ვინ ჩაშალა მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა - კვირის პალიტრა

ვინ ჩაშალა მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა

"ეს უნდა ყოფილიყო საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით"

პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის სკანდალური განცხადება

მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულების დადების შესახებ განაცხადა, ქართულ პოლიტიკურ წრეებში ფიქრობენ, თუ რა ბერკეტები შეიძლება აამოქმედოს ქართულმა მხარემ და დიალოგის რა ფორმატში უნდა გადავიდეს ორი ქვეყნის ურთიერთობა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეხვედრების "აბაშიძე-კარასინის" ფორმატი ჩიხშია შესული და საჭიროა გაცილებით მაღალი დონის შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, შეხვდეს თავის ქართველ კოლეგას. მაშინ პუტინის ამ ინიციატივას საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, თუმცა შეფასებები შეფასებებად დარჩა. საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, არადა, როგორც ""კვირის პალიტრისთვის"" გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოებიც უკვე დაწყებული იყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა. ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას ადასტურებს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანი, რომელიც სკანდალურ განცხადებას აკეთებს და შეხვედრის ჩაშლაში საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს.

ვანო მაჭავარიანი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი: - ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობდით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებს, მათ შორის - შეერთებულ შტატებში.

- რატომ ჩაიშალა ეს შეხვედრა?

- მაშინ ეს არ მოხერხდა, რადგან მთავრობამ არ მოინდომა მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა და ის ჩაიშალა. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

დღეს კი სხვა ვითარებაა, მდგომარეობა გართულდა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის ორგანიზება ძნელია,თუმცა თუ პარტნიორი ქვეყნები ჩაერთვებიან, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება და ეს აუცილებელიცაა, რადგან რუსეთმა სოხუმთან ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა.

საქართველოს საგარეო უწყებამ მაჭავარიანის განცხადების კომენტირება არ ისურვა. თუმცა მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მთავრობამ ჩაშალა.

გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: - თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უთანხმოების თემა, მგონი, წარსულს უნდა ჩავაბაროთ. რაც შეეხება შეხვედრას ვლადიმირ პუტინთან, მე არ გამიგია, რომ ასეთი რამ საერთოდ იგეგმებოდა, არათუ ის ვინმეს ჩაეშალა. ასე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელს.

- ამჟამად თუ ხედავთ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრის აუცილებლობას?

- მე ამის წინა პირობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ჩვენი ძალისხმევა სწორედ ამ წინა პირობის შესაქმნელად არის მიმართული. საკითხი ასე არ დგას - შეხვდებიან პრეზიდენტები, დაილაპარაკებენ და პრობლემა მოგვარდება. ცხადია, ეს ასე მარტივი არ არის.

ვახო ბერიძე