"არ არის გამორიცხული, გამარჯვების შემთხვევაში იანუკოვიჩმა სავიზო რეჟიმი შემოიღოს" - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, გამარჯვების შემთხვევაში იანუკოვიჩმა სავიზო რეჟიმი შემოიღოს"

"ჩვენი ხელისუფლება ერთი ხელით ქურდებს ებრძვის, მეორით კი თანამშრომლობს" (?!)

"მოსალოდნელია შეხლა-შემოხლა იანუკოვიჩის ზონდერებსა და ქართველ ძალოვნებს შორის"

რა მიზანს ემსახურებოდა 2000-მდე ე.წ. დამკვირვებლის "გადასხმა" უკრაინაში, რომელთა შორის  (ინტერნეტში დადებული ინფორმაციის მიხედვით) ხელისუფლების წარმომადგენლები: ზაზა გოროზია, დათა ახალაია, ბადრი ბასიშვილი და უძლიერესი ქართველი ფალავნებიც იყვნენ?! რა მიზანი ამოძრავებდა საქართველოს ხელისუფლებას და რა შედეგი მივიღეთ, ამის შესახებ ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" დირექტორი ირაკლი სესიაშვილი გვესაუბრება: - უკრაინულ საიტებზე გავრცელებული ინფორმაციისა და სკანდალური სატალეფონო საუბრის ჩანაწერების  მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2000-მდე ქართველი "გადასხა" უკრაინაში.

ამისთვის გაღებული მინიმალური ხარჯი ძალიან მარტივად დავიანგარიშე. ვიცი, რომ  ბილეთის ღირებულება მინიმუმ 400 დოლარია, ერთ სულზე დღის სამივლინებო ხარჯი კი 42 დოლარს მაინც  შეადგენს. ე.ი. საშუალოდ, 5 დღის ხარჯი 200 დოლარზე ცოტა მეტია. სასტუმროს ფასი (ერთი დღით) სულ მცირე 50-იდან 80 დოლარს შეადგენს. ჩვენ მაინც  50 ვიანგარიშოთ. გამოდის, ერთ კაცზე სასტუმროს ხარჯი 5 დღეში 250 დოლარია.…ამას დაუმატეთ კომუნიკაცია, ტელეფონით სარგებლობა, გადაადგილებისთვის აუცილებელი სატრანსპორტო ხარჯი, რაც ერთ კაცზე დღეში საშუალოდ 30 დოლარი მაინც უნდა ყოფილიყო.

KvirisPalitra.Geე.ი. ერთი კაცის 5 დღით გაგზავნა უკრაინაში 1.000 დოლარი მაინც ჯდება. 2000 კაცისთვის გაღებული ხარჯი კი სულ მინიმალური გამოთვლებით 2 მილიონ დოლარს მაინც აღემატება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩარტერული რეისებისთვის მეტი თანხებია საჭირო, ვიდრე დავთვალე. ამასთან, ჩვენი ბედოვლათი მაღალჩინოსნები ერთვარსკვლავიან სასტუმროში ყოფნასაც არ დასთანხმდებოდნენ. მათ, ვისაც მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ საქართველოსთან და ჩაყვანილებს აკონტროლებდნენ, ხელმძღვანელობდნენ, მეტი ხარჯი ექნებოდათ.

ზოგიერთი მათგანის ვიზიტი ხუთ დღეზე მეტხანსაც გაგრძელდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით დავრწმუნდი, რომ საქართველომ უკრაინულ არჩევნებზე კოლოსალური თანხა დახარჯა. თავის დროზე, საქართველოს  პრეზიდენტმა ბრძანა, რიგგარეშე არჩევნები არ გამაგონოთ, ეს ქვეყანას  ძალიან ძვირი დაუჯდებაო. ოფიციალური მონაცემებით (შეგიძლიათ გადაამოწმოთ), სახელმწიფოს არჩევნები 4-5 მილიონამდე უჯდება. ასე რომ, უკრაინის ორტურიანი არჩევნებისთვის გაღებულ თანხას თუ დავიანგარიშებთ, ჩვენს არჩევნებზე გაწეულ ხარჯს დიდად არ ჩამოუვარდება.

ფული დავხარჯეთ იმიტომ, რომ საქართველოს  საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯი შეელახა და მეგობარ უკრაინასთან ურთიერთობა გაეფუჭებინა?!

რა ესაქმებოდა სამეგრელოს გუბერნატორს უკრაინაში, როდესაც მისი მოვალეობა სამეგრელოში ყოფნა და რეგიონის პრობლემის გადაწყვეტაა. დავიჯერო, უკრაინის არჩევნები მის უფლებამოსილებაში შედიოდა?!

ერთ-ერთი ტელეხიდის მსვლელობისას უკრაინელი საზოგადოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, საქართველოდან ჩამოსული იყვნენ პირები, რომლებიც რუსულადაც კი ვერ ლაპარაკობდნენო.…ნეტავ ისინი რა კრიტერიუმებით შეარჩიეს? უკრაინელმა ჟურნალისტებმა სამართლიანად თქვეს, საქართველოს ხელისუფლებამ ტიმოშენკოს დათვური სამსახური გაუწიაო.…ეს იმას ნიშნავს, რომ იქაური საზოგადოების ერთი ნაწილი ქართველების ქმედებას საპირისპირო რეაქციით შეხვდა და შედეგად ტიმოშენკომ ხმები დაკარგა. რატომღაც ხშირად გვავიწყდება, რომ ჯერ ჩვენს სახელმწიფოსა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ და მერე სხვისაზე. უკრაინასთან ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ნატოსთან ჩვენი ინტეგრაცია მხოლოდ უკრაინასთან ერთადაა შესაძლებელი, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის  პრინციპია რეგიონული გაფართოება.

- როგორ ფიქრობთ, უკრაინული სპეცსამსახურების გახმაურებულ სატელეფონო ჩანაწერებში მოხსენიებული გია და ლაშა ვინ არიან?

- ვერ გეტყვით... ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ქურდული სამყაროს წევრები არიან. ამ ბოლო დროს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ლუსტრირება ხშირად გვაოცებს. ერთი ხელით  ის დამნაშავეებს ებრძვის, მეორით კი მათთან თანამშრომლობს.

- თუ იანუკოვიჩი გაიმარჯვებს, რა გველის?

- ჩვენი დაუდევარი მოქმედება რომ არა, იანუკოვიჩის ან ტიმოშენკოს გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთან დამოკიდებულება მაინცდამაინც განსხვავებული არ იქნებოდა. იანუკოვიჩიც ითანამშრომლებდა ჩვენს ქვეყანასთან, რადგან უკრაინელები ქართველების მიმართ  კეთილგანწყობილი არიან.

წინასაარჩევნო პერიოდში რომ იანუკოვიჩი რუსეთს კოჭს უგორებს, სულაც არ არის  გასაკვირი. მას პრორუსული ელექტორატის ხმების მოპოვება სჭირდება. გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი იგი რუსეთსა და დასავლეთს შორის  ურთიერთობის დაბალანსებას შეეცდება.

ჩემი აზრით, იანუკოვიჩი წყენას იოლად ვეღარ დაივიწყებს, რაც საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე აუცილებლად აისახება. არ არის გამორიცხული, მან სავიზო რეჟიმიც შემოიღოს საქართველოსთვის. უკრაინელებს იქ მცხოვრებ  ქართველებთან (რომლებიც "უმწიკვლო" რეპუტაციით არ გამოირჩევიან) დიდი პრეტენზია აქვთ.

გართულებული ურთიერთობა ძარცვას, ყაჩაღობასა და სხვა დანაშაულებრივ მოქმედებას მეტ მოტივაციას შესძენს. გარდა ამისა, ჩვენი უკრაინელი კოლეგები უფრო დაძაბულ მეორე ტურს ელოდებიან, რომელიც შესაძლოა ძალადობასა და შეხლა-შემოხლაშიც გადაიზარდოს. რა თქმა უნდა, იანუკოვიჩსაც ჰყავს ე.წ.

ზონდერბრიგადები და მხარდამჭერთა მობილიზებული არმია. ასე რომ, არავითარი სურვილი არა მაქვს, თუნდაც ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უკრაინაში ძალადობის მსხვერპლის როლში აღმოჩნდნენ. ასე რომ, ფრთხილად! კარგად გავიაზროთ, რას ვაკეთებთ, როგორი შედეგის მიღწევა გვსურს და საამისოდ რისი გაღება გვიღირს, თორემ ვერც "შნოიანობით" მოვიწონებთ თავს და თითზე კბენანიც გვიან იქნება.