"NDI-ს კვლევა - ნავაროს ბოლო საჩუქარი "ნაცმოძრაობას" - კვირის პალიტრა

"NDI-ს კვლევა - ნავაროს ბოლო საჩუქარი "ნაცმოძრაობას"

კახი კახიშვილი: "ამ კვლევაში მოცემულია ის სურათი, რისი ხილვაც სურს "ნაციონალურ მოძრაობას"

საქართველოში აშშ-ის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლობამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგი შედეგები წარმოადგინა, რომლის პოლიტიკურმა ნაწილმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ბოლო კვლევა ჩატარებულია  ა.წ. 23  ივლისიდან 7 აგვისტომდე  პერიოდში და გამოკითხულია 3 338 რესპონდენტი. უკვე წლებია კვლევას  NDI-ს დაკვეთით ატარებს ორგანიზაცია ჩღღჩ-საქართველო, რომლის მიმართ საზოგადოებაში ბევრი კითხვაა დაგროვილი.

კვლევის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნება" 42%-იანი რეიტინგით კვლავ რჩება წამყვან პოლიტიკურ ძალად. ორგანიზაციის მონაცემებით,  გამოკითხულთა უმეტესობას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ყველაზე მეტად მოსწონს (60%), მას მოსდევს ირაკლი ღარიბაშვილი 54%-ით, მესამე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია (51%).

სოციოლოგებს უცნაურად ეჩვენებათ ის, რომ პოლიტიკოსების პირველ ხუთეულში ოპოზიციურ  ლიდერთაგან მოხვდა საპარლამენტო  უმცირესობის ხელმძღვანელი   დავით  ბაქრაძე, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში პოლიტიკურ ასპარეზზე საერთოდ არ უაქტიურია. მისი მოწონების რეიტინგი პრეზიდენტ გიორგი  მარგველაშვილის მსგავსად, 48%-ია.

კKვლევის მიხედვით, მარგველაშვილს რეიტინგით ჩამორჩა კოალიციის სულისჩამდგმელი ბიძინა ივანიშვილი. მარგველაშვილის მსგავსად მზარდია თბილისის მერის, დავით ნარმანიას მაჩვენებელი  და შეადგენს 45%-ს. NDI -ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიციური პარტიის  არსებობა. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი გამოკითხულთა 51 პროცენტი  ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ასახელებს. მას მოსდევს "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი  ოპოზიცია" - 5% და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" -  4 პროცენტი.

სოციოლოგთა ნაწილი კვლევის მეთოდოლოგიას და შერჩეულ კითხვებს იწუნებს, მაგალითად, მოგწონთ თუ არ მოგწონთ ესა თუ ის ფიგურა? "რას ნიშნავს მოგწონს? გარეგნობით მოგწონს, საქმიანობით მოგწონს, სიტყვა-პასუხით მოგწონს?" - კითხულობენ ექსპერტები. Kკვლევების შედეგები საეჭვოდ მიაჩნია ექსპერტ კახი კახიშვილსაც.

-  საინტერესოა, ბოლოს როდის მოხდა, რომ NDI-ს კვლევის შედეგი არ დაემთხვა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს და როდის მიიჩნია ვინმემ ეს კვლევა სანდოდ? - ასეთს ვერ გაიხსენებთ.

2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე  NDI  ინტენსიურად აქვეყნებდა კვლევებს, რომლითაც ხატავდა ისეთ სურათს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უპირობო ლიდერი იყო, "ქართული ოცნება" კი - მას დიდი პროცენტით ჩამორჩებოდა.

იმჟამად საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა ნაწილმა სთხოვა ლუის ნავაროს, რომ კვლევა ერთხელ მაინც დაეკვეთა სხვა ორგანიზაციისთვის და არა იმისთვის, რომელსაც არავინ ენდობოდა, რაზეც ნავარომ უარი თქვა. ამის შემდეგ სოციოლოგთა ნაწილმა ნავაროს  შესთავაზა, თუ არ შეიცვლებოდა კვლევის შემსრულებელი ორგანიზაცია, მაშინ ჩამოყალიბებულიყო სამუშაო ჯგუფი, რომელშიც დამოუკიდებელი სპეციალისტები ამავე ორგანიზაციის ფარგლებში იმუშავებდნენ ველის შერჩევის, კითხვების ფორმულირებისა და სხვა საკითხებზე, რაზეც ასევე უარი მიიღეს. ყველასთვის ცხადი იყო, რომ ლუის ნავარომ თავისი საქმიანობა მიუძღვნა "ნაციონალურ მოძრაობას". მიუხედავად იმისა, რომ მას ამოეწურა ვადა და უკვე დატოვა საქართველო, ამ კვლევას მაინც ვუწოდებდი "ნაციონალური მოძრაობისთვის"  მირთმეულ ნავაროს ბოლო საჩუქარს. ამ კვლევაში ძირითადად მოცემულია ის სურათი, რისი ხილვაც სურს "ერთიან "ნაციონალურ მოძრაობას".

ეს კვლევა არ ყოფილა მაინცდამაინც დღევანდელი დღისთვის გამიზნული, ეს კვლევა განკუთვნილია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამზადისისთვის, რასაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები უკვე შემოდგომიდან შეუდგებიან.

საზოგადოებას და პოლიტიკოსებს ისეთი სურათი მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც, დღითი დღე სუსტდება მმართველი კოალიცია, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" სტაბილურად ინარჩუნებს წამყვანი ოპოზიციური ძალის პოზიციას. კვლევის შედეგები ასევე მიზანმიმართულად მიანიშნებს იმაზე, რომ კოალიციის შიგნით არიან მზარდი რეიტინგის პოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყება და რომ მათ შეიძლება 2016 წლისთვის ცალკე, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრები შექმნან. ხაზგასმულია ისიც, რომ არსებობს ამომრჩეველთა 30%, რომელსაც დღეს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მოსწონს და  სწორედ ამ 30%-ის იმედი შეიძლება ჰქონდეს ჰიპოტეტურ პოლიტიკურ ცენტრებს, რომლებიც თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გარშემო შეიძლება ჩამოყალიდეს.

კვლევის მიხედვით მარგველაშვილის რეიტინგი თურმე უსწრებს იმ ადამიანის რეიტინგს, რომელმაც მოიყვანა კოალიცია ხელისუფლებაში, მარგველაშვილი კი პრეზიდენტის სავარძელში ჩასვა.

ესეც მიზანმიმართულადაა გაკეთებული, რათა დაამკვიდრონ აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ეცემა და მისი ავტორიტეტის აღარავის უნდა ეშინოდეს. შემცირებულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი, თუმცა, თვალში საცემია თბილისის მერის, ნარმანიას რეიტინგის ზრდა. რა თქმა უნდა, ესეც აშკარა მცდელობაა, რიგ პოლიტიკოსებს აღუძრან ამბიცია და ისინი წავიდნენ კოალიციიდან, რომელიც  NDI-ს მტკიცებით, ჩაძირვას იწყებს. ეს სურათი ვის აწყობს, თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას?"

- ანუ ვარაუდობთ, რომ კვლევა მიმართულია შიდასახელისუფლებო დაპირისპირებების წახალისება-პროვოცირებისკენ?

-  თუ გადავხედავთ მთავრობას, მის შიგნით ჰარმონიული ურთიერთობები არ სუფევს, მაგალითად, ღარიბაშვილსა და ალასანიას შორის ნამდვილად არ არის მეგობრული ურთიერთობა, რის ხაზგასმასაც სულ ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა," იმავეს იმეორებს NDI-ს კვლევა იმის ჩვენებით, რომ ალასანია ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ღარიბაშვილი. ასევე გამოყენებულია ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის არსებული გაუგებრობა, ანუ, ფაქტობრივად, ხდება კონფლიქტების პროვოცირება. ამის პარალელურად საზოგადოებას ეუბნებიან, ნახეთ, "ნაციონალური მოძრაობა" შეუცვლელი მეორე პოლიტიკური ძალააო.

- თქვენი აზრით, ასეთი "მანევრები" თავის მიზანს მიაღწევს?

- არ არის გამორიცხული, რიგმა პოლიტიკოსებმა მიიჩნიონ, რომ NDI-ს კვლევა ამერიკელების გზავნილია და რომ ამერიკელებს სურთ ასეთი სურათის ხილვა, შედეგად კი ამის მიხედვით მოხდეს მოვლენების ფორსირება. კვლევა უბიძგებს იქითკენ, რომ დღეს თუ ვინმე ყოყმანობს კოალიციიდან გასვლას, მალე ამაზე აღარ იყოყმანოს და საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ წარმატებას 2016 წელს კოალიციისგან დამოუკიდებლად მიაღწევს. "ქართულმა ოცნებამ" კარგად უნდა მოიფიქროს, თუ რა სტრატეგიით აპირებს 2016 წლამდე მისვლას და დროზე დაასრულოს შიდასახელისუფლებო გაუგებრობები. ეს გაუგებრობები კოალიციას ასუსტებს.

ნათია დოლიძე