მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
22-09-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
ვისი წერილი ვის ფოსტაშია

თქვენი არ ვიცი და, მე სულ უფრო მეტად მომწონს პრეზიდენტი მარგველაშვილი. უშეცდომო ვინაა? შეიძლება მასაც ეშლება რაღაც-რაღაცები, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია? არ გამოდგა ის ისეთი თვინიერი, როგორიც თავიდან ეგონა ბატონ ბიძინას. ვინ იცის, ჩვენი პირველი მოქალაქე ახლა როგორ ნანობს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურის წარდგენა გადაიფიქრა. ახლა კი ხელში გაქვავებული პლასტილინი შერჩა, რომლის დარბილება არცთუ იოლი გამოდგა და მე ეს მომწონს სწორედ! მარტო მე არა,
ბევრს მოეწონა პრინციპული პრეზიდენტი, რომელიც "პატრონის" დაკრულზე არ ცეკვავს და თან არასდროს მიჰყავს დაპირისპირება სახიფათო ზღვრამდე, როცა შეიძლება ქვეყნის ინტერესები დაზარალდეს. მას ივანიშვილმაც და სხვებმაც არაერთხელ შეახსენეს: რომ
არა ბიძინა და "ქართული ოცნება", პრეზიდენტი ვერ გახდებოდიო, უმადური ნუ იქნებიო...

სიმართლე გითხრათ, სახელმწიფო საქმეებისადმი ასეთი მიდგომა არ მომწონს. "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება რომ მიიღოს, პრეზიდენტმა იმ მოტივით, ამ გუნდის წინაშე ვალში ვარო, ხმა არ უნდა ამოიღოს? ან თუ კანონია მავნებლური, ვეტო არ უნდა დაადოს? "ქართულმა ოცნებამ" კი წარადგინა, მაგრამ ამიტომ მათი მონა უნდა გახდეს? ჩემი ინფორმაციით, თავის დროზე მას სწორედ ეს შესთავაზეს: მნიშვნელობა არა აქვს, რა უფლებებს გაძლევს კონსტიტუცია, იყავი შენთვის და ისე მოიქეცი, თითქოს არც არსებობო. სწორედ ამაზე თქვა უარი მარგველაშვილმა და აქედან დაიწყო კონფლიქტი ივანიშვილთან. დაიწყო და დაიწყო... წინა  კვირას ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ რიგში ჩადგნენ მისი დადანაშაულების მსურველები. რაში აღარ დასდეს ბრალი: ალექსი პეტრიაშვილმა -  ხელი არ ჩამომართვაო, უელსში შეხვედრებს კი საგარეო საქმეთა მინისტრს არ ასწრებდაო: წულუკიანმა - უცხოელი სტუმრების თანდასწრებით ერთ-ერთი მინისტრი დაამცირაო; ფანჯიკიძემ - მართლაც არ სიამოვნებდა ჩემი უელსში ყოფნაო; დავით საგანელიძემ - არჩევნების შემდეგ ერთხელაც არ დაურეკავს და შტაბის წევრებისთვის მადლობა არ გადაუხდიაო. მოკლედ, უზრდელი, უმადური და უპასუხისმგებლო გამოიყვანეს. არ ვიცი, ყველაფერი მართლა ასე მოხდა თუ არა, მაგრამ ეს განცხადებები ნამდვილად ჰგავდა კამპანიას მარგველაშვილის წინააღმდეგ. თუკი ალასანიამ მოახერხა მარგველაშვილთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება (ჩვენსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება და პირიქით - გაუმჯობესდებაო), მის თანაპარტიელებს რა დაემართათ, ასე გამეტებით რომ დაეტაკნენ?

ამ ფონზე ჩემთვის უკვე სულერთია, ვინ წავიდოდა გაეროში. ან წერილების ფრიალს რა აზრი ჰქონდა? მაინც ვერავინ გაიგო, ვისი წერილი ვის ფოსტაში იყო! ბოლოს გაირკვა, რომ ეს გაუგებრობა გაეროს ერთმა ჩინოვნიკმა, ვინმე სუსანამ შექმნა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი ეგონა.
ეს არ მოხდებოდა, მთავრობასა და პრეზიდენტს ნორმალური ურთიერთობა რომ ჰქონდეთ. ასეთ დროს ყველაფრის მოგვარება შეიძლება, მაგრამ ახლა უკვე ყველამ ძალიან შეტოპა და სიტუაციის გამოსწორება ძნელი იქნება. ჩემი აზრით, ეს ფაფა ივანიშვილმა მოხარშა და ახლა კეთილი უნდა ინებოს და თავად მიირთვას (ეს გამოთქმა რუსულად აშკარად უკეთ ჟღერს)!

შოტლანდიის მაგალითი


რამდენიმე წლის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომელიმე ხალხი საკუთარი ნებით იტყვის უარს დამოუკიდებლობაზეო, არ დავიჯერებდი, ახლა კი ამ დაუჯერებელი რეალობის წინაშე ვდგავარ! არადა, თითქმის ნახევარ შოტლანდიას დამოუკიდებლობა უნდოდა. უბრალოდ, უფრო მეტნი აღმოჩნდნენ ისინი, ვისაც სავარაუდო ეკონომიკური სიძნელეების შეეშინდათ და ვისაც დღეს პრაგმატულ და ბრძენ ხალხს ვეძახით. არადა, რამდენ რამეს შეცვლიდა შოტლანდიის დამოუკიდებლობა მთელ მსოფლიოში! ეს ხომ პრეცედენტი იქნებოდა! ასე ცივილიზებულად, უკონფლიქტოდ გამოყოფა! მართალია, ბევრი ქვეყნისთვის საშიში, მაგრამ ამავე დროს პროგრესული ნაბიჯი გამოვიდოდა, თუმცა პროგრესული და სამაგალითო ისედაც იყო რეფერენდუმის ჩატარების ფაქტიც და ამ ფაქტისადმი ლონდონის დამოკიდებულებაც. ამის უფლება არ გაქვთო,  კი არ უთხრეს, კი ბატონო, ჩაატარეთ, მაგრამ ყველაფერი აწონ-დაწონეთო, გააფრთხილეს. შოტლანდიელებმაც აწონეს და უარი თქვეს დამოუკიდებლობაზე ანუ დამოუკიდებლობა არ აღმოჩნდა უმეტესობისთვის მთავარი ღირებულება. აქ იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ შოტლანდიელები ისედაც არ გრძნობენ თავს დაჩაგრულად; დაპყრობილი კი არ არიან, 1707 წელს თავად შეკრეს კავშირი ინგლისთან და ერთად დააარსეს ბრიტანეთის სახელმწიფოო, მაგრამ ხომ აღმოჩნდა 45%, ვისაც ეს მდგომარეობა არ მოსწონდა და დამოუკიდებლობას მისცა ხმა?

ბევრს ეშინოდა, რომ ჩვენთვის შეიძლებოდა ეს საშიში პრეცედენტი გამხდარიყო, თან აფხაზები როგორ გულშემატკივრობდნენ შოტლანდიელებს! მე კი მგონია, რომ ეს ჩვენთვის საუკეთესო მაგალითი იქნებოდა. ვეტყოდით აფხაზებს: გინდათ თქვენც რეფერენდუმი? კი ბატონო, დააბრუნეთ დევნილები და ჩავატაროთ რეფერენდუმი, რა პრობლემაა! შოტლანდიელებს რომ წინასწარ გამოეყარათ დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები და ისე ჩაეტარებინათ რეფერენდუმი, ვინმე აღიარებდა? კი, ვენესუელა და ნაურუ, ალბათ.
123
09 ოქტომბერი 2014 15:38
ბრიტანეთს არ ყავს მეზობლად რუსეთი ...
აკაკი
27 სექტემბერი 2014 17:00
პარაოზებმა ბოლი გამოუშვით და თქვენს ლიანდაგებს არ გადაუხვიოთ.
როგორც ვხედავ, მარგველაშვილის პრეზიდენტობის ხანა ჯერ არ დამდგარა.
mmg
24 სექტემბერი 2014 10:33
თვინიერი რა შუაშია?! გუნდის წევრი იყო და შესაბამისად ერთი ხაზი უნდა გაეტარებინა. პრინციპულობა გასაგებია, მაგრამ ეს პოზიცია გუნდურ ფორმატში უნდა დაეცვა. აქ სხვა რამეშია საქმე და ეს თამაში უნდა გაიშიფროს.

რედაქტორის რჩევით