საერთაშორისო სკანდალი?! - კვირის პალიტრა

საერთაშორისო სკანდალი?!

"შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის ლობისტური კომპანიის "კრეაბის" სახელზე სააკაშვილის მთავრობა მილიონობით დოლარს და ევროს გზავნიდა"

"ეს ადამიანი ერთდროულად "კრეაბსაც" წარმოადგენდა და საგარეო საქმეთა სამინისტროსაც"

"ბილდტი თვითონ არის ჩაბმული ამ კორუფციაში და იცის, თუ გამოძიება სააკაშვილზე გავიდა, მასაც შეექმნება პრობლემები"

კოპენჰაგენში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კინოდოკუმენტალისტმა გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენცია გამართა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან პოლიტიკურ კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. მან წარადგინა დოკუმენტები, რომელიც, მისივე თქმით, ადასტურებს, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის ლობისტური კომპანიის ""კრეაბის" სახელზე სააკაშვილის მთავრობა მილიონობით დოლარსა და ევროს გზავნიდა. ხაინდრავას ცნობით, ეს დოკუმენტაცია მან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა.

"საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან (2006 წლიდან 2008 წლამდე) ყოველთვე 100 ათასი ევრო იგზავნებოდა, შემდეგ - 150 ათასი. ამავე თემაზე წერს შვედური გავლენიანი გამოცემა "აფტონბლადეტი", სადაც რამდენიმე დღის წინ საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩის ჰანს გუნარ ადენის ინტერვიუ დაიბეჭდა.

ცნობისათვის: ადენი, თავის დროზე, კრიტიკულ ანგარიშებს წერდა საქართველოს მთავრობაზე, რისთვისაც ბილდტმა ის სამშობლოში გაიწვია.

- კონკრეტულად რა მასალებია ეს და რატომ ედო მათ გრიფი "საიდუმლო"?

- ეს სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა დონის კორუფციონერი იყო სააკაშვილი და მისი ხელისუფლება. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ სააკაშვილის მსგავსი სუბიექტები რყვნიან ევროსტრუქტურებს. ამას ადასტურებს ის მასალები და ხელშეკრულება, რომელიც მე გამოვითხოვე მინისტრთა კაბინეტიდან ჩემი ჟურნალისტური გამოძიებისთვის.

კარლ ბილდტი 2008 წელს პირდაპირ მოგვევლინა სააკაშვილის დამცველად. ის 14-ჯერ ჩამოვიდა საქართველოში და განსაკუთრებულად აქტიურობდა სააკაშვილის ლობისტთა შორის. ბილდტის გამონათქვამებს ეყრდნობიან ამერიკელი სენატორებიც და საქმე იქამდე მივიდა, რომ მაკკეინმა და კიდევ ოთხმა ჩინოსანმა წერილი გამოაქვეყნეს - მოითხოვენ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას. კარლ ბილდტი კი  დაგვემუქრა, - საქართველოს ევროკავშირში პრობლემები შეექმნება, სააკაშვილის წინააღმდეგ თუ არ შეწყვეტთ გამოძიებასო.

ეს ბუნებრივია, ვინაიდან ბილდტი თვითონ არის ჩაბმული ამ კორუფციაში და იცის, თუ გამოძიება სააკაშვილზე გავიდა, მასაც შეექმნება პრობლემები. შვედეთში სერიოზული პოლიტიკური სკანდალია, გაზეთები აჭრელებულია ბილდტზე მასალებით, სადაც მას მოუწოდებენ გადადგეს იმიტომ, რომ გამჟღავნდა მისი კორუფციული კავშირი სააკაშვილთან. კოპენჰაგენში წარვადგინე საბუთები, რითაც უტყუარად დასტურდება, რომ კარლ ბილდტის კომპანია "კრეაბი" 2006 წლიდან იყო დაკავშირებული სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომ სააკაშვილი მას სოლიდურ თანხებს უხდიდა - თავდაპირველად თვეში 100 ათას ევროს, 2008 წლის იანვარ-თებერვალში კი კომპანიამ გადასახადის გაზრდა მოითხოვა იმიტომ, რომ სპეცპროექტი განახორციელეს, ასე ვთქვათ, სააკაშვილს მაშველი რგოლი გადაუგდეს.

- რომელ სპეცპროექტზეა ლაპარაკი?

- 2008 წლის იანვარში, როდესაც საქართველოში არჩევნები გაყალბდა, სააკაშვილი რეალურად ვერ ახერხებდა ლეგალურად ხელისუფლებაში მოსვლას და ამისთვის დასჭირდა ხელისუფლების უზურპაცია. ამას გამართლება სჭირდებოდა და მისი პირველი ქომაგი, კარლ ბილდტიც ჩაერთო საქმეში. აკეთებდა განცხადებებს, რომ საქართველომ დემოკრატიული ნაბიჯები გადადგა და არჩევნების შედეგებში დაეჭვება არ შეიძლებოდა. მოხდა მნიშვნელოვანი რამ:

შვედეთის ელჩმა საქართველოში, ჰანს გუნარ ადენმა, შვედეთის სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ, რის გამოც ბილდტმა ის სასწრაფოდ გაიწვია და გამოგზავნა თავისი თანაშემწე. ძიებისას ამ საქმეში ბევრი სიბინძურე აღმოჩნდა. გადარიცხვებმა ცალსახად ცხადყო, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სააკაშვილს ძალიან უჭირდა, ბილდტის გააქტიურება და ფინანსების გადარიცხვა ხდებოდა შვედური კომპანიის ანგარიშზე.

ერთი წლის (2006-2007) განმავლობაში 4 მილიონ ლარზე მეტია გადარიცხული, გადარიცხვები გაკეთდა 2008 წელსაც (სულ 18 მილიონი შვედური კრონა) და ეს თანხები აღემატება ყველა სხვა კონტრაქტორების, ლობისტური კომპანიებისთვის გადარიცხულ თანხებს.

რაც მნიშვნელოვანია, "კრეაბის" დირექტორმა, ვის სახელზეც ირიცხებოდა ეს თანხები, შვედი ჟურნალისტის შეკითხვაზე უპასუხა, - ამხელა თანხა მხოლოდ "კრეაბზე" არ მოდიოდა, ჩვენ ფულს ვუნაწილებდით სხვადასხვა კონსულტანტებს და კომპანიებსო, თუმცა მათი დასახელებისგან თავი შეიკავა.

დადასტურდა, რომ ეს იყო ჯიბე, რომლიდანაც სხვა პოლიტიკოსებს და ადამიანებს ხვდებოდათ სააკაშვილის ფული. როცა კონტრაქტში ჩავიხედე, იქ არსად წერია, რომ "კრეაბმა" ვინმე  კონსულტანტებს და კომპანიებს გადაურიცხა ფული.

- რატომ აირჩია ამ კომპანიამ კლიენტად საქართველო, ან რატომ მიაჩნდა სააკაშვილს ბილდტის მომსახურება ასე ძვირფასად?

- იმიტომ, რომ კარლ ბილდტი არის ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსი ევროპაში.

ეს პირველი ფინანსური სკანდალი არ არის, მის სახელს უკავშირდება სკანდალი კვიპროსზე და თურქეთის კომპანიებთან. მაქვს საბუთები, სადაც ბერძენი პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც კორუფციაში ამხელენ მას.

ისიც საკითხავია, რატომ უნდა გაესაიდუმლოებინა სააკაშვილის ხელისუფლებას ევროპული კონტრაქტი, როცა ამერიკულ კონტრაქტებს არ ასაიდუმლოებდნენ? ზუსტად იმიტომ, რომ ამაში ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა მონაწილეობდა, როგორიც ბილდტია. სერიოზული სკანდალია, როცა აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ერთდროულად "კრეაბსაც" წარმოადგენდა და საგარეო საქმეთა სამინისტროსაც.

სააკაშვილისნაირი რეჟიმები, რომლებიც თითქოსდა დემოკრატიას აშენებენ, სინამდვილეში რყვნიან ევროპელ საზოგადოებას და პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. ეს დიდი საფრთხეა ევროპისთვის.

ალიევის ადმინისტრაცია: "ჩვენ ვიცოდით კარლ ბილდტის "განსაკუთრებული კავშირების" შესახებ"

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნოვრუზ მამედოვი ბილდტთან დაკავშირებულ სკანდალს "ტვიტერზე" გამოეხმაურა:

"ჩვენ ვიცოდით კარლ ბილდტის "განსაკუთრებული კავშირების" და ამბიციების შესახებ. ამიტომაც ვამბობდით, - ნახეთ, ვინ ქმნის ჩვენ შესახებ (საერთაშორისო საზოგადოებაში) აზრსო. კრიტიკის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო მასთან "განსაკუთრებული კავშირების" დამყარება, ანუ უნდა გქონოდა "განსაკუთრებული კავშირები" იმ პიარფირმებთან, რომლებიც უშუალოდ ასოცირდებოდნენ მის სახელთან.

ყოფილი ელჩი: "მე მკაცრად მისაყვედურეს"

გიორგი ხაინდრავას ბრალდებებზე კარლ ბილდტის მიმართ ჰანს გუნარ ადენი (შვედეთის ყოფილი ელჩი საქართველოში) აღნიშნავს:

-    ბუნებრივია, ეს კითხვა შეიძლება დაისვას. საქართველოში ეს ჩემთვის ბევრს უკითხავს.

"აფტონბლადეტი": - რა ახსნა-განმარტება მიიღეთ იმაზე, რომ უნდა დაგეტოვებინათ ელჩის თანამდებობა?

- მხოლოდ ის მითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა ჩამელაგებინა ბარგი და შინ დავბრუნებულიყავი (ეს მოხდა იმ ანგარიშის შემდეგ, რომელიც ადენმა 2008 წლის იანვარში წარადგინა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით). გამომიძახეს სახელმწიფო მდივანთან და მითხრეს, - საგარეო საქმეთა მინისტრი უკმაყოფილოა თქვენი ანგარიშებით, ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს და თავად საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დაწერილ ბლოგს, რის შესახებაც მე არაფერი ვიცოდი. მკითხეს, რატომ მიეცით თავს უფლება, ამ სახით გამოგეხატათ სათქმელიო.

სხვათა შორის, დამკვირვებლებმა თავიანთი თავდაპირველი პოზიტიური დასკვნები არჩევნების შესახებ მოგვიანებით შეცვალეს და აღიარეს, რომ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. მივხვდი, რომ ამის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრთან თანამშრომლობა არარეალური იყო.

- რას იტყვით იმის თაობაზე, რომ ბილდტმა საქართველო აიყვანა Kreab-ის კლიენტად, ხოლო, Kრეაბ-მა კი ძალიან დიდი თანხა აიღო ამაში?

-    ჩემი, როგორც ელჩის, მოვალეობა გახლდათ, ანგარიში გამეკეთებინა როგორც მიღწეული წარმატებების შესახებ, ასევე სირთულეებსა და ხარვეზებზეც. ბილდტი სააკაშვილის ძალიან ახლო მოკავშირე იყო და ძნელი იყო ამ ნიუანსების გათვალისწინებით ანგარიშის მომზადება იმაზე, თუ რა მოხდა საქართველოში. ვგრძნობდი, რომ პოლიტიკური მმართველი გუნდისთვის ხელსაყრელი არ იყო ანგარიშები სააკაშვილის ბნელი მმართველობის შესახებ.

წყარო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ნანა ფიცხელაური