მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - ბიძინა და "მეამბოხე პრეზიდენტი"
15-09-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - ბიძინა და "მეამბოხე პრეზიდენტი"
ბიძინა და "მეამბოხე პრეზიდენტი"

გამოჩნდა და ისევ ატყდა ერთი ამბავი. მის გარეშე ქართული პოლიტიკა ნამდვილად მოსაწყენია. არა, კაცმა რომ თქვას, ქართული პოლიტიკა არასდროს არის მოსაწყენი - გასართობს რა გამოლევს, მაგრამ ბიძინას მაინც სულ სხვა ეშხი აქვს, სხვა სიტყვა-პასუხი და რაც მთავარია - სხვა გავლენა! მის სიტყვას ისეთი ფასი აქვს, რომ პრეზიდენტის ვიზიტებსაც კი შლის. მართალია, მარგველაშვილი ამტკიცებს, მთავრობიდან ჩამიშალეს გაეროში ვიზიტიო, მაგრამ  მისი ეს განცხადება უცნაურად დაემთხვა ივანიშვილის ინტერვიუს. მანამდე
მაგრად იდგა და აცხადებდა, ვერავინ და ვერაფერი გადამაფიქრებინებს გაეროს სამიტზე წასვლასო, თუმცა საკმარისი იყო, ბიძინა გამოჩენილიყო, რომ ვიზიტი ჩაშლილად გამოცხადდა. არადა, თითქოს სწორედ ბიძინას არ ეპუებოდა მარგველაშვილი, ჰოდა, ახლა ეს ყველაფერი ძვირად უჯდება. თუმცა მისი მორჩილიც რომ ყოფილიყო, რას მოიგებდა? ერთი უუფლებო პრეზიდენტი იქნებოდა, დღეს
კი "მეამბოხე პრეზიდენტია"! ცოტა უცნაურად კი ჟღერს "მეამბოხე პრეზიდენტი", მაგრამ ასეთიც გვყავს! როგორც დიდი "უცნობი" იტყოდა, "პლენშია" და ცდილობს, გათავისუფლდეს. ის ახლა დაჩაგრულის პოზიციაშია, ხოლო ხალხის სიმპათია, ადრე თუ გვიან, სწორედ დაჩაგრულის მხარეს იხრება. თან უკვე ორჯერ დათმო: ერთხელ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს და მეორედ - ახლა. ასეთი დათმობის შემდეგ ხალხი ფიქრობს, რომ ის ჯიუტ თხასავით არ იქცევა და ქვეყნის ინტერესებს არ სწირავს პირად ამბიციებს. "ოცნება" და ივანიშვილი თავისდა უნებურად (ან იქნებ გამიზნულად) "ზრუნავენ", რომ სხვისი ხათრით არჩეული პრეზიდენტისგან ნელ-ნელა სერიოზული პოლიტიკური ფიგურა დადგეს.

ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ირწმუნება, ჩვენი დაპირისპირებით "ნაციონალური მოძრაობა" ხარობს და მათ წისქვილზე ნუ დავასხამთ წყალსო. თუ ასეა, მაშ, "ნაციონალებს" თავში ჭკუა არა ჰქონიათ! მარგველაშვილმა მართლაც რომ გადაწყვიტოს ოპოზიციაში წასვლა და საკუთარი პოლიტიკური გუნდის შექმნა, "ნაციონალების" მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს შეიძლება წყალიც შეუდგეს. და მარგველაშვილს ალასანიაც თუ დაუდგა გვერდით, ოპოზიციურ პროდასავლურ ფლანგზე შეიძლება "ნაციონალებს" სერიოზულად მოუწიოთ ჩაჩოჩებამ!

ბიძინა და მედია


მარგველაშვილის გარდა ბიძინას კიდევ ერთი სამიზნე ქართული მედიაა. ცუდად გადაგვეკიდა ეს კაცი! თან წინასწარ მისი ინტერვიუს მხოლოდ ნაწილი ვნახეთ. დანარჩენი გაზეთის დღევანდელ ნომერშია. კიდევ ვინ იცის, რას ამბობს ჩვენზე! სხვა საქმე არ მაქვს, გარდა იმისა, რომ თქვენ გაკრიტიკოთ, საათებსაც კი დაგითმობთ და ჭკუას გასწავლითო, - დაახლოებით ასეთია მისი ნათქვამის არსი. თუ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან იმიტომ მიდიოდა, რომ მედიაკრიტიკოსი გამხდარიყო, ეთქვა პირდაპირ! კრიტიკის არ გვეშინია, მივესალმებით კიდეც, თუმცა ეს კრიტიკა კვალიფიციური უნდა იყოს. ამდენს რატომ წერთ და ლაპარაკობთ მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის დაპირისპირებაზე, განა ქვეყანაში სხვა პრობლემა არ არისო, შემოგვძახის. თუკი ქვეყნის პირველი პირები კინკლაობენ, ჩვენ რა ვქნათ - თვალი დავხუჭოთ? ყველა მთავრობას ერთი სენი სჭირს: ჰგონია, კარგად მუშაობს და უმადური მედია მხოლოდ სკანდალებს და პრობლემებს ხედავს! ამიტომ უჩნდებათ სურვილი, მედიას ჭკუა ასწავლონ. ზოგი ამას ძალისმიერი მეთოდით აკეთებს, ბიძინა კი ჩვენს კრიტიკას აპირებს. ეს ნამდვილად იქნება ახალი სიტყვა მედიის "მორჯულების" საქმეში. მას უკანონოს ვერაფერს დავწამებთ! ვინ დაუშლის კრიტიკას? ბიძინა გვეუბნება, "მოქალაქე" ვარ და მოვდივარო, ჟურნალისტები ხართ და დამხვდითო. დაგხვდებით, ბატონო!

როგორ შევიწყალოთ პატიმარი?

ვაკეში მომხდარმა მკვლელობამ, რომელიც ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პირმა ჩაიდინა, ბევრი კითხვა გააჩინა შეწყალების კომისიის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანი მხოლოდ შეწყალების კომისიას არ გამოუშვია. როგორც გაირკვა, შეწყალების კომისიამ მას სასჯელი მხოლოდ გაუნახევრა, თუმცა ამ განახევრებამ პატიმარს საშუალება მისცა, ე.წ. უდოს კომისიისთვის მიემართა და გათავისუფლებულიყო. მოკლედ, შეწყალების კომისიაც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუმცა ახლა მთავარია, მომავალში ავიცილოთ თავიდან ისეთი შეცდომები, რომელმაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ჩემი აზრით, შეწყალებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ დამნაშავის საქმის თუ დახასიათების გაცნობა. აუცილებელია პატიმართან შეხვედრა და გასაუბრებაც. ასე შეწყალების პროცესი ორეტაპიანი გახდება. ეს, რა თქმა უნდა, იოლი არ არის, მაგრამ აქ ხომ საპირწონე საზოგადოების უსაფრთხოებაა!
ჩემი აზრით, შეწყალების კომისია პატიმარზე გათავისუფლების რეკომენდაციას მანამ არ უნდა იძლეოდეს, ვიდრე უშუალოდ არ ნახავს და არ გაესაუბრება. ეს უნდა იყოს მეორე ტურივით. მარტო საქმის შესწავლა საკმარისი არ არის!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით