მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
01-09-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
ნუ გაგვიცრუებთ იმედებს!

ძალიან მინდა უკრაინაზე დავწერო, მაგრამ ძალიან მიჭირს. როგორც ბევრი, მეც იმედგაცრუებული ვარ დასავლეთის უმოქმედობით. დასავლეთმა რუსეთს შეარჩინა ჩეჩნეთი, შეარჩინა საქართველო და ახლა ისეთი პირი უჩანს, უკრაინასაც შეარჩენს. პუტინი ატყუებს ყველას, თან ისე, რომ არც მალავს ამას, დასავლეთი კი ისევ ენამოჩლექით ელაპარაკება და გაურკვეველ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს, რომლებიც თუ მოიტანს შედეგს, მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში.

ეს ეკონომიკური სანქციებიც არ არის მკაცრი, მაგალითად, ისეთი, როგორიც ირანს დაუწესეს, ვერც პუტინის დიქტატორად
გამოცხადებას ბედავენ, როგორც ლუკაშენკო გამოაცხადეს და, ფაქტობრივად, დასავლეთის ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს. არა, პუტინს ჯერ ისევ ელაპარაკებიან, ფაქტობრივად, ეხვეწებიან, პუტინი კი დასცინის მათ. მესმის, რომ დღეს რუსეთთან სხვა ეკონომიკური კავშირებია, მესმის, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, მაგრამ განა საბჭოთა კავშირი არ იყო ბირთვული სახელმწიფო? ადრეც დავწერე და
კიდევ გავიმეორებ: ვიდრე დასავლეთი რუსეთს არ მიუდგება ისე, როგორც საბჭოთა კავშირს უდგებოდა, არაფერი შეიცვლება. რაც უფრო მალე მიხვდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ თანამედროვე რუსეთი ზუსტად ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორ საფრთხესაც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა, მით უკეთესი იქნება. დასავლეთში ბევრი ანალიტიკოსი უკვე ამბობს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე ლიტვა, მოლდავეთი და საქართველო იქნებიან. Mმესმის, რომ დასავლეთში არ სურთ ახალი ომი, არ სურთ აწყობილი სისტემების დანგრევა, მაგრამ ხომ შეიძლება ომის გარეშეც გადადგან უფრო ქმედითი ნაბიჯები: მაგალითად, უელსის სამიტზე საქართველო და უკრაინა ნატოში მიიღონ. ჩვენი ნატოში მიღება დასავლეთის ომში ჩათრევის შანსს ზრდის, მაგრამ ამან შეიძლება რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორის როლი ითამაშოს, თუმცა ამასაც ვერ ბედავენ. გაურკვეველ პაკეტებს გვთავაზობენ, რადგან მერე რუსეთი თავს რომ დაგვესხას, ჩვენი დაცვის ვალდებულება არ ჰქონდეთ. ის კი არა, მერკელმა ამას წინათ უკრაინის პრეზიდენტს ისიც ურჩია, ძალიანაც ნუ შეუტევთ პრორუს სეპარატისტებს, თორემ ისინი მწარედ რომ დამარცხდნენ, პუტინი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს და უარესი დაგვემართებაო.

დასავლეთს ყოველთვის უჭირს სხვისთვის შეწუხება, მაგრამ მერე ის, რაც სხვისი პრობლემა ჰგონია, მისიც აღმოჩნდება ხოლმე. იქნებ დროა, საკუთარ შეცდომებზე მაინც ისწავლონ? არადა, საქართველოში ჯერ ისევ მაღალია დასავლეთის ნდობა. NDI-ს ბოლო გამოკითხვით, მოსახლეობის 58% ევროკავშირს ირჩევს და მხოლოდ 19 ევრაზიულ კავშირს, მაგრამ არც 19%-ია მცირე. ჰოდა, ნუ გაგვიცრუებთ იმედს!
kaxi
09 სექტემბერი 2014 09:26
რომ არ დახუჭოს ა.შ.შ.--მ თვალი რას იზავს? რა ომს დაუწყაბს რუსეთს? ეკონომიური სანქციებით რუსეთი ვითომ ძალიან დაზარალდა. სხვა ქვეყნებიდან შეიტანს საკვებ პროდუქტებს, ესეც არაა დიდი პრობლემა. რუსეთი ფულს გადაიხდის მისთვის რა მნიშვნელობა აქვს. ზამთარიც მალე მოვა გადაუკეტავს ევროპის იმ ქვეყნებს გაზს რომლებმაც სანქციები დაუწესეს და მერე იყიდონ ნორვეგიისაგან გაზი ორმაგ ფასებში. 100 ტანკი და ჯავშანმანქანა ნატოს სარეზერვო ფონდიდან მიიღო უკრაინამ და დიდი ნაწილი რუსებმა ჩაიგდეს ხელში, ან გაანადგურეს. შეპირებული 1 მილიარდი უკრაინას ჯერ არ მიუღია. ასე ომს ისინი ვეღარ გააგრძელებენ. პოროშენკო იარაღს ითხოვს ევროპისაგან, ჯერ--ჯერობით მხოლოთ დაპირებებია მეტი არაფერი.
თამაზ
08 სექტემბერი 2014 17:56
გემახსოვრებათ ალბათ, ობამას ვიზიტი რუსეთში პუტინთან პრეზიდენტობის პირველი ვადისას, როდესაც მან "აღიარა": რუსეთს კავკასიაში ინტერესები აქვსო! ამით ობამა დაეთანხმა პუტინს, რომ სსრკ-ს დაშლა თუ მთლად გეოპოლიტიკური კატასტროფა არა, რუსეთისთვის რაღაც ზიანის მომტანი მაინც ყოფილა თურმე. ჩვენ უფრო გვგონია სსრკ-ს დაშლა ისტორიული კანონზომიერება, ვიდრე ევროპას და ამერიკას.იქ ჩვენზე უკეთ იციან, რომ საბჭოთა კავშირი თავისით არ დაშლილა, "ცოტას" გარედანაც "წეეხმარნენ"! დღეს არავის მოსდის აზრად აშშ-ს დაშლა შტატებად, მაგრამ ხვალ რომ დაიშალოს, ბევრი იტყვის: ვიცოდით, ეს ისტორიულად გარდაუვალი იყოო! ევროპა და აშშ ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს პოსტ საბჭოთა სივრცეში. ამის ნათელი მაგალითებია: აფხაზეთი, სამაჩაბლო, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი - და გვირგვინი - ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა! ხვალ რომ პუტინმა სსრკ-ს ყველა ყოფილი ტერიტორია შემოიერთოს (ზოგი ძალის გამოყენებით, ზოგიც დაშინებით), ცივილიზებული სამყარო კიდევ ერთხელ შეშფოთდება! ეს არის და ეს!
nugzari
08 სექტემბერი 2014 15:26
პუტინი კარგად ხრდავს მათ უნიათობას და დასცინის კიდეც, ერთი კამერონი იქცევა ვაჟკაცურად, მაგრამ მხარი არავინ არ აუბა არ უნდა ევროპას ზმთარში გაყინვა და არც შინელის ჩაცმა უკრაინისთვის! ერთი მათ სახლებში მიუკაკუნოს რუსის სალდათმა და მერე ვნახოთ როგორ მოიქცევიან, ვერაფერსაც ვერ იზამენ, რადგან ევროპის ეს თაობა უკვე გადაგვარებულნი არიან, მათ მხოლოდ შეშფოთება -აღსფოთება იციან და ისიც ძალიან ცუდად!

რედაქტორის რჩევით