"გივიმ არ იცის ქურდების ენა" - კვირის პალიტრა

"გივიმ არ იცის ქურდების ენა"

"დამკვირვებლებს 7 თებერვლისთვისაც გავგზავნით"

"საგანგებოდ შეირჩნენ ის პირები, რომელთაც არჩევნებზე თავის დაცვა შეეძლოთ(?!)"

"ოპოზიცია რომც გაერთიანდეს, გიგი უგულავას რეიტინგსმაინც ვერ გაუტოლდება"

"საარჩევნო პროცესში ქართველების უხეში ჩარევა არც ერთ უბანზე არ დაფიქსირებულა. არც ის დაუფიქსირებია ვინმეს, რომ ქართველი დამკვირვებლები რომელიმე კანდიდატს  უჭერდნენ მხარს, ამიტომაც ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად  არის შექმნილი", - მიაჩნია სახელისუფლებო გუნდის წევრს დეპუტატ ეკა ხერხეულიძეს, რომლის აზრით, მათ, ვისაც არ ესიამოვნა ქართველების უკრაინაში ჩასვლა, ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი არგუმენტი, რატომ არ უნდა ჩასულიყვნენ ქართველები უკრაინაში.

- 50-მილიონიან ქვეყანაში 2 ათასი დამკვირვებელი ფიზიკურად რაც უნდა კარგად მომზადებული ყოფილიყო,  კლიმატს ვერ შეცვლიდა. რადგან საარჩევნო უბნებზე დაპირისპირება იყო მოსალოდნელი, საგანგებოდ შეირჩნენ ის პირები, რომელთაც თავის დაცვა შეეძლოთ. (?!)

- ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა, სულ სხვა რამ იკითხება.

- ამ ჩანაწერის ნამდვილობას ოფიციალურად არც ერთი მხარე არ ადასტურებს.  მხოლოდ რუსულ საიტებზე ნახავთ ინფორმაციას, რომ ეს არის საუბარი მერაბიშვილსა და  თარგამაძეს შორის. შესაძლოა, მართლაც ისაუბრეს, მაგრამ მისი ყველაზე დრამატული ნაწილი, ვფიქრობ, ხელოვნურად არის გაკეთებული. ყველა დამკვირვებელმა, რომელიც საქართველოდან იყო გაგზავნილი, იცოდა, რომ მშვიდობიანი და მიუკერძოებელი უნდა ყოფილიყო. რადგან საარჩევნო უბნებში არ შეუშვეს, ჩვენი დამკვირვებლები შენობებში იყვნენ, რომ არ გამხდარიყვნენ პროვოკაციის მსხვერპლი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში არ წავლენ 7 თებერვალს, არჩევნების მეორე ტურზე დასაკვირვებლად.

- თარგამაძე ჩანაწერში ამბობს, რას უპირებს დონეცკს, თუკი ჩვენს დამკვირვებლებს არ დაარეგისტრირებენო.

- როდესაც ჩანაწერების ფალსიფიკაციაზე ვლაპარაკობდი, ეს ეპიზოდიც ვიგულისხმე. გივი თარგამაძემ კარგად იცის უკრაინის შიდა ვითარება, ისიც კარგად იცის, რომ ქართველი დამკვირვებლები ვერაფერს შეცვლიდნენ უკრაინაში. იანუკოვიჩი და მისი მომხრეები იმიტომ გააღიზიანეს ქართველმა დამკვირვებლებმა, რომ იცოდნენ, არც ერთი დარღვევა არ დარჩებოდა უყურადღებოდ.

- ჩვენ მოვისმინეთ გივი თარგამაძისა და ქურდული სამყაროს წარმომადგენლის საუბრის ჩანაწერიც.

- ეს საუბარიც დამონტაჟებულია. გივი თარგამაძეს საერთო არაფერი აქვს ქურდებთან. ის იდგა იმ რეფორმის ავანგარდში, რომელიც გულისხმობდა ქურდული მენტალიტეტის პირების გავლენის აღკვეთას. დარწმუნებული ვარ, ქურდული სამყაროს არც ერთი წარმომადგენელი არ დაელაპარაკებოდა გივი თარგამაძეს. მან არ იცის ქურდებთან სალაპარაკო ენა.

- არის ვერსია, რომ სატელეფონო საუბრის ჩანაწერები შს სამინისტრომ გაავრცელა ტიმოშენკოს დისკრედიტაციისთვის. ამის მიღმა ზოგი რუსეთის მიზანსაც ხედავს, რომელსაც  ქართველების ხელით მიაღწია.

- ამ სასაცილო არგუმენტის გავრცელებას რუსეთი ცდილობს. ვანო მერაბიშვილს დიდი გავლენა აქვს საქართველოში და ეს რუსეთს ძალიან აწუხებს. ის აბსოლუტურად აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, რუსეთის ამოცანას სწორედ მისი დისკრედიტაცია წარმოადგენს. სწორედ რუსეთის შეთხზულია უნიჭო სცენარი, თითქოს ვანო მერაბიშვილი რუსულ სპეცსამსახურებს ემსახურება.

ის ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, არ ემსახურება იულია ტიმოშენკოს რეიტინგის დაწევას. ჩანაწერში ლაპარაკი იყო მხოლოდ იმაზე, თუ ტექნიკურად როგორ მოგვარდება დამკვირვებლების უკრაინაში ჩაყვანა.

ეს ჩანაწერები არ ყოფილა ტიმოშენკოს ან იანუკოვიჩის მაკომპრომეტირებელი. არ ვიცი, ვის  ტვინში მოიხარშა, რომ ვანო მერაბიშვილი შეიძლება რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდეს. ამ ბოდვას ქართველი საზოგადოება არ გაიზიარებს.

რაც შეეხება უკრაინის არჩევნებს, ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ლაპარაკობს გაყალბებაზე და აცხადებს, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდაო. ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინის რეგიონებში დიდია ოლიგარქების გავლენა, რაც აისახა კიდეც არჩევნების შედეგებზე. ის ფაქტი, რომ იუშჩენკომ მხოლოდ ხმების 5% მიიღო, მეტყველებს, რომ მას არა აქვს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია. წარმოუდგენელია, რომ მოქმედ პრეზიდენტს მოსახლეობის მხოლოდ 5% უჭერდეს მხარს. მიუხედავად ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ იუშჩენკო კვლავ ვიხილოთ უკრაინის ხელისუფლების სათავეში.

- ქვეყნის შიდა ამბებზეც ვისაუბროთ. ამას წინათ საქართველოს პრეზიდენტმა განათლების რეფორმის ავტორები გააკრიტიკა, მათ უმეცრები უწოდა.

- რეფორმა ყოველთვის მტკივნეულია და მას არასწორი გადაწყვეტილებებიც სდევს თან. ვიცი განათლების რეფორმას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვინც ჩაუყარა საფუძველი. ამ საქმეში კახა ლომაიას ღვაწლი და ამაგი ფასდაუდებელია.  პრეზიდენტის გულისწყრომა კონკრეტულ საკითხებს ეხებოდა და არა მთლიანად განათლების რეფორმას. ჩვენი ხელისუფლების მიღწევათა შორის განათლების რეფორმა გამორჩეულია. Unisef-ის კვლევების თანახმად, 2007 წელს საქართველოში განათლების რეფორმა ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან რეფორმად გამოცხადდა(?!).

განათლების სისტემა ყველაზე ძირგამომპალი და კორუმპირებული იყო. ჩასაფრებულებმა, რომლებსაც არასდროს მოსწონდათ განათლების სისტემაში კორუფციის აღკვეთა, პრეზიდენტის შენიშვნა არასწორად გაიგეს და ჩათვალეს, რომ კახა ლომაია განტევების ვაცად იქცევა. განტევების ვაცი გაეროში საქართველოს ინტერესებს არ დაიცავდა. ვინც ამგვარ ვარაუდებს გამოთქვამს, პოლიტიკურად ბრიყვი და ბეცია.

- დასასრულ ადგილობრივ არჩევნებზე მინდა გკითხოთ. გაზაფხულზე ხელისუფლების ოპონენტები გენერალური ბრძოლის გადახდას აპირებენ.

- ოპოზიციამ რეიტინგებს შეხედოს. ყველა დამოუკიდებელი  კვლევა ადასტურებს, რომ გიგი უგულავა მერობის უალტერნატივო კანდიდატია. წინასწარი განცხადებები, რომ არჩევნები გაყალბდება, პროვოკაციაა.  ოპოზიცია რომც გაერთიანდეს, გიგი უგულავას რეიტინგს მაინც ვერ გაუტოლდება.