მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

სიხარბე

"ქართულ ოცნებას" მხოლოდ მისი წევრების სიხარბე თუ დაღუპავს! თითქოს პრემიების გაცემა კანონით დაარეგულირეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველამ თავისი წილი აიღო და შეირგო. ასე იყო ძვირად ღირებული მანქანების შეძენის დროსაც - მხოლოდ მას შემდეგ აკრძალეს, რაც თითქმის ყველამ ახალი იყიდა. ივანიშვილმაც კი სწორედ პრემიები ჩაუთვალა თავის დატოვებულებს ყველაზე დიდ შეცდომად, მაგრამ რად გინდა?! პრემიებზე უარი თქვეს და ახლა სახელფასო დანამატებს იწერენ. თვითმმართველობებში "ოცნების" ხალხი ახლა მოვიდა და ამ ახლებსაც ხომ სჭირდებათ დასახლკარება?! სხვა, აბა, რა ვიფიქრო იმის შესახებ, რაც თბილისის მერიაში მოხდა! ნარმანიას ბრძანებით, მერის მოადგილეებს, გამგებლებსა და სხვა თანამდებობის პირებს წლის ბოლომდე ყოველთვე ხელფასზე მეტი დანამატი დაენიშნათ და ოთხ თვეში ამისთვის 150 ათასი ლარი დაიხარჯება! ერთ-ერთმა ქართულმა გაზეთმა დათვალა და თბილისის ვიცე-მერს ანაზღაურება პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე მეტი გამოუვიდა - 7.080 ლარი! და ამის მერე გვეუბნებიან, აბა, რა ვქნათ, ამ ხალხს დიდ თანხებთან უხდება ტრიალი, თანაც, 24 საათი მუშაობენ და რაც მთავარია, გვეშინია, კერძო სექტორში არ გაგვექცნენ, სადაც დიდი ხელფასიაო!

ვერ გავიგე, თბილისის მერის მოადგილეები მუშაობენ ბევრს და მინისტრები, რომლებიც მხოლოდ 5.000 ლარს იღებენ - ცოტას? ან რომელი ჩინოვნიკი გინახავთ საჯარო სექტორიდან კერძოში გაქცეული? ერთი მაინც დამისახელეთ! ან დიდ თანხებთან ტრიალებენ და ხელფასიც დიდი უნდა ჰქონდეთო, რა არგუმენტია?! მათი ხელფასი ვერასოდეს იქნება ისეთი, რომ ვინმემ, თუ ცდუნება გაუჩნდა, თავი შეიკავოს! თან იმას ხომ არ ვამბობთ, ჩინოვნიკს დაბალი ხელფასი უნდა ჰქონდესო?! ხელფასი უნდა ჰქონდეს მაღალი, მაგრამ - ასეთი?! როდესაც ვერ ახერხებ, პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრო, თვითმმართველობის ჩინოვნიკებისთვის ასეთი ხელფასის დანიშვნა ამორალური საქციელია, თორემ ამ 150 ათასი ლარით თბილისის ბიუჯეტი კი არ დაიქცევა! მაინც რა ასეთი გაუმაძღრობა სჭირთ ამ "ოცნების" ჩინოვნიკებს?! ვერ ხედავენ, რომ ეს პრემიების და დანამატების თემა პოლიტიკურად აზარალებთ?

ჩემი აზრით, გამოსავალი მხოლოდ ერთია: ყველაფერი კანონმა უნდა დაარეგულიროს, თან - ძალიან მკაცრად. დანამატების სისტემა უნდა გაუქმდეს, პრემიები უნდა იყოს მკაცრად ჩარჩოებში მოქცეული და ხელფასის ზედა ზღვარიც - მკაცრად განსაზღვრული, მაგალითად, მიებას საარსებო მინიმუმს და დადგინდეს, რომელ ჩინოვნიკს რამდენმაგი საარსებო მინიმუმი ეკუთვნის ხელფასის სახით. მოხდება ინფლაცია და ფასები გაძვირდება? გაიზრდება საარსებო მინიმუმიც და შედეგად გაიზრდება მათი ხელფასიც! არა მგონია, ძნელი იყოს ამის გაკეთება, მთავარია პოლიტიკური ნება, რომ ეს გაუმაძღრობა დასრულდეს!

პოლიციის მძევლები?!

ზოგჯერ მგონია, რომ ყველა ხელისუფლება ბოლოს ქართული პოლიციის მძევალი ხდება, იმ პოლიციისა, რომელმაც სხვანაირად მუშაობა არ იცის, რომელსაც არ შეუძლია კრიმინოგენული სიტუაციის მართვა, თუ ვინმეს ან ნარკოტიკი არ ჩაუდო, ან იარაღი და ასე არ "გააფუჭა". ხშირად გაიგონებთ: მე და შენ რატომ არ გვიდებენ? ესე იგი, იციან, ვინ რისი გამკეთებელიაო. თუ ვინმეს ეს გამართლება ჰგონია, ასეთ ადამიანებთან საუბარს აზრიც არ აქვს. მაშ, რისთვის გვჭირდება კანონი - დავიჭიროთ ყველა, ვისზეც ეჭვი გვაქვს, რომ დანაშაულის ჩამდენია და ყველანი დავისვენებთ! ან იქნებ ადამიანს გამოსწორება უნდა, აღარ უნდა ამ გზაზე სიარული? არა, ბატონო, ერთ დღეს რომელიმე პოლიციელი გადაწყვეტს, რომ ის ისევ საშიშია, ჯიბეში ხელს ჩაუყოფს, იქ ნარკოტიკს აღმოაჩენს და ისევ ციხეში უკრავს თავს.

ბოლო დროს დღე არ გავა, რომელიმე ადვოკატმა ან დაზარალებულმა პრესკონფერენცია არ გამართოს და არ დაიჩივლოს, რომ პოლიცია სწორედ ასე მოექცა. თენგიზ ერისთავის გამოშვებით ხომ ფაქტობრივად, აღიარეს დანაშაული! თუმცა ეჭვი მეპარება, რომელიმე პოლიციელი ამის გამო დაისაჯოს. განყოფილებებში ცემა-ტყეპაზეც ლამის ყველა ლაპარაკობს! ზოგჯერ მგონია, რომ ქართული პოლიცია ყველა ხელისუფლებას არჩევანის წინაშე აყენებს: ან მათი "ბეზპრედელი", ან - კრიმინალების პარპაში. ზოგჯერ მგონია, რომ ისინი სიტუაციის შეცვლის მსურველებს (თუ ასეთები მთავრობაში არიან) ეუბნებიან: ჩვენ სხვანაირად მუშაობა არ ვიცით, ათადან და ბაბადან ასე ვმუშაობთ და თუ ასე გაგრძელების საშუალებას არ მოგვცემთ, მაშინ კრიმინალი მოიმატებსო და კრიმინალის მომატების შიშით შეპყრობილი ხელისუფლება პოლიციას ყველაფერს უთმობს. ეს მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილებები და ვარაუდია, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლესთან ახლოსაა. სწორედ ასეთი არგუმენტით გადააფიქრებინეს მთავრობას და პარლამენტს მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღება, როდესაც მოწმე სასამართლოში უნდა დაკითხულიყო და არა - განყოფილებაში. ეს კანონი ბევრ ადამიანს გადაარჩენდა, მაგრამ ხელისუფლებამ მისი მიღება ვერ გაბედა!

თუ სიტუაცია არ შეიცვალა და ხელისუფლება პრემიების და დანამატების სკანდალებს გადაურჩა, ვფიქრობ, "ქართული პოლიცია" გადაიყოლებს!

ძირს "თბილისობა"!

მართლა მაინტერესებს, ვინმეს მოგწონთ ის ღონისძიება, რომელიც ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება და რომელსაც "თბილისობას" ეძახიან? მიგიღიათ ამ ზეიმში მონაწილეობა, რომელიც შევარდნაძემ გამოიგონა და დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ გააუქმა? ნუ მიუდგებით საკითხს პრინციპით: იყოს, რას გვიშლის, ქალაქის ზეიმია. ასეთი მიდგომა არასერიოზულია, რადგან ყოველ წელს მის მოსაწყობად ჩვენი, გადასახადის გადამხდელების, დიდძალი ფული იხარჯება. და რას ვიღებთ შედეგად? მხოლოდ მწვადის სუნს თბილისის ქუჩებში? ეს არის ამ ზეიმის მთავარი მიზანი? თუ, მერია ან რომელიმე ჩინოსანი რომ ყურძენს დაწურავს ქალაქის ცენტრში, ამით უნდა გავიხაროთ? ჰო, კიდევ რამდენიმე ადგილას ქართველი მომღერლები დაუკრავენ და ქართული ანსამბლები იცეკვებენ...

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, რა თქმა უნდა, იმართება სხვადასხვა ფესტივალი, მაგრამ მათი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის გართობის გარდა, ტურისტების მოზიდვა და შემოსავლის მიღებაა. ძალიან მაინტერესებს, სპეციალურად „"თბილისობისთვის"“ რომელიმე ტურისტი თუ ჩამოდის და რა შემოსავალს იღებს ქალაქი ამ ზეიმიდან, მის ორგანიზებაში 850 000 ლარის დახარჯვას რომ აპირებენ? ნარმანია ირწმუნება, წლევანდელი "თბილისობა" განსხვავებული იქნება და ამიტომაც მჭირდება ამხელა თანხაო. ვნახოთ, ბატონო, რა იქნება, მაგრამ ყველაზე კარგი მისი გაუქმება და ამ თანხით სხვა სასარგებლო საქმის გაკეთება იქნებოდა!