მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

"იბრეთული შლიპინი"

სულ ვფიქრობდი, კიდევ რა სიტუაციაში არ მინახავს სააკაშვილი-მეთქი. ტრაქტორის საჭესთან მინახავს, "მერსედესის" კაბრიოლეტის საჭესთანაც მინახავს, "ფორმულა 3"-ის მანქანაზე აღარაფერს ვამბობ. სტადიონზე ხომ მინახავს და მინახავს. ერთხელ "ნოუ კამპზეც" კი გააგორა ბურთი.

თხილამურებზეც ხომ ვნახეთ მწვანე კომბინეზონში გამოწყობილი, მაგრამ გულს მაინც რაღაც მაკლდა. და აჰა, ხუთშაბათს მივხვდი - მიშა ციგურებზე არ მყავდა ნანახი. ესტონეთში რომ შეგრიალდა საციგურაო მოედანზე, მაშინ მივხვდი, რომ სულ ვოცნებობდი, საქართველოს მოციგურავე პრეზიდენტი ჰყოლოდა. თუმცა სააკაშვილის ოცნებათა მასშტაბი უფრო სხვაა.

როგორც ჩანს, ოცნებობს ყველა ქართველი ციგურებზე ისევე ოსტატურად იდგეს, როგორც თავად. და აი, შეგვპირდა, ბათუმიდან მესტიამდე საციგურაო მოედნები იქნებაო. ზუგდიდში ხომ უკვე არის, ბათუმშიც არის და ახლა ქუთაისს და მესტიას დავამატებთო. მართალია, ბათუმში საცურაო აუზი არ არის, მაგრამ საციგურაო დარბაზი არის. მართალია, ქუთაისში ფეხბურთის სტადიონი გავერანებულია, სამაგიეროდ, საციგურაო დარბაზი იქნება ოლიმპიური სტანდარტების და ქუთაისელებიც ისრიალებენ და ისრიალებენ. რა მნიშვნელობა აქვს, ქუთაისელებს ფეხბურთი უფრო უყვართ თუ ფიგურული სრიალი. მთავარია, რაზე ოცნებობს პრეზიდენტი!

ყველაზე საინტერესო მაინც ციგურებზე შემდგარი სვანების ნახვა იქნება. სხვათა შორის, საინტერესოა, როგორ არის სვანურად "ფიგურული სრიალი". აჭარულად ვიცი - "იბრეთული შლიპინი" ("იბრეთი" ლამაზს ნიშნავს).

რატომ მომწონს ბოლო დროს "რუსთავი 2"

”რუსთავი 2", მგონი, ოპოზიციური არხი გახდა. კი, კი ნამდვილად ასეა. მართალია, მის საინფორმაციო გადაცემებს არ ეტყობა, მაგრამ მარტო საინფორმაციო ხომ არ არის ტელევიზია? "რუსთავი 2"-ზე ფილმები გადის ისეთი... მაგალითად, ამას წინათ მხატვრული ფილმი გაუშვეს უგანდის დიქტატორზე. ის კაცი მმართველობის დასაწყისში ქცევით ისე ჰგავდა სააკაშვილს, საგონებელში ჩავვარდი. გამოსვლებიც კი მისნაირი ჰქონდა.

საინაუგურაციო სიტყვაში თქვა: ჩვენ, უგანდელები, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ხალხი ვართ. აქ დაირწა ცივილიზაციის აკვანი, ბერძნებმა ჩვენ მოგვპარეს ფილოსოფიაო... მერე ამ კაცმა ისე გააფრინა, ღმერთმა გვაშოროს ისეთი ამბები.  ასეთი ბედისთვის ვერც სააკაშვილს და ვერც ჩვენს ქვეყანას ვერ გავიმეტებ, მაგრამ დასაწყისში მსგავსება აშკარა იყო. ვიფიქრე, ეტყობა, ეს ფილმი გაეპარათ-მეთქი, მაგრამ წინა კვირას "რუსთავი 2"-მა ღამის ეთერში ახალი სერიალის ჩვენება დაიწყო - სათაურით "მეფეები".

სერიალების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ვიფიქრე, პირველ სერიას მაინც ვნახავ-მეთქი. ჰოდა, რას ვხედავ, რომელიღაც გამოგონილ ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და მეზობელ ქვეყანასთან ომი აქვს. დედაქალაქში კი ამ ქვეყნის მეფე გრანდიოზულ ზეიმს მართავს, ახალი დედაქალაქიც აუშენებია უზარმაზარი ცათამბჯენებით და ამას ზეიმობს. ქვეყანა ომშია, საზღვართან გააფთრებული ბრძოლა მიდის, დედაქალაქში კი ეს არ იგრძნობა, არის ცუმპარუმპა. ეს მეფე საზეიმო გამოსვლაში ამბობს: ერთ დღეს ავიხედე ცაში და პეპლების დიდი გუნდი დავინახე, ჩემს თავზემოთ ტრიალებდნენ, როგორც ქარში აფრიალებული ფოთლები. მერე ნელ-ნელა დაეშვნენ და ცოცხალ გვირგვინად დამადგნენ თავზე.

ეს ღმერთის ნიშანი იყოო. მოკლედ, ღმერთმა თავად დამადგა თავზე გვირგვინიო. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მეფე ამ ლეგენდას ყველა თავის გამოსვლაში ჰყვება. იმეორებს ერთსა და იმავე ზღაპარს. ჰოდა, ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ შვილი ეუბნება დედას (ანუ დედოფალს), კიდევ ამ პეპლებზე ჰყვება, არ მოჰბეზრდაო? დედოფალი კი პასუხობს: - სანამ ხალხს ამის მოსმენა ენდომება, ისიც დაუღალავად მოჰყვებაო.

არა, "რუსთავი 2"  სულ უფრო და უფრო მომწონს.

დაგვიბრუნეთ რუსული არხები

საქართველოში ისევ აქტიურად მიდის პროპაგანდა, რომ რუსებს ქართველები სულაც არ ვეჯავრებით, თუ მათთან კარგი ურთიერთობა გვექნება, ყველაფერი მოგვარდება და ა. შ. აგერ უკვე "კონსერვატორებიც" ამ ჰანგზე ამღერდნენ. "რადიო პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა მითხრა, რომ თუ საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხზე მომწიფდება, სააკაშვილი იძულებული იქნება, პოლიტიკა შეცვალოსო. სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოებრივი აზრი ამ მიმართულებით არ მომწიფდეს, სახელისუფლებო არხები პროპაგანდისტულ ფილმებსა და სიუჟეტებს ამზადებენ: გვახსენებენ საქართველოს წარსულს, როგორ დადიოდნენ ტახტისმაძიებლები შაჰის კარზე, 1921 წლის ოკუპაციაში რა როლი მიუძღოდათ ქართველებს და შულავრის კომიტეტს... მოკლედ, დიდი ბრძოლა მიდის საზოგადოებრივი  აზრის მისამხრობად.

საზოგადოებრივი აზრიც ორად არის გაყოფილი. ამას, ალბათ, თქვენც ამჩნევთ. ამას წინათ ერთი ჩემი კოლეგა, რომელიც სულაც არ არის რუსეთის მიმართ რადიკალურად განწყობილი, მეუბნება, ჩემი ძმა სულ რუსებს აგინებსო. მის ძმას სახლში სატელიტური ანტენა ჰქონია და რუსულ საინფორმაციო არხებს  იჭერს, ისეთებს, როგორიცაა "ერ-ტე-ერი", "ო-ერ-ტე", "ენ-ტე-ვე" და ა.შ. ჰოდა, ამ არხებზე თურმე ისეთ ბოღმასა და ზიზღს ანთხევენ საქართველოზე, თმა ყალყზე უდგას. დღე არ გავა, ჩვენზე საშინელი სიუჟეტი არ გაუშვან. დღედაღამ ანტიქართული პროპაგანდა მიდისო.

ამას კი ისეთი აგრესია გამოუწვევია ამ კაცში, რომ ვერასოდეს დააჯერებ, თუ რუსეთში ვინმეს ქართველები უყვარს. ჰოდა, ახლა ვფიქრობ, ხომ არ აჯობებს, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელმაც ეს არხები საკაბელოებს გაათიშვინა, ისევ ჩაართვევინოს? აღარ დასჭირდება ფილმების გადაღება შულავრის კომიტეტებზე.

ნუ ჩაიწერ სხვასაო, გადაგხდება თავსაო

მოკლედ, ფარსაგი ამბავი დაემართა ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს. აქამდე თუ ყველას ის უსმენდა და იწერდა, ახლა უკრაინის თუ რუსეთის (რას გაიგებ?) სპეცსამსახურებმა თავად დიდი ვანო გააბეს იმავე მახეში - მისი და გივი თარგამაძის საუბარი ჩაიწერეს. საუბრის შინაარსზე აღარ ვილაპარაკებ, ყველა გაზეთმა გამოაქვეყნა. მხოლოდ ერთს ვიტყვი: საქართველოს ხელისუფლება უკრაინის არჩევნებში ამხელა დოზით მონაწილეობით, ვა-ბანკზე წავიდა - გარისკა.

თუ იულია გაიმარჯვებს, ხომ კარგი, თუ იანუკოვიჩი, მაშინ არავინ იცის, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა. გაამართლებს თუ არა ეს რისკი, მეორე ტურის შემდეგ გამოჩნდება. თუმცა კითხვა, რომელსაც ახლა დავსვამ, ყველა შემთხვევაში ლეგიტიმური იქნება: ჰქონდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის სახელით ამხელა რისკის გაწევის უფლება?

აი, თურმე რას ნიშნავს ახალი რეფორმა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა დიმა შაშკინმა ერთ-ერთ ტელეარხზე, როდესაც განათლების რეფორმის ახალ ტალღაზე ლაპარაკობდა, განაცხადა, ამიერიდან ვერც ერთი საჯარო სკოლის დირექტორი სამინისტროს პრესცენტრის თანხმობის გარეშე პრესასთან კომენტარს ვერ გააკეთებსო. იმ დირექტორებზეა ლაპარაკი, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია არჩეული არიან და არა დანიშნული. მოკლედ, წინ მივიწევთ!