მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

"დვაცატ შესტ ბე დალი!"

რა აღარ უწოდეს იმას, - "მაპ-ზე უკეთესი", "ოქროს ბარათი", რაც ნატოს უელსის სამიტზე მივიღეთ, სამაგიეროდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" იპოვა საკრიტიკო და ეს სამიტი საქართველოსთვის წარუმატებლად შეაფასა - მეტის მიღწევა შეიძლებოდაო. მეტის მიღწევა, ალბათ, ყველგან და ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ამ სიტუაციაში 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მსგავსად მხოლოდ "მაპ-ზე უკეთესით" რომ უნდა დავკმაყოფილებულიყავით, ეს თავიდანვე ცხადი იყო. ყველაზე კარგი, რაც ჩვენთვის მოხდა,  საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნაა. დანარჩენი ლირიკაა, ეს კი ხელშესახები შედეგია. ფაქტობრივად, ნატოს ბაზა იქნება საქართველოში. "ფაქტობრივად" იმიტომ, რომ ეს კლასიკური ბაზა არ იქნება, მაგრამ ნატოს სამხედროები ხომ იქნებიან მუდმივად და ეს, წესით, რუსეთისთვის უნდა გახდეს შემაკავებელი ფაქტორი, რადგან ჩვენზე თავდასხმის დროს ნატოს სამხედროებიც რომ დაიღუპონ, ალბათ, ხვდებით, რომ სულ სხვაგვარად შეიძლება მოვლენები განვითარდეს. ზოგს ჰგონია, ორი დიდი სახელმწიფოს ბრძოლის პოლიგონი გავხდებით. მე კი ვფიქრობ, რომ ეს რუსეთისთვის უფრო შემაკავებელი ფაქტორი გახდება, ვიდრე გამაღიზიანებელი. ჩემი აზრით, უელსის სამიტზე მთავარი, რაც მოხდა, ის არის, რომ ვიდრე ჩვენ ვერ შევდივართ ნატოში, ნატო შემოდის ჩვენთან!

საერთოდ, ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს - მზეთუნახავი რომ უგონოდ შეყვარებულ ჭაბუკს ათასგვარ დავალებას აძლევს შესასრულებლად და მხოლოდ ამის მერე ჰპირდება ცოლად გაყოლას. ჭაბუკიც გულმოდგინედ ასრულებს, ათას გმირობას სჩადის, სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, მაგრამ მზეთუნახავს მეტი უნდა, თან ბოროტი ძალა ცდილობს, ჭაბუკს ხელი შეუშალოს, რადგან მათი შეუღლება არ აძლევს ხელს. მოკლედ, ყველაფერია კლასიკური ზღაპრის დასაწერად. უბრალოდ, ჯერ არ ვიცით, ჩვენი ზღაპრის ბოლო კეთილი იქნება თუ არა.

ვიდრე ფინალს გავიგებთ, იმითაც ვხარობთ, რაც მოგვცეს. ფრუნზიკ მკრტიჩიანის გმირივით ვართ, "მიმინოში" რომ შესძახებს: "დვაცატ შესტ ბე დალი! ტაკია გიდრავლიკა, შტო სუმა საიდიოშ! ტაი-რა-რა-რაი-რა-რაი-რა"... მთავარია, ახლა რუსმა არ მოგვიკაკუნოს კარზე და ჩვენი "სასტუმროდან" გასახლება არ მოინდომოს!

"ცოცხები" თუ რეიდები?

გასული კვირა ჩვენს ქვეყანაში მასობრივი ფსიქოზით აღინიშნა. დღე არ გავიდოდა, ვინმე არ მოეკლათ. ხალხი პანიკაში ჩავარდა, 90-იანი წლები ბრუნდებაო, დანაშაულმა მოიმატა და ახალი ხელისუფლება მას ეფექტურად ვერ ებრძვისო. ძველი ხელისუფლების მომხრეებმა ეს ადამიანური ტრაგედიები იმისთვის გამოიყენეს, რომ ხალხს წამოსძახეს, არ გინდოდათ ვანო და ბაჩო, ჰოდა, ახლა გეშინოდეთ მკვლელებისო! მოგენატრებათ ცოცხებიო და ა. შ. მოკლედ, დრო იხელთეს ბაჩოსა და ვანოს მეთოდების მხარდაჭერის გასამართლებლად.

ხელისუფლებამ კი ამ ყველაფერს სტატისტიკით უპასუხა. აქაოდა, არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ხოცავენ ადამიანებს, როგორც ადრეო, ვითომ ციფრები იყოს ადამიანის სიცოცხლის ალტერნატივა. ბევრმა ხელისუფლების სტატისტიკას არც დაუჯერა, მაგრამ რომც ვენდოთ, განა სტატისტიკით პასუხი ადეკვატური იყო? თუ 2011 წლის აგვისტოში 11 მკვლელობა მოხდა და 2014-შიც - 11, ეს დამშვიდების საფუძველს გვაძლევს?! სტატისტიკა კი არა, ადამიანია მთავარი. ადამიანის სიცოცხლე თვლითააა? ესე იგი, თუ ერთი ადამიანით ნაკლებს მოკლავენ მომავალ აგვისტოში და მხოლოდ 10 მსხვერპლი იქნება, ესე იგი, წინ ვართ?!

საზოგადოებაც ძალიან საინტერესო გვყავს: თურმე საქართველოში წელიწადში 100-120 მკვლელობა ხდება. ჩვენ კი მხოლოდ ახლა შევშფოთდით! ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რეიდები განაახლოს, რათა უკანონო იარაღი ამოიღოს და ახლა ამაზე ატეხეს მთელი ამბავი. თქვე კაი ხალხო, კრიმინალის მომატება არ გინდათ და არც რეიდები გინდათ?! აბა, პოლიცია ვანგა კი არ არის, მოსალოდნელი მკვლელობა იწინასწარმეტყველოს! შეიძლება რეიდები იდეალური გამოსავალი არ არის, მაგრამ "ცოცხებით" პრობლემის მოგვარებას, რეიდებით პრობლემის მოგვარება მირჩევნია... თუ მოაგვარებს, რა თქმა უნდა!