"თქვენ ყველაზე შორს ხართ..."
22-09-2014
"თქვენ ყველაზე შორს ხართ..."
"ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ უნდა შეთანხმდნენ მაპ-ის გაცემის დროზეც - ეს კი ცალკე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა"

"კვირის პალიტრა" საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს უელსის სამიტის შედეგებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე ესაუბრა:

- ვფიქრობ, ყველა იზიარებს იმ აზრს, რომ უელსის სამიტი იყო წარმატებული და, შეიძლება ითქვას, ისტორიულად მნიშვნელოვანი სამიტი. მომსწრე ვართ რუსეთსა და ნატოს ურთიერთობაში ისტორიული ცვლილებისა. რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში შეცვალა მსოფლიო უსაფრთხოების გარემო და
ცხადყო, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს ალიანსის წევრი ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის.

- ბევრი ფიქრობს, რომ 2008 წლის ომი იყო გაფრთხილება, რომელიც დასავლეთმა ყურად არ იღო და ჯეროვანი რეაგირების შემთხვევაში, დასავლეთს დღეს არ მოუწევდა უკ
რაინის მოვლენებზე თავის ტეხა.

- ეს ლეგიტიმური ანალიზია, თუმცა, იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ჯობს, ექსპერტებმა იმსჯელონ. თუმცა, თუ კონკრეტულ ფაქტებს მოვიხმობთ, ცხადია, ის სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც რუსეთმა კავკასიაში გამოიყენა, უკრაინაში დაიხვეწა. კიდევ ერთი: 2008 წელს ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის არ არსებობდა კონსენსუსი, თუ როგორ და ვინ დაიწყო ომი, მაშინ, როცა უკრაინაში სავსებით აშკარაა, რაც მოხდა. და მაინც, თავიდან უკრაინის საკითხშიც ბევრი რამ გაუგებარი იყო -  რუსები დაოსტატდნენ, ასეთ სიტუაციებს ისე წარმოაჩენენ, თითქოს კონფლიქტი ადგილობრივ ძალებს შორის მოხდა, არადა ეს ყველაფერი რუსეთის მოწყობილი იყო.

- შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც ყველაფერი რუსეთმა მოაწყო და ოსი ხალხის ნება, რაზეც კრემლი ასე გაცხარებით აპელირებს, არაფერ შუაშია?
- ეს არ მომხდარა მხოლოდ იმიტომ, რომ ოსებს ასე სურდათ. ვიცი, არსებობს ხალხი, რომელიც აცხადებს, სროლა ქართველებმა დაიწყესო, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი მზად იყო და მიზნად სწორედ ეს ჰქონდა.

- სამიტის ისტორიული მნიშვნელობა ახსენეთ. სამიტის შედეგები საქართველოსთვისაც ისტორიულია?
- საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ახალი პაკეტი გამიზნულია თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამჟამად ხელთ გაქვთ ბერკეტები, რომლებიც არა აქვთ სხვა, მათ შორის დანარჩენ ასპირანტ ქვეყნებსაც კი: ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

- თუმცა, ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეთანხმების საბოლოო მიზანი ნატოს წევრობა არ არის. რატომ ასეთი უეცარი ცვლილება? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ საქართველომ ნატოსა და მის წევრ ცალკეულ ქვეყნებთან, მაგალითად, აშშ-თან გაძლიერებულ პარტნიორობაზე უნდა აიღოს გეზი, წევრად გახდომის ამბიცია კი დაივიწყოს?
- ეს საქართველოს გადასაწყვეტია. თუმცა, ცხადია, რომ ნატო კვლავაც მყარად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და სწორედ ამის დემონსტრირებაა ეს პაკეტიც, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით ნატოსთან ინტეგრაციაში დაეხმარება. რაც შეეხება ბუქარესტის სამიტზე მიღებულ დოკუმენტს, სადაც ნათქვამია, რომ შემდეგი ნაბიჯი მაპ-ი უნდა იყოს, მინდა შეგახსენოთ, რომ თავისთავად მაპ-იც არ იძლევა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიას. მაპ-ი ნატოს ქარტიის მე-5 მუხლი არ არის.

- ამ შემთხვევაში, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს შემდგომი ნაბიჯი ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე? ჯერჯერობით, ჩვენ, როგორც წესი, "მაპ-ზე უკეთესებით" გვიმასპინძლდებიან. ხომ არ არის უელსის სამიტის შეთანხმებაც ნატოს მორიგი ზრდილობიანი უარი მაპ-ზე?

- სულაც არა. ეს პაკეტი ნამდვილად არ არის "დამამშვიდებელი" პრიზი. მართალია, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების თაობაზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს რთული გადაწყვეტილებაა, რომელიც ალიანსმა ერთხმად უნდა მიიღოს. თუ რომელიმე წევრი ქვეყანა თანახმა არ არის, გადაწყვეტილება არ მიიღება.

- ფაქტებით რომ ვილაპარაკოთ, ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული, მთავარი მოწინააღმდეგენი საფრანგეთი და გერმანია იყვნენ, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, რომელსაც რუსეთთან მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა აქვს. რა უნდა მოხდეს, რომ ამ ქვეყნებმა საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებაზე "პოლიტიკური ემბარგო" გააუქმონ?
- კონკრეტული წევრი ქვეყნების პოზიციებზე მე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ მთავარი საკითხი კვლავაც უცვლელია: როდის შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მაპ-ი? უკვე ყველა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ უნდა შეთანხმდნენ მაპ-ის გაცემის დროზეც, ეს კი ცალკე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
თქვენი მთავარი საზრუნავი თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უნდა იყოს - რეფორმები, მშვიდობის უზრუნველყოფა, ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა. მაპ-ისკენ მიმავალ გზაზე ბევრის, მათ შორის მტკივნეული ცვლილებების, გაძლება მოგიწევთ.

- ნატოს ყველა წევრმა გადალახა ის დაბრკოლებები, რისი გადალახვაც საქართველოს უწევს ნატოში გასაწევრებლად? მაგალითად, შეიძლება სპეკულირება, რომ ალბანეთი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ ჩვენზე ბევრად წინ არ იყო, როდესაც ალიანსის წევრი გახდა...
- შეხედეთ რეალობას: სად არის საქართველო, როგორია მისი გეოპოლიტიკური სიტუაცია? თქვენ ყველაზე შორს ხართ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ ნატოს წევრები გახდნენ. თუმცა, თქვენს საზღვართან უკვე არის წევრი ქვეყანა, თურქეთი, და ეს კარგია, რადგან ამით თქვენ ალიანსის გეოგრაფიულ მთლიანობას არ არღვევთ.

- ანუ გეოგრაფიული სიახლოვე გადამწყვეტ  როლს თუ არა, მნიშვნელოვანს მაინც თამაშობს?

- რა თქმა უნდა. თქვენ ყველაზე შორს ხართ. ისევ და ისევ რეალობას შეხედეთ: ალბანეთის მეზობლებმა ბევრად მეტი იციან ალბანეთზე, ვიდრე საქართველოზე. გაფართოების პროცესს წინ უნდა უძღოდეს ინფორმირებულობა და საქართველო აკეთებს ამას. მაგალითად, ისაფ-ის მისიაში მონაწილეობით თქვენ წარმოდგენას უქმნით ნატოს წევრ ქვეყნებს, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს საქართველომ საერთო უსაფრთხოებაში, ერგებით თუ არა თქვენ არსებულ სტანდარტებს. რა თქმა უნდა, ბევრად ადვილი იქნებოდა, ევროპის ცენტრში რომ ყოფილიყავით, გარშემორტყმული ქვეყნებით, რომლებიც უკვე არიან ალიანსის წევრები. ამას გარდა, არის სხვა პრობლემაც: ტერიტორიული კონფლიქტები როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებთან ახლოს, ვგულისხმობ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს. ეს კონფლიქტები, მიუხედავად იმისა, რომ არ გამორიცხავენ საქართველოს ნატოში გაწევრებას, დაბრკოლებას ქმნიან. ასევე საგულისხმოა საკითხი, თუ რა სტატუსი შეიძლება ჰქონდეთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ნატოში გაწევრების შემთხვევაში, როგორ მოერგება მათ ნატოს მეხუთე მუხლი და ა.შ.

ვაჟა თავბერიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით