მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ნუ გაგვიცრუებთ იმედებს!

ძალიან მინდა უკრაინაზე დავწერო, მაგრამ ძალიან მიჭირს. როგორც ბევრი, მეც იმედგაცრუებული ვარ დასავლეთის უმოქმედობით. დასავლეთმა რუსეთს შეარჩინა ჩეჩნეთი, შეარჩინა საქართველო და ახლა ისეთი პირი უჩანს, უკრაინასაც შეარჩენს. პუტინი ატყუებს ყველას, თან ისე, რომ არც მალავს ამას, დასავლეთი კი ისევ ენამოჩლექით ელაპარაკება და გაურკვეველ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს, რომლებიც თუ მოიტანს შედეგს, მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში.

ეს ეკონომიკური სანქციებიც არ არის მკაცრი, მაგალითად, ისეთი, როგორიც ირანს დაუწესეს, ვერც პუტინის დიქტატორად გამოცხადებას ბედავენ, როგორც ლუკაშენკო გამოაცხადეს და, ფაქტობრივად, დასავლეთის ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს. არა, პუტინს ჯერ ისევ ელაპარაკებიან, ფაქტობრივად, ეხვეწებიან, პუტინი კი დასცინის მათ. მესმის, რომ დღეს რუსეთთან სხვა ეკონომიკური კავშირებია, მესმის, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, მაგრამ განა საბჭოთა კავშირი არ იყო ბირთვული სახელმწიფო? ადრეც დავწერე და კიდევ გავიმეორებ: ვიდრე დასავლეთი რუსეთს არ მიუდგება ისე, როგორც საბჭოთა კავშირს უდგებოდა, არაფერი შეიცვლება. რაც უფრო მალე მიხვდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ თანამედროვე რუსეთი ზუსტად ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორ საფრთხესაც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა, მით უკეთესი იქნება. დასავლეთში ბევრი ანალიტიკოსი უკვე ამბობს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე ლიტვა, მოლდავეთი და საქართველო იქნებიან. Mმესმის, რომ დასავლეთში არ სურთ ახალი ომი, არ სურთ აწყობილი სისტემების დანგრევა, მაგრამ ხომ შეიძლება ომის გარეშეც გადადგან უფრო ქმედითი ნაბიჯები: მაგალითად, უელსის სამიტზე საქართველო და უკრაინა ნატოში მიიღონ. ჩვენი ნატოში მიღება დასავლეთის ომში ჩათრევის შანსს ზრდის, მაგრამ ამან შეიძლება რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორის როლი ითამაშოს, თუმცა ამასაც ვერ ბედავენ. გაურკვეველ პაკეტებს გვთავაზობენ, რადგან მერე რუსეთი თავს რომ დაგვესხას, ჩვენი დაცვის ვალდებულება არ ჰქონდეთ. ის კი არა, მერკელმა ამას წინათ უკრაინის პრეზიდენტს ისიც ურჩია, ძალიანაც ნუ შეუტევთ პრორუს სეპარატისტებს, თორემ ისინი მწარედ რომ დამარცხდნენ, პუტინი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს და უარესი დაგვემართებაო.

დასავლეთს ყოველთვის უჭირს სხვისთვის შეწუხება, მაგრამ მერე ის, რაც სხვისი პრობლემა ჰგონია, მისიც აღმოჩნდება ხოლმე. იქნებ დროა, საკუთარ შეცდომებზე მაინც ისწავლონ? არადა, საქართველოში ჯერ ისევ მაღალია დასავლეთის ნდობა. NDI-ს ბოლო გამოკითხვით, მოსახლეობის 58% ევროკავშირს ირჩევს და მხოლოდ 19 ევრაზიულ კავშირს, მაგრამ არც 19%-ია მცირე. ჰოდა, ნუ გაგვიცრუებთ იმედს!