სახიფათო ZONA - კვირის პალიტრა

სახიფათო ZONA

"თავისუფალი თაობის" რადიკალიზმი შეიძლება ყველას ინტერესებში იყოს, გარდა ხელისუფლებისა"

"ესენი არიან დატრენინგებული მანქურთები, რომლებიც დირექტივებს პირდაპირ სააკაშვილისგან იღებენ"

ორი დღის განმავლობაში დროდადრო ახლდებოდა "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" აქტივისტებს შორის დაპირისპირება, რომელიც ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს მოჰყვა. საზოგადოებრივ ასპარეზზე სულ რამდენიმე კვირის წინ გამოჩენილი ორგანიზაცია "თავისუფალი თაობა" არც მალავს, რომ მისი შექმნის მთავარი მიზანი "ნაციონალურ მოძრაობასა" და მასთან ასოცირებულ "თავისუფალ ზონასთან" ბრძოლაა.

ლადო სადღობელაშვილი, "თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი ლიდერი: - ჩვენ უკვე გვყავს ცრუპატრიოტული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა", რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დასაყრდენი წერტილია, სწორედ მათ გასანადგურებლად შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია.

- განადგურებაში რას გულისხმობთ?

-  პოლიტიკურ განადგურებას, ანუ მათ ასპარეზიდან გაქრობას. ჩვენ უპირველესად ვუპირისპირდებით "ნაციონალურ მოძრაობას", რაც შეეხება "ზონელებს", ესენი არიან დატრენინგებული მანქურთები, რომლებიც დირექტივებს პირდაპირ სააკაშვილისგან იღებენ და 9 წლის განმავლობაში ხალხისთვის მოპარული ბინძური ფულით იკვებებიან. მათ პირადად ბოკერია მართავს.

გამოვიდა კობა ხაბაზი და ხან რუსული ძალა გვეძახა, ხან ბურჯანაძის, ახლა იძახიან, რომ ხელისუფლება გვმართავს. მაგ მონებს ვერ წარმოუდგენიათ, ადამიანს თავისი აზრი ჰქონდეს და იმის შესაბამისად იქცეოდეს. ეს ყველაფერი  იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციაში ცხოვრება. ეს ძალა რომ ასე ბოგინობს, ხელისუფლების ბრალია.

ხელისუფლება თუ ამას ვერ მოუვლის, ამ ბანდფორმირებებს ჩვენ, ახალგაზრდები მოვუვლით.

- გამოდის, პროცესების ესკალაციას აპირებთ.

- "ნაციონალური მოძრაობა"  არის კრიმინალების ჯოგი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ატერორებდა ქვეყანას. ხელისუფლება თითქოს შეიცვალა, მაგრამ ყველა სახელმწიფო უწყებაში მეორე და მესამე ეშელონის რგოლებში ისევ "ნაციონალები" არიან  და თან ცდილობენ "ზონელების" ხელით ქაოსი დათესონ.

ამის მაგალითია ზაზა დავითაიაზე თავდასხმა, რის გასაპროტესტებლად  იმავე საღამოს მშვიდობიანად მივედით მათ ოფისთან, თუმცა ისინი ხელკეტებით გამოგვეკიდნენ.

გელა ვასაძე, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი:

- ეს ყოველივე ზაზა დავითაიას  ცემის ფაქტით არ დაწყებულა. ეს დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში რაღაც არეულობა იგეგმება. ამბობენ, რომ ჩვენს ორგანიზაციაში ყოფილი სამხედროები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები არიან, რაც ტყუილია, სულ ორი ყოფილი სამართალდამცველი გვყავს, ისინიც თავის დროზე რიგითი თანამშრომლები იყვნენ. ჩვენს ორგანიზაციაში, რომელიც პოლიტიკური კლუბია, 3000-მდე წევრია გაწევრებული. დიახ, გაცხადებული გვაქვს, რომ ჩვენი წევრების უმეტესობა, თუმცა ყველა არა, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, მაგრამ ეს დანაშაული რატომ არის?!

- თუმცა ბოლო ხანს პროცესები გართულდა მას შემდეგ, რაც თქვენმა წევრებმა ჟურნალისტს სცემეს... რაც აღმაშფოთებელია.

- პროცესების დაძაბვა მაშინ დაიწყო, რაც ორიოდე კვირის წინ გამოჩნდა  "თავისუფალი თაობა", რომელმაც მოგვპარა ლოგო და ფაქტობრივად, სახელიც. თავდაპირველად ჩვენს ოფისთან გამართეს აქცია, სადაც  განადგურებით გვემუქრებოდნენ, ამ აქციაზე სიტყვით გამოვიდა დავითაიაც, რომელიც ჯოჯოხეთის მოწყობას გვპირდებოდა. მოგვცეს თვითლიკვიდაციისთვის ვადა. ამ ამბიდან მოკლე ხანში ჩვენი ოფისიდან სადღაც 70 მეტრში დავითაია ჩვენს წევრებს ქუჩაში შეხვდა, მან ფარნაოზ ჭკადუას შეაგინა და როგორც ფარნაოზი ამბობს, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, რაზეც მიიღო პასუხი. ესენი ფაქტობრივად, აპირებენ შეითავსონ პოლიციისა და სასამართლოს ფუნქციები. სად არის ამ დროს ხელისუფლება?

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- ვიდრე ქვეყანაში იქნება წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებული ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, ვინც სამართალი ვერ იპოვა, ამგვარი კონფლიქტები სულ მოხდება.

მით უფრო, თუ "ნაციონალები"  და მათი მხარდამჭერები ასე გამომწვევად გააგრძელებენ მოქცევას.  "ნაციონალურ მოძრაობაში" კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში ვერც არჩევნების გზით და ვერც რევოლუციით დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვლენ. თუმცა, ასეთი მცირე ჯგუფებით შეიძლება მოახდინო დესტაბილიზაცია, რის დროსაც ქვეყანაში შეიქმნება ისეთი ვითარება, როდესაც ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენისთვის არ ეცლება.

ამასთანავე, ეს დაპირისპირებები მიმართულია საგარეო მოხმარებისთვისაც, ცდილობენ, რაც შეიძლება დაჩაგრულად წარუდგინონ თავი დასავლელ პარტნიორებს და მათი წყალობით "ნაციონალთა" სასამართლო დარბაზებში გამოცხადების პროცესი დაამუხრუჭონ. რაც შეეხება "თავისუფალ თაობას," მათი ეს რადიკალიზმი შეიძლება ყველას ინტერესებში იყოს, გარდა ხელისუფლებისა. პროცესების განვითარების დინამიკა ხელისუფლებაზეა ყველაზე მეტად დამოკიდებული, მათ უნდა მოახერხონ და არ უნდა დაუშვან მავანის მიერ სამართლის ქუჩაში ძებნა, რაც შეიძლება სხვამ დიდი პროვოკაციისთვის გამოიყენოს.

ნათია დოლიძე