"ქალაქი ძალიან დიდ შემოსავალს კარგავს და ეს ფული ერთი კომპანიის ჯიბეში ილექება" - ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ნარმანიასთან
08-09-2014
"ქალაქი ძალიან დიდ შემოსავალს კარგავს და ეს ფული ერთი კომპანიის ჯიბეში ილექება" - ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ნარმანიასთან
"ქალაქი ძალიან დიდ შემოსავალს კარგავს და ეს ფული ერთი კომპანიის ჯიბეში ილექება"

"უნდა გაუქმდეს ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანის წესი. თუ ავტომანქანა არ დგას შესაბამის ადგილზე, პატრონი მხოლოდ უნდა დაჯარიმდეს. ასევე ვაპირებთ ტარიფის გადახედვას"

"გარე რეკლამის რეგულაცია ადგილობრივი მთავრობის უფლებამოსილებაა და არა - რომელიმე ერთი კომპანიის"


ბოლო წლებში დედაქალაქში ყოფილი ხელისუფლების ხელშეწყობით რამდენიმე მონოპოლიური სუბიექტი გაჩნდა. ბიზნესის ყველაზე მომგებიან სექტორებს თბილისის ყოფილ მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესჯგუფები ეპატრონებოდნენ. ხშირად საჯარო ტენდერი მხოლოდ შირმა იყო,
რომლის მიღმაც გადაწყვეტილების მიღება პირადი ინტერესების საფუძველზე ხდებოდა. ასე დაეპატრონა ქალაქში სამარშრუტო ტაქსების ბიზნესს "თბილისის მიკროავტობუსი", პარკირების სერვისს - "სითი პარკი", ხოლო გარე რეკლამას - "აუთდორ. ჯი".
მერიის მიერ ჩატარებული არაერთი ტენდერი აშკარა დანაშაულებრივ ელემენტებს შეიცავდა. ასე იყო მაშინ, როცა თბილისის მერიამ სამარშრუტო ტაქსების ტენდერში
გამარჯვებული ოთხი კომპანია გამოავლინა. ოთხივე კომპანია ერთ დღეს დარეგისტრირდა, დოკუმენტები ერთი და იმავე ნოტარიუსის მიერ იყო დამოწმებული და ოთხივე კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100-100 ლარს შეადგენდა. გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ოთხივე კომპანია ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა და მონოპოლისტად მოგვევლინა.

დანაშაულებრივი ქმედებები იკვეთებოდა მერიის მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე გამოცხადებულ აუქციონშიც. მაგალითად, აუქციონი 2009 წლის 2 აპრილს გაიმართა და 3 აპრილს მერიამ უკვე გადასცა ნებართვა აუქციონში გამარჯვებულ "აუთდორ.ჯის" და "მაგი სტილი მედიას". აუქციონის პირობებში მითითებული იყო, რომ ნებართვის საფასურის მინიმალური ოდენობა 1 კვმ-ზე 18 ლარით განისაზღვრა. თუმცა, ნებართვაში, რომელიც კომპანიებზე მერიის სააუქციონო კომისიამ მეორე დღეს გასცა, რეკლამის განთავსებისთვის თანხა 1 კვმ-ზე 6 ლარამდე შემცირდა(?!). ფაქტობრივად, მოხდა მესამედი თანხის დაწესება, რაც, ბუნებრივია, კანონდარღვევაა და რამაც თბილისის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. შემდეგ კი "მაგი სტილი მედიამ" გარე რეკლამის თავისი ნებართვა უსასყიდლოდ დაუთმო "სმოდ ედვერთაიზინგს", რომელიც, თავის მხრივ, ისევ "აუთდორთან" ასოცირდება და ერთი ჰოლდინგის წევრები არიან. შედეგად, დღეს ქალაქში გარე რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ ერთ სუბიექტს - შპს "აუთდორ. ჯის" აქვს და ის ამ უფლებას 2021 წლამდე ფლობს(?!). ეს კომპანია ბოლო დრომდე დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა.
როგორი იქნება თბილისის ახალი მთავრობის პოლიტიკა მისი წინამორბედის ხელშეწყობით შექმნილი მონოპოლიების მიმართ - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე "კვირის პალიტრას" თბილისის მერი დავით ნარმანია ესაუბრა.


- ყოველი პარასკევი ტრადიციულად, სერვისის მიმწოდებელი კომპანიების საქმიანობის მოსმენის დღეა. რამდენიმე კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უკვე მოვისმინეთ და ახლა მათ საქმიანობას ვაფასებთ, სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობთ და ვაძლევთ კომპანიებს მითითებებსა და შენიშვნებს. მMომავალ პარასკევს  ის კომპანია წარმოგვიდგენს ანგარიშს, რომელიც  თბილისის სამარშრუტო ხაზების დიდ ნაწილს ემსახურება.  ჩვენ გავაკეთებთ ანგარიშს, თუ რამდენად კმაყოფილია მუნიციპალიტეტი კომპანიის მომსახურებით. საუბარი იქნება მარშრუტების განაწილების, მგზავრობის ტარიფისა და ზაფხულში კონდიცირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. უნდა ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზეც და საზოგადოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას მას შემდეგ მივაწვდით, რაც გვექნება მეტი ინფორმაცია ამ კომპანიის საქმიანობის შესახებ.

- გამოდის, რომ ასეთ კომპანიებთან  მერია უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას არ აპირებს. თუ ვამბობთ, რომ კონკრეტული ტენდერი შეიცავდა დანაშაულის ელემენტებს, რატომ არ აუქმებს მერია ხელშეკრულებას ასეთ კომპანიებთან?
- თბილისის მერია ცდილობს, საზოგადოებას ხარისხიანი სერვისი შესთავაზოს, თუ სადმე დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მასალები შესაბამის უწყებას გადაუგზავნოს, რადგან ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო; ასევე ვცდილობთ, მოქალაქეებისთვის სერვისის მიწოდება არ შეფერხდეს.
"სითი პარკთან" დაკავშირებით ძალიან მწვავე განხილვა გვქონდა. ეს არის მართლაც დანაშაულებრივი გზით გაფორმებული ხელშეკრულება და დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვით ყველაფერი კომპანიის სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი და მერიისა და საზოგადოების ინტერესები, ფაქტობრივად, იგნორირებულია. აAმიტომაც, ძალიან მკაცრად შევაფასეთ ამ კომპანიის საქმიანობა.

- დანაშაულებრივი სქემა ახსენეთ, თუმცა "სითი პარკი" ამბობს, რომ მათ მერიის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვეს და ამ გზით მოიპოვეს თბილისში შესაბამისი სერვისის განხორციელების უფლება...

- ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი შეკითხვა, რადგან ამ ტენდერში "სითი პარკს" ჰყავდა კონკურენტი, რომელსაც 1 ლარით მოუგო და შემდეგ ამავე კონკურენტთან მოხდა მისი შერწყმა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ხომ არ იყო ეს ხელოვნური კონკურენტი. მეორე, "სითი პარკთან" დადებულ ხელშეკრულებაში ბევრი მუხლი და ნორმა სწორედ ერთი კომპანიის სასარგებლოდ  არის მომზადებული და როგორც კი თბილისის მერია დაიწყებს მის წინააღმდეგ  მოქმედებას, კომპანიას აქვს უფლება, მიმართოს არბიტრაჟს. თუ ხელშეკრულება გაწყდება, თბილისის მუნიციპალიტეტს ათეულობით მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. ამიტომ ვერ ვწყვეტთ ხელშეკრულებას ამ კომპანიასთან. 

ბევრ კითხვას ბადებს პარკირების საფასურის 25-დან 50 ლარამდე გაზრდა. ერთ დღეს კომპანიამ მუნიციპალიტეტს წერილობით მიმართა და მოითხოვა ტარიფის მინიმუმ გაორმაგება. მეორე დღეს გაიმართა თბილისის მთავრობის სხდომა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ტარიფი გაორმაგდა და ორი დღის შემდეგ შევიდა ძალაში, რამაც კომპანიას დიდი მოგება მოუტანა.

კითხვები ჩნდება მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის შემოსავლების უთანასწორო განაწილებასთან დაკავშირებითაც. კომპანია "სითი პარკს" უფრო სოლიდური შემოსავლები აქვს, ვიდრე მუნიციპალიტეტს. ეს ჩათვალა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად უგულავას საქმეში და მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვა, სწორედ ამ თვალსაზრისით გახდა სადავო, რადგან ეს ნორმა სადავო იყო, აღარ ვაძლევთ კომპანია "სითი პარკს" იმ დამატებით პროცენტს, რითაც ის მუნიციპალიტეტზე მეტ შემოსავალს იღებდა. ეს თანხა ყოველთვიურად განსხვავებულია მიღებული შემოსავლების პროცენტის შესაბამისად.
დაპირება, რომელიც ჩვენ მივეცით ამომრჩეველს, რომ გავასაჯაროებდით "სითი პარკთან" დადებულ ხელშეკრულებას, შესრულებულია, თუმცა ჩვენ არ გავჩერდებით და მიმდინარე თვის ბოლომდე კომპანიას შევთავაზებთ ხელშეკრულების ცვლილებას. თუ უნდათ, ერქვათ სოციალურად პასუხისმგებელი კომპანია და სურთ, საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვონ, ამ შეთავაზებას უნდა დათანხმდნენ.

- საინტერესოა, რას მიიღებენ ამ ცვლილებებით ჩვენი მოქალაქეები?

- უნდა გაუქმდეს ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანის წესი. თუ ავტომანქანა არ დგას შესაბამის ადგილზე, პატრონი მხოლოდ უნდა დაჯარიმდეს. ასევე ვაპირებთ ტარიფის გადახედვას.

- კიდევ ერთი მონოპოლია, გარე რეკლამის მონოპოლიაა. როგორი იქნება მერიის პოლიტიკა "აუთდორ. ჯი"-სთან დაკავშირებით?

- ჩვენ ვსწავლობთ კომპანია "აუთდორ. ჯი"-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი ოლიგოპოლისტი, რომელსაც შესაძლოა, მონოპოლისტი ეწოდოს, რადგან ყველაფერი, რაც დაკავშირებულია გარე რეკლამასთან, მასთან არის თავმოყრილი.

ადამიანები, რომლებიც მერიაში ისხდნენ და ასეთ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, რატომ გრძნობდნენ თავს ამ კომპანიების ქვეშევრდომებად? პოლიტიკა ქალაქმა უნდა განსაზღვროს, ის თავის ნორმებს უნდა უწესებდეს ბიზნესს და არ უნდა იქცეს ცალკეული კომპანიების ფილიალის მსგავს წარმონაქმნად. რომ არა ფინანსური ინტერესი, ეს ადამიანები ასეთ პირობებს არ დათანხმდებოდნენ. მომდევნო პარასკევს მერიაში მათაც მოვუსმენთ. გარე რეკლამის რეგულაცია ადგილობრივი მთავრობის უფლებამოსილებაა და არა - რომელიმე ერთი კომპანიის. ქალაქი ძალიან დიდ შემოსავალს კარგავს და ეს ფული ერთი კომპანიის ჯიბეში ილექება. ამ კომპანიის გადახდილი გადასახადები იმაზე მცირეა, ვიდრე გონივრული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ქალაქი მიიღებდა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქალაქში ამ თვალსაზრისით კონკურენცია აღვადგინოთ.

- ყოველ ორშაბათს ხვდებით მოქალაქეებს... როგორც ჩანს, ქალაქში ყველაზე მწვავედ მაინც სოციალური პრობლემები დგას. ქალაქის ბიუჯეტის პრობლემების ფონზე როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას?

-  ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჯერ ყველაზე მწვავე პრობლემებს მივხედოთ. მომავალ წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის სხვა სოციალურ შეღავათებსაც დავაწესებთ, რაც გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას. კერძოდ, მუნიციპალური ტრანსპორტის შეღავათიანი ტარიფი, ეს ადამიანები უფასოდ იმგზავრებენ. მათი კომუნალური გადასახადები აქამდე წელიწადში 250 ლარით ფინანსდებოდა. ახლა ეს თანხა გაორმაგდება. გაიზრდება მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოველთვიური დაფინანსებაც.
ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე მესამე შვილის შემთხვევაში გაიცემა 800 ლარი, მეოთხე შვილისთვის  - 1.000, მეხუთე და შემდგომი შვილის დაბადებისას კი 1.500 ლარი ერთჯერადი დახმარება, ყოველთვიურად კი ნაცვლად 25 ლარისა, თითოეული ბავშვისთვის 50 ლარს მიიღებენ.

- ცოტა ხნის წინ მერიის ყოფილმა თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს და ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაში დაადანაშაულეს. ისიც ითქვა, რომ მერიაში ახალი თანამშრომლები ნათესაობა-ახლობლობის გამო ინიშნებიან...
- ახლობლურ-ნათესაური ნიშნით თანამშრომლები არ დაგვინიშნავს, მაგრამ ძველი ხელისუფლების ნათესავები, ვინც სამსახურში არ დადიოდნენ, გავათავისუფლეთ თანამდებობებიდან. შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ვანო მერაბიშვილის სიდედრი, რომელიც თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურში იყო გაფორმებული და ხელფასს ისე იღებდა, სამსახურში არ დადიოდა...

ყველა, ვინც მოინდომებს საბოტაჟს ან არ ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, მომავლშიც გათავისუფლდება სამსახურიდან.
tsiko
21 სექტემბერი 2014 21:21
მერე რას მიკეთებ დანიშნულო მერო? კი ნუ ჭორაობ, საქმე აკეთეთ, საქმე....
giga
09 სექტემბერი 2014 19:12
რატომ არ ეკითხებით ნარმანიას თბილისის წყალმომარაგების კომპანიის სესახენ?

gwp-ს თავხედობას საზღვარი არ ააქვს. როცა უნდა მაშინ თიშავს წყალს, აჩერებს ტურბინებს და დენს ზოგავს.

უწყლობა მარტო მე მაწუხებს?

მართლა საღორედ იქცა თბილისი
moqalaqe 1
09 სექტემბერი 2014 17:12
თვითონ კახი კალაძე (იმის ნათესავები, საერთოდ სასწაულია, სად არიან დანიშნულები და რა მარაგის პატრონები...)რისთვის დაინიშნა ჯერ მინისტრად და მერე ვიცე-პრემიერად. გაწიე-გამოწიე ფეხბურთელია ხომ?? და ეს ლაპარაკობს ქალზე, რომელიც მერიაში რაღაც ჭ პოზიციაზეა დანიშნული. კი ბატონო, არ უნდა იყოს დანიშნული, მაგრამ შენ როგორ ამბობ ამას ხმამაღლა, შენ თვითონ როგორ დაგნიშნეს მ ე რ ა დ და მინისტრებად! როგორ ინიშნებიან დღეს, ეს ხომ მარაზმია...
ამ განცხადებით პირდაპირ გეუბნება რომ მოქალაქევ, შენ ხარ დებილი! მე ვამბობ და ვაკეთებ, რაც მინდა, არც ლოგიკა მაინტერესებს და არც სამართალი...

რედაქტორის რჩევით