"მურმანის ეკალი" აჭარაში - კვირის პალიტრა

"მურმანის ეკალი" აჭარაში

რა საერთო ბიზნესი აქვთ მურმან დუმბაძის ძმასა და არჩილ ხაბაძის სიმამრს?

მურმან დუმბაძე: "არსებობს რამდენიმე დოკუმენტი, სადაც პირდაპირი კორუფციული გარიგება იკვეთება"

აჭარაში, "ქართულ ოცნებაში" კარგა ხნის წინ დაწყებული დაპირისპირება გასულ კვირას კოალიციიდან მურმან დუმბაძის გარიცხვით დასრულდა. თუმცა, ექსპერტების აზრით, პოლიტიკური კრიზისი კვლავაც გრძელდება. "კვირის პალიტრა" შეეცადა დაპირისპირების მთავარ ფიგურანტებთან გაერკვია,  რა ხდება აჭარაში - ბრძოლა  გავლენის მოსაპოვებლად მიმდინარეობს თუ არაეფექტურ მმართველობასთან გვაქვს საქმე?

მურმან დუმბაძე (პარლამენტის ვიცე-სპიკერი): - აჭარის უმაღლესი საბჭოს მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ რეგიონული მთავრობა არაეფექტურია. ამის გამო განაწყენებული მთავრობა დეპუტატებს არ აწვდის ინფორმაციას და არ აბარებს ანგარიშს. ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს, უპირატესობა მიანიჭოს ხელისუფლების ერთ შტოს, კერძოდ, აჭარის მთავრობას და იგნორირება გაუკეთოს ხელისუფლების მეორე შტოს, უმაღლესი საბჭოს სახით. ეს ასე არ და ვერ იქნება, რადგან ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ერთადერთი ხელისუფალი, რომელსაც კონსტიტუციით აქვს უფლება, ჩაერიოს ამ საკითხში, არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც შევხვდები უახლოეს დღეებში. გარწმუნებთ, ეს თემა ასე იოლად არ დაიხურება. ცნობილი გახდება  სხვა თემებიც, თუნდაც ბიზნესმენებთან საეჭვო კავშირები და გარიგებები.

- რას გულისხმობთ?

- არსებობს რამდენიმე დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, პირდაპირი კორუფციული გარიგება იკვეთება. მაგალითად, ირანი არის ნავთობის ქვეყანა და იქ ერთი ტონა მაზუთი 800 დოლარი ღირს, მაშინ, როცა ბათუმის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში არჩილ ხაბაძის მამამ ერთი ტონა მაზუთი მიზერულ ფასად - 78 ლარად გაყიდა. ეს მასალები გადავეცით პროკურატურას, მაგრამ მეჩვენება, ეს უწყება პირდაპირ არის მიბმული მთავრობაზე... დღეს მე მაბრალებენ რაღაც გარიგებას "ნაცმოძრაობასთან". ამ უსუსურ ბრალდებაზე პასუხსაც ვერ გავცემ ადამიანს, რომელიც მთელი მისი შეგნებული ცხოვრება "ნაციონალების" გუნდში ირიცხებოდა და "მიშა მაგარიაო," გაიძახოდა. ვგულისხმობ კახი კალაძეს.

- ხაბაძესთან თქვენი დაპირისპირების მიზეზი თქვენი გარემოცვის წევრების თანამდებობებიდან გათავისუფლება ხომ არ გახდა?

- ეს ჭორია. ჩემი ნათესავები არ არიან აჭარის მთავრობაში, მაგრამ ერთ პრესკონფერენციას მივუძღვნი იმას, თუ რა თანამდებობებზე მუშაობენ ხაბაძის ნათესავები. სხვა ფაქტებსაც გეტყვით.

მაგალითად,…

აჭარის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე უჩა შანიძეა, კაცი, რომელიც 2012 წლის 4 აგვისტოს გვარბევდა, როცა ბიძინა ივანიშვილი ჩამოვიდა ბეშუმში;

მინდია ყურშულაძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა დარბევაში, დღეს ხულოს, შუახევისა და ქედის უშიშროების უფროსია;

როგორ შეიძლება ქალაქის მერი იყოს ახალაიას ყოფილი მარჯვენა ხელი - ერმაკოვი?

ერმაკოვი დღესაც ლევან ვარშალომიძის მეგობარია, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგაც კი მასთან ერთად რესტორნებში ქეიფობდა და ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც არსებობს.

- ვარშალომიძესთან ერთად ფოტოები თქვენს ძმასაც აქვს გადაღებული, რომლის ბიზნესსაც, არსებული ინფორმაციით, "ნაციონალების" დროს პრობლემა არ შეჰქმნია...

- ვარშალომიძე ჩემი ძმის ქარხანას ესტუმრა, იქ იყვნენ ცენტრალური მთავრობის მინისტრებიც და რა უნდა ექნა? გაეგდო? რაც შეეხება ჩემი ძმის ბიზნესს, 2007 წლის 8 ნოემბერს ჩემი ძმის ოფისი დააყადაღეს და გააპარტახეს. ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ 30 ათასი გადაახდევინეს ჯარიმა და იცით, ვინ? შემოსავლების სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ზურაბ ბერიძემ. მან დააყადაღა ჩემი ძმის ქონება და აქტში ჩაწერა, ნუგზარ დუმბაძე აფინანსებს ოპოზიციასო. ეს კაცი დღეს ბათუმის ვიცე-მერი გახლავთ.  აქვე მინდა გითხრათ, რომ  ქარხანას ჰყავს მრავალი მეწილე, ერთი ევროპიდან, ერთი რუსეთიდან და ერთ-ერთი მეწილე არჩილ ხაბაძის სიმამრი, მერაბ სირაბიძეა.

- ვიცე-სპიკერის პოსტიდან თქვენი გადაყენების პროცედურა როგორ წარმოგიდგენიათ?

- მე დამასახელა ბათუმის მოსახლეობამ, ამირჩია ბათუმის მოსახლეობამ და არ ვაპირებ ჩემი ნებით დავწერო განცხადება გადადგომის თაობაზე. ვიცე-სპიკერის (აჭარის კვოტა) გაწვევის ერთადერთი გზა ის არის, რომ აჭარის ექვსი მაჟორიტარი დეპუტატიდან ოთხმა დაუჭიროს მხარი ამ საკითხს. მე არ მეგულება პარლამენტში აჭარის რეგიონიდან ოთხი ასეთი დეპუტატი. ვიცე-სპიკერის პოსტიდან გაწვევის შემთხვევაში, მეორე დღესვე მივმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს და დავბრუნდები იმავე თანამდებობაზე.

- წინა არჩევნებზე ამბობდით, რომ ვინც 5-იანს შემოხაზავს, მარჯვენა ხელი გაუხმებაო... მომავალ არჩევნებზე 41-ს ვინც შემოხაზავს, მათ რას უწინასწარმეტყველებთ?

- 2016 წლამდე ჯერ დიდი დროა, მანამდე მოვიფიქრებ, გასახმობია თუ წყალია დასასხმელი. ფაქტია, ასეთი პოლიტიკით ამ ხელისუფლებას დიდი მომავალი არა აქვს. ჩემი ამოცანაა ხელისუფლებამ ეფექტურად იმუშაოს, 2016 წლამდე კი აუცილებლად გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" დაამარცხებს და დააკომპლექტებს გაცილებით უკეთეს მთავრობას.

"კვირის პალიტრა" აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, არჩილ ხაბაძესაც ესაუბრა:

- რა არის რეალური მიზეზი იმ დაპირისპირებისა, რომელიც ბოლო პერიოდში წარმოიშვა აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის?

- ჩემი აზრით, რამდენიმე მიზეზია. მათ არ მოსწონთ ჩემი საკადრო პოლიტიკა და ის, რომ სამი საჯარო მოხელე გავათავისუფლე სამსახურიდან. ითქვა, თითქოს ეს მათთან შეუთანხმებლად გაკეთდა, არადა, საკადრო პოლიტიკა არის მთავრობის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლება და არავისთან შეთანხმებას არ საჭიროებს. პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ მე თანამდებობებიდან გავათავისუფლე მურმან დუმბაძის გუნდის წევრები. მე არ ვიცი, ვინ ვისი გუნდია, მაგრამ ადამიანის გათავისუფლება ან დაწინაურება მისი საქმიანობიდან გამომდინარე ხდება. ერთი მხრივ, მაკრიტიკებენ, რომ საკადრო ცვლილებები გავატარე, მეორე მხრივ კი არაეფექტურ მართვაში მდებენ ბრალს. სწორედ მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ხორციელდება საკადრო ცვლილებები და კარგი იქნება, თუ ლოგიკურად ჩამოაყალიბებენ იმ ბრალდებებს, რომელსაც ჩემს წინააღმდეგ აჟღერებენ. დუმბაძეს ვაჭრობის გამართვა სურდა, თუ ვინ რა თანამდებობაზე დანიშნულიყო. ე.წ. "მურმანის გუნდის" მთავარი მიზანი იყო, შემეჩერებინა საკადრო ცვლილებები და გაეძლიერებინათ თავიანთი გავლენა.

- გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა თქვენთან დაპირისპირებული ჯგუფის ინტერესები "ნაციონალების" ინტერესებს ემთხვევა.

- ამ პირთა გააქტიურება საეჭვოდ ემთხვევა იმ აქტივობებს, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ბოლო დროს წამოიწყო.

- თუმცა, მეორე მხრივ, თქვენ იმასაც გსაყვედურობენ, რომ "ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები და ყოფილი მაღალჩინოსნები დღესაც წამყვან თანამდებობებზე არიან აჭარაში, მათ შორის - ძალოვან უწყებებში.

- რამდენიმე პირზე მართლაც თქვეს,  რომ თითქოს ის იყო ზონდერი და არბევდა აქციებს, თუმცა, ეს ფაქტები არ დადასტურდა.

- დუმბაძის თქმით, არსებობს კონკრეტული დოკუმენტები, რომელიც კორუფციულ გარიგებებს ადასტურებს. საუბარია ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან მაზუთის მიზერულ ფასად გაყიდვაზე...

- შპს "ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის" (რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზეა) დირექტორად დაინიშნა მედეა ვასაძის (აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი) მაზლი, მამაჩემი კი გახლავთ ქონების მართვის დეპარტამენტში განყოფილების უფროსი, რომლის ფუნქციებშიც შედის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოთა მართვა. როდესაც ვასაძის მაზლი ინიშნებოდა ამ თანამდებობაზე, მამაჩემმა მიაწოდა ინფორმაცია ზემოხსენებული ფაქტის შესახებ, საეჭვოა და შესწავლას საჭიროებსო (2013 წლის აგვისტოში). ამის შემდეგ არათუ ეს ფაქტი შეისწავლეს, არამედ ქარხნის დირექტორმა საერთოდ გაწყვიტა კომუნიკაცია ქონების მართვის დეპარტამენტთან და მასთან არ ათანხმებდა არც ერთ გადაწყვეტილებას.  თუ ამდენი ხნის განმავლობაში მედეა ვასაძე ან მისი მაზლი ფიქრობდნენ, რომ რაიმე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რატომ არ მიმართეს შესაბამის უწყებებს, რატომ დამალეს დანაშაული? მაზუთი გაყიდა ყოფილმა დირექტორმა და რა შუაშია მამაჩემი?

- აქვე მინდა გკითხოთ თქვენს სიმამრზე... მართლა აქვს მას საერთო ბიზნესი მურმან დუმბაძის ძმასთან?

- ჩემი სიმამრი და ნუგზარ დუმბაძე დაახლოებით 10-15 წელია ერთ ბიზნესში არიან. აქვთ საკალმახე მეურნეობა, სადაც ჩემი სიმამრის წილი 20 პროცენტია. მათ ოჯახებითაც ახლო ურთიერთობა აქვთ და ეს არც არასდროს დამიმალავს.

ვახო ბერიძე