"ახლა სანდრამ, მზიამ და გიულიმ უნდა დაამტკიცონ, რომ მამებმა თუ ბაბუებმა დაუტოვეს ქონება"
22-09-2014
"ახლა სანდრამ, მზიამ და გიულიმ უნდა დაამტკიცონ, რომ მამებმა თუ ბაბუებმა დაუტოვეს ქონება"
პროკურატურამ სააკაშვილს ქონება დაუყადაღა.

"საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8.837.461.34 ლარის გაფლანგვა, რითაც მან სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზარალი. ვინაიდან ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, იგი გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა თავისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. ამ მიზნით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს
29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 3 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების: სანდრა რულოვსის (მეუღლე), გიული ალასანიასა (დედა) და მზია წერეთლის (ბებია) უძრავ-მოძრავ ქონებას" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" იურისტ გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა:

- საზოგადოებაში აზრთა
სხვადასხვაობა გამოიწვია ექსპრეზიდენტისა და მისი ახლობლების ქონების დაყადაღებამ. რას ემყარება და კანონიერად მიგაჩნიათ თუ არა პროკურატურის გადაწყვეტილება?

- საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც წინასწარ ხდება ქონების დაყადაღება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და გონივრული ეჭვი იმისა, რომ (მით უმეტეს, როდესაც გამოძიება პირს ფინანსურ გაფლანგვას ედავება) მომავალში შესაძლოა ბრალდებულს დაეკისროს ზარალის ანაზღაურება და მან ამასობაში გაასხვისოს, გაყიდოს ან სხვის სახელზე გადააფორმოს ის. ამის თავიდან აცილების მიზნით ხდება ქონების დაყადაღება, რაც არ ნიშნავს ქონების წართმევას. ეს არის წინასწარი თავდაცვითი, პრევენციული ღონისძიება.
პროკურატურამ ამ შემთხვევაში იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლისûმიხედვით: "ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მის ქმედებებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ, დახარჯავენ ან ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე".

ახლა დაცვის მხარეს აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. ის წარადგენს არგუმენტებს და თუ ქონება მემკვიდრეობით იყო დატოვებული (ბებიის, დედისა თუ მეუღლის სახელზე) ან ბრალდებულის გაპრეზიდენტებამდე შეძენილი, ამის დამტკიცებას, ალბათ, შეძლებენ, მაგრამ ქალაქის ცენტრში მშენებარე სახლი და 2014 წელს გამოშვებული ავტომანქანები რომ ადრე არ იქნებოდა შეძენილი, ეს ცხადია.

ყადაღა არ ნიშნავს ქონების ჩამორთმევას. უბრალოდ, სააკაშვილსა და მის ახლობლებს არ ექნებათ მისი გასხვისების უფლება. ახლა სანდრამ, მზიამ და გიულიმ უნდა დაამტკიცონ, რომ ქონება მათია და არა - მიშასი, რომ მამებმა თუ ბაბუებმა დაუტოვეს ის. ასეთ შემთხვევაში, ყადაღა მოიხსნება. სანამ არ დადგება სასამართლო განაჩენი, ქონება აღნიშნული პირების მფლობელობაში იქნება, გამოიყენებენ მას, იცხოვრებენ, უბრალოდ, ვერ გაასხვისებენ.

- საბანკო ანგარიშები ახსენეთ. როგორც ამბობენ, სააკაშვილს უცხოეთშიც აქვს გახსნილი საბანკო ანგარიშები, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ანგარიშებიც გაუყინონ?
- როგორც ჩანს, პროკურატურამ ამ ეტაპზე საჭიროდ არ ჩათვალა, საბანკო ანგარიშები გაეყინა მიშასთვის საქართველოში, თუმცა, შესაძლოა, ეს მომავალში მოხდეს. "ნიუ-იორკ თაიმსთან" ინტერვიუში სააკაშვილი ამბობს, არა ვარ ღარიბი ადამიანი, მაგრამ ჩემთვის აქაური ფასები მაღალიაო. მას მანჰეტენზეც აქვს ბინა, უცხოური ანგარიშებიც, მაგრამ საბანკო ანგარიშები სააკაშვილს ოფშორულ ზონებში უნდა ჰქონდეს გახსნილი. ალბათ, პროკურატურა იქაურ ქონებას ვერ მისწვდება, მით უმეტეს, თუ ის სხვა პირების სახელზე აქვს გაფორმებული. როგორც ჩანს, სააკაშვილს თავის სახელზე ყვარლის მიწების გარდა არც არაფერი აქვს რიცხული.

ნანა ფიცხელაური

qqq
26 სექტემბერი 2014 17:07
რამდენი უაზრო კომენტარია.
Gim
25 სექტემბერი 2014 21:45
ხომ ხედავ მიხეილ ექსპრეზიდენტო, რა მიუღებელ კანონებს შტამპავდი შენი ხუშტურების და მანიაკური სურვილების გასაპრავებლად. სწორედ შენს მიერ მიღებულმა კანონმა გამოიტანა ასეთი უაზრო გადაწყვეტილება. და, სამწუხაროდ ეს კანონი სამართლიანია შენთან და შენს უახლოეს ნათესავებთან მიმართებაში, იმიტომ, რომ შენს ბოროტმოქმედებას არ ჰქონდა საზღვარი და მათ არ ან ვერ გაგაჩერეს. რასაც დასთესავ იმას მოიმკი. გაუმარჯოს თავისუფალ სასამართლოს.
გიგილო
25 სექტემბერი 2014 07:50
სანდრიკამ რა უნდა დაამტკიცოს??????????
ეს თქვენ უნდა დაუმტკიცოთ სანდრიკას, რომ ქონება არალეგალური გზითა აქვს შეძენილი!
... თუმცა მიშიკას დროსაც ესე იყო :DDDDDDDDDDD
XXI საუკუნეში საქართველოში ისევ კომუნისტური კანონებია.
:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები