სააკაშვილის გამონათქვამები ფეხზე მკიდია! - კვირის პალიტრა

სააკაშვილის გამონათქვამები ფეხზე მკიდია!

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ "ქვეყნის მტერთა და მოღალატეთა" რიცხვი დღითი დღე იზრდება. მართალია, საპარლამენტო უმრავლესობამ დასავლელი ექსპერტების რჩევით ტერმინი "სამშობლოს ღალატი" სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო, მაგრამ ცნობიერებას ვერაფერი მოუხერხა.

იდეოლოგიური მანქანაც ოპოზიციის რიგებში მუდმივად "მტრებს" ეძებს და ლამის ნახევარი საქართველო მტრად გამოაცხადოს. არადა, ოპოზიციამაც თითქოს ჯიბრით მოუხშირა დამპყრობელ რუსეთში ვიზიტებს. ახლახან ზურაბ ნოღაიდელმა ისიც კი ბრძანა, რომ თურმე ამას ხანდახან სააკაშვილის ნერვების მოსაშლელადაც აკეთებს.

მან სააკაშვილსა და მერაბიშვილს მალე პოლიტიკური ნეკროლოგების გამოცხადებაც უწინასწარმეტყველა, პასუხად კი სააკაშვილის შეფარული დაცინვა მიიღო: "ვირს რომ წინ დაუკიდებ თივას, წამოიყვან რაზეც გინდა... თივისა და სატყუარას ქნევით. ის ხალხი, ვინც იქ (მოსკოვი იგულისხმება. - ავტ.) დადის, შეიძლება მართლაც აგონებთ მათ რომელიმე ნაცნობ ცხოველს... მაგრამ არ იციან, რა არის ქართველი ხალხის გონიერება, ღირსება, რაციონალური აზროვნება და ასევე, გამბედაობა"...

როგორ ხვდება ზურაბ ნოღაიდელი მეხუთე კოლონის, მოღალატის, მტრის, ვირის ეპითეტებს და რა ახსნას უძებნის  მოსკოვში მოხშირებულ ვიზიტებს, ამის გასარკვევად  მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერს ვესაუბრეთ.

- ჯერ იყო და, მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით გადაცემების მთელი სერია გაუშვეს - მოღალატედ გამომაცხადეს. ეს ისეთი შეთითხნილი და უსუსური მონაჩმახია, არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. შემიძლია გითხრათ, რომ 2010 წლის სლოგანი   ასეთი იქნება: "ან სააკაშვილი, ან საქართველო!" სააკაშვილის მესიჯი დაახლოებით ასეთია: საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ მაქვს, მაგრამ არჩევნების მოგება მაინც მინდა, ამიტომ ვაპირებ ხმების გაყალბებას და არ ამიჯანყდეთო და წინასწარ უნდა, ეს საფრთხე რუსეთისგან მომდინარედ დახატოს, ჩვენ, ყველანი, კი მის აგენტებად გამოგვაცხადოს. მე საპასუხოდ ვამბობ, არჩევნები გაყალბდება და სააკაშვილის ხელისუფლებას ბოლო მოეღება.

ძალიანაც უნდათ სააკაშვილსა და უგულავას რუსეთთან დიალოგის დაწყება, მაგრამ უნარი არ შესწევთ. ამიტომაც ამბობს უგულავა, დიალოგი აუცილებელია, მაგრამ  ის რუსეთის ხელისუფლებამ უნდა დაიწყოსო.

სააკაშვილმაც მისცა "ეხო მოსკვის" ინტერვიუ, სადაც რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე ილაპარაკა. თურმე დიალოგი მათთვის შეიძლება და ჩვენთვის კი არა. იქნებ ამიხსნათ, რატომ? ისინი უფრო ჭკვიანები არიან და ჩვენ - უჭკუოები? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის... ხალხს უნდა, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს და დღეს მე საზოგადოების დაკვეთას ვასრულებ. ყველამ კარგად ვიცით, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის გარეშე საქართველო ვერ დაიბრუნებს ტერიტორიებს, გაერთიანებისა და განვითარების შანსს დაკარგავს.

- რუსეთი ვითომ რატომ მოგვეხმარება ტერიტორიების დაბრუნებაში?

- საქართველოს გაერთიანებაზე ჩვენ უნდა ვესაუბროთ არა რუსეთს, არამედ აფხაზებსა და ოსებს. მინდა, უარი ვთქვათ ტერმინ "ტერიტორიების დაბრუნებაზე" და მის ნაცვლად გამოვიყენოთ "აფხაზებისა და ოსების დაბრუნება და საქართველოს გაერთიანება". სააკაშვილმა გამოსცა დოკუმენტი "სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიებისთვის". აქედანაც ჩანს, რომ ის და მისი გარემოცვაც  ფსიქოლოგიურად შეგუებული არიან, რომ ჩვენი ტერიტორიები მუდმივად ოკუპირებული დარჩება. მე ამასთან შეგუებას არ ვაპირებ. ოსმა და აფხაზმა თუ არ დაინახა, რომ საქართველო მისი მოჭირნახულე სახელმწიფოა, ქვეყნის  გაერთიანების შანსი ნაკლებია. ცხადია, ვერც ერთი მოლაპარაკება რუსეთთან კონფრონტაციული რეჟიმის პირობებში წარმატებით ვერ დასრულდება.

დამთავრდა ის დრო, როცა ჩემს გაკეთებულ საქმეებს სხვები მიიწერდნენ ხოლმე. თურმე, ნუ იტყვით და "გილაურის ნათურა გვქონია", წარმატებული რეფორმები კი სააკაშვილისა და ბენდუქიძის სახელს უკავშირდება. მომავალში ჩემი გაკეთებული საქმეები მხოლოდ მე მომეწერება.

- მაგრამ თქვენ ახლა ოკუპანტებთან მოლაპარაკედ და მოღალატედ ხართ შერაცხილი...

- ამით ხელისუფლება მხოლოდ პიარკამპანიის წარმოებაში მეხმარება, რადგან ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს. სხვათა შორის, ახლანდელი საქართველოს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ტერიტორების დამკარგავი. ყველა მათგანს თუ არა, მათ  დიდ ნაწილს მიწის თითოეული კვადრატული სანტიმეტრის დაკარგვისათვის პასუხი მოეკითხება. ამიტომ უკაცრავად, მაგრამ მიწაზე მფორთხავი ლიდერისაგან შენიშვნებს ვერ მივიღებ.

- ახლახან სააკაშვილმა თქვა, მოსკოვი როგორც ვირს, წინ თივას ჩამოუკიდებს და ატყუებს, ასე ექცევა ოპოზიციასაც და ცრუ დაპირებებით კვებავსო.

- ამაზე რა უნდა ვთქვა? კიდევ ვიმეორებ,  მუხლებზე მფორთხავი და არაფრისმკეთებელი სააკაშვილისგან შენიშვნას ვერც მე მივიღებ და  ვერც საქართველო, ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი. ვერ მატყობთ, რომ სააკაშვილის გამონათქვამები ფეხზე მკიდია?! ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს!..