"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები განდის და დედა ტერეზას პრინციპებზე არიან აღზრდილნი, ძალიან ცდება" - კვირის პალიტრა

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები განდის და დედა ტერეზას პრინციპებზე არიან აღზრდილნი, ძალიან ცდება"

სოსო ცინცაძე: "თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები მართლა მაჰათმა განდის და დედა ტერეზას პრინციპებზე არიან აღზრდილნი, ძალიან ცდება"

გია ხუხაშვილი: "სამი მიზეზი იმისა, რაც ევროსაბჭოში მოხდა: "ნაცმოძრაობის" პირადი კონტაქტები, ჩვენი დელეგაციის სისუსტე და საგამოძიებო ორგანოების არაპროფესიონალიზმი"

"საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება" - ამ სახელწოდებით რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გასულ კვირას დაამტკიცა, რაც ქართულ პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათის საფუძველი გახდა. ექსპერტების (და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების) თქმით, დოკუმენტში თითქმის ზუსტად აისახა "ნაციონალური მოძრაობის" მოსაზრებები. ტექსტის საბოლოო ვარიანტი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ევროსაბჭოშიც გახდა. მოხდა უპრეცედენტო რამ - რეზოლუციის საბოლოო ვარიანტს თანამომხსენებლებმა - მიკაელ ასტრუპ იენსენმა და ბორის სილევიჩმაც არ დაუჭირეს მხარი, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მათ მიზანს არა პოლიტიკური ვითარების დაძაბვა, არამედ რეალობის ასახვა წარმოადგენდა. ასეა თუ ისე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 103 ხმით 27-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე,  რომელიც წლების განმავლობაში ევროსტრუქტურების საქმიანობას აშუქებს, საქართველოს ხელისუფლებას ლობისტური საქმიანობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

გიორგი ფოფხაძე, ჟურნალისტი: - ამ შინაარსის რეზოლუციის დამტკიცებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, აშკარაა საქართველოს ხელისუფლების გამოუცდელობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობაში და მეორე მხრივ - ჩვენი საგარეო უწყების უუნარობა. მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო, გადაელახა ის ბარიერები, რაც მათ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეუქმნა.

თუ ხელისუფლება ევროპელ პარტნიორებს სათანადო არგუმენტებით არ დაუსაბუთებს თავის სიმართლეს, რაც უნდა იძახოს, რომ სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი ღონისძიებები ტარდება, ვერაფერს გახდება. "ნაციონალებს" სერიოზული ლობისტები ჰყავთ, ამასთან, მათ იციან, როგორ იმუშაონ ევროპის დასარწმუნებლად, კარგად აქვთ ათვისებული ენა, რომლითაც უნდა ელაპარაკონ ევროპელებს.

რეზოლუციის პროექტის განხილვამდე ყოველდღე მიმდინარეობდა კულუარული საუბრები ევროპარლამენტარებთან. "ნაციონალური მოძრაობა" აწვდის მათ აუარებელ, თავისთვის სასარგებლო ინფორმაციას - იქნება ეს ფოტო და–ვიდეომასალა თუ სხვა სახის რეპორტები. ამის საპასუხოდ საქართველოს მთავრობას არ წარუდგენია არც ერთი კონტრარგუმენტი.

"ნაციონალები" შანსს არ უშვებენ ხელიდან, დერეფნებშიც კი ესაუბრებიან ევროპელებს, ცდილობენ მათ დარწმუნებას,  საქართველოს მთავრობა კი თითს თითზე არ აკარებს, ამიტომ სხვაგვარი რეზოლუცია რომ მიეღოთ, ის უფრო იქნებოდა გასაკვირი. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში, ევროპარლამენტარებმა კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების მიმართ წარმოებულ სამართლებრივ  დევნაზე. ამ კითხვას თეა წულუკიანმა ზოგადი და არაფრის მთქმელი პასუხი გასცა. მოგვიანებით მე მქონდა ამ დეპუტატებთან გასაუბრების შესაძლებლობა და ვეცადე, ამეხსნა, რა ხდება სინამდვილეში. იცით, რა მიპასუხეს? როდესაც ქვეყნის იუსტიციის მინისტრი დგას ტრიბუნაზე და ვერ გვცემს არგუმენტირებულ პასუხს, ჩვენთვის სარწმუნო ხდება ის ინფორმაცია, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოგვაწოდაო.

- ვინ არიან დღეს ევროპაში "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მოკავშირეები?

- ეს პარტია "ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკური ოჯახის წევრია და რასაკვირველია, ის დაიცავს საკუთარი წევრის ინტერესებს. თუმცა, ჩემთვის გასაკვირი იყო ლიბერალთა ჯგუფის მხარდაჭერა, რადგან ამ ჯგუფის წევრები არიან "რესპუბლიკელები" და ალასანიას პარტია.

ამ რეზოლუციამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალმა პარტიებმა ვერ შეძლეს, დაერწმუნებინათ თავიანთი პოლიტიკური ჯგუფები, რომ რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, სიმართლე არ არის.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - ჩვენმა დელეგაციამ არასათანადოდ იმუშავა. იმის ძახილი, რომ "ნაციონალებმა" იმუშავეს კარგად, საკუთარი სისუსტის აღიარებაა. გარდა ამისა, სამწუხაროდ, ვერც ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ  იმუშავა გამართულად.

ნახეთ, რა ხდება თუნდაც ბაჩო ახალაიას პროცესზე. ის რომ დამნაშავეა, ჩემთვის ცხადია, მაგრამ ამის სამართლებრივად დადასტურებას ვერ ახერხებენ. იმის ნაცვლად, რომ პროფესიონალურად გამოიძიონ საქმეები, უყენებენ ახალ-ახალ ბრალს და ვერც ერთის დასაბუთებას სასამართლოში ვერ ახერხებენ.

ევროპარლამენტარს არ მოეთხოვება, იცოდეს, ვინ არის ბაჩო ახალაია. ის ხედავს, რომ ადამიანს წაუყენეს ერთი ბრალი და გამართლდა, წაუყენეს მეორე ბრალი და გამართლდა... ამიტომ  უჩნდებათ კითხვა: ხომ არ არის მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებული? ვისურვებდი, ევროსტრუქტურებში გვყავდეს ისეთი დელეგაცია, რომელიც გაცილებით კვალიფიციურად იმუშავებს. ძირითადად სამი მიზეზი შეიძლება გამოვყო იმის, რაც გასულ კვირას ევროსაბჭოში მოხდა: "ნაციონალური მოძრაობის" პირადი კონტაქტები, ჩვენი დელეგაციის სისუსტე და საგამოძიებო ორგანოების არაპროფესიონალიზმი.

რა თქმა უნდა, საზოგადოებაში სამართლიანად ისმის კითხვები ევროპარლამენტარების მიმართ, რომლებიც დღეს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და კრიტიკულობით გამოირჩევიან. სად იყო ეს ხალხი 2007 წლის ნოემბერში, 26 მაისს, როდესაც ყოფილი ხელისუფლება უარესს სჩადიოდა?

ამ რეზოლუციაში მოხვდა თითქმის ყველა ყოფილი  მაღალჩინოსნის გვარი, რომელთა საქმეებს ჩვენი სამართალდამცავები იძიებენ...

ევროსაბჭოში ამ ინფორმაციებს "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ლობისტები გზავნიან. ჩემთვის "ნაციონალური მოძრაობა" არის დამნაშავეთა გაერთიანება, რომელიც მაფიის პრინციპით მართავდა ქვეყანას და ცხადია, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც უნდა წარმართოს სამართალდამცველმა სტრუქტურამ, სწორედ მან უნდა თარგმნოს სამართლებრივ ენაზე ის ვერდიქტი, რომელიც ამ ხალხს საზოგადოებამ გამოუტანა.

სოსო ცინცაძე, ექსპერტი:

- პრობლემა უნდა ვეძებოთ არა ევროსაბჭოში, არამედ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, რომლებიც ჩვენ გვყავს ევროპის ქვეყნებში. ამ საელჩოებს ჩვენ ვინახავთ ჩვენი გადასახადებით. კეთილი ინებონ და უფრო ეფექტურად იმუშაონ. ევროსაბჭოს ყველა დეპუტატთან მათ უნდა ჰქონდეთ 24-საათიანი კონტაქტი. სწორედ მათ უნდა მოიგონ "კულუარული ომი" ევროპაში. ჩემი აზრით, ყველა იმ ქვეყანაში, რომელთა დელეგაციებმაც ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, ელჩები შესაცვლელია.

- როგორ ფიქრობთ, რა კულუარული გარიგებები შეიძლებოდა ყოფილიყო ევროსაბჭოში?

- "ნაციონალურ მოძრაობას" კონტაქტების დასამყარებლად ცხრა წელიწადი ჰქონდა. ცხადია, ისინი ამ კავშირებს სათავისოდ შესანიშნავად იყენებენ. "ქართულმა ოცნებამ" ისე დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომ საერთაშორისო დონეზე ამის საფუძველი არ მოამზადა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები მართლა მაჰათმა განდის და დედა ტერეზას პრინციპებზე არიან აღზრდილნი, ძალიან ცდება.

მათი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ხელფასი აიღონ, მეტი ფული დააგროვონ, მერე წავიდნენ და სიბერე ტკბილად გაატარონ. ამას ისინი არც მალავენ და ეს უნდა სცოდნოდა "ოცნებასაც".

საგარეო საქმეთა მინისტრად ტყუილად დანიშნეს ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ევროპაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი გახლდათ? გამოდის, რომ ევროპაში ეგ ისე ცხოვრობდა, ვერ გაიგო, სად იყო.

"ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს სერიოზული ლობისტები, მაგრამ მე მაინტერესებს, რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ამ ორი წლის განმავლობაში მძლავრი ლობისტური გუნდის შექმნა. ამ საქმეში ფულის დაზოგვა მიუღებელია, რადგან ხელისუფლების ლობიზმი პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ლობიზმს. ათასობით პრემიების შესახებ გვესმის, არადა, უპრიანია, ეს თანხა სწორედ ლობისტური საქმიანობის გაძლიერებას მოახმარონ.

ვახო ბერიძე