცა) რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს "ენბიჯიმ" განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 1.158.000 ლარი შეადგინა. შენობაში დევნილები 2014 წლის მაისში შესახლდნენ.

ტყიბულში, გამსახურდიას #42-ში მდებარე ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  კი შპს "ს.ე.ნ."-ი აწარმოებდა, პროექტის ღირებულება 755.934 ლარი იყო. შენობაში სულ 35 ბინაა. დევნილები აქ 2013 წლის ივნისში შესახლდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადების გადაცილების გამო კომპანია 3.897 ლარით დაჯარიმდა. "ს.ე.ნ."-მა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა სამტრედიაშიც, 79-ბინიან ობიექტზე. პროექტის ღირებულებამ 1.519.602 ლარი შეადგინა. შენობაში დევნილები 2013 წლის ივნისში შესახლდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადების გადაცილების გამო კომპანია 7.373 ლარით დაჯარიმდა.