მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
20-10-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
ავტოგოლები

ირაკლი ღარიბაშვილმა წინა კვირა ფეხბურთის თამაშით დაიწყო და იმ მატჩში, რომელშიც საქართველოს ნაკრების რამდენიმე ყოფილი წევრიც თამაშობდა, ბომბარდირი გახდა - ყველაზე მეტი, სამი გოლი გაიტანა, ვერც დაცვაში მოთამაშე კალაძემ და ვერც კახა ცხადაძემ "შეაჩერეს". ამის მერე ვიფიქრე, სწორედ ის უნდა ვათამაშოთ ნაკრებში-მეთქი. ყველა შემთხვევაში, გიბრალტარს ერთ-ორ გოლს ისიც გაუტანდა; თუმცა, ბოლოს, საქმე ისე წავიდა, კალაძესავით ავტოგოლები გამოაცხო. ჯერ იყო და "ნაციონალებს" ადამიანის გატაცება ისე დააბრალა, რომ გამოძიებას ამაზე არანაირი
ინფორმაცია არ გაუვრცელებია. პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და გამოაცხადა: - 19 წლის ბიჭის გატაცების უკან, ეჭვი მაქვს, "ნაციონალები" დგანანო. შეიძლება პრემიერ-მინისტრი ასეთ სერიოზულ ბრალდებას ეჭვის საფუძველზე უყენებდეს ვინმეს? გასაგებია, რომ "ნაციონალებს" სახელი ისე აქვთ გატეხილი, რომ ხალხის ნაწილი ყველაფერს დაიჯერებს, მაგრამ ამაზე უნდა აგებდეს მთავრობის მეთაური თავის
განცხადებებს? ეს ხომ მის სიტყვას სერიოზულობას უკარგავს. რომც იყოს რაიმე ეჭვი, მაინც გამოძიებას უნდა დაელოდო, თორემ მიშას დაემსგავსები, რომელიც ოპოზიციას ხან რას აბრალებდა და ხან - რას! და რომ ვერ დამტკიცდეს "ნაციონალების" კავშირი ამ საქმესთან, მერე გამოვა და ბოდიშს მოუხდის, ისევე როგორც ახალი სავიზო პოლიტიკით დაზარალებულ უცხოელებს მოუხადა? რატომ იხდის საქმეს საბოდიშოდ?

ბოდიში არა, მაგრამ უკვე კვირის ბოლოს კიდევ ერთ განცხადებაზე მოუწია ახსნა-განმარტების გაკეთებამ. მარტო ის კი არა, მთელი მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობდა აეხსნა, რომ ბატონმა პრემიერმა ასე კი არა, ისე თქვა, რომ ეს კი არა, ის იგულისხმა. არადა, საკითხი აფხაზეთს ეხებოდა. თავად პრემიერი ამტკიცებს, სიტყვა "თვითგამორკვევა" ბრჭყალებში ვიგულისხმე, აფხაზებს ავტონომია შევთავაზეო; კვირიკაშვილმა - ეთნიკურ თვითგამორკვევაზე ლაპარაკობდა, ქვეყანაზე კი არაო. თავად ფაქტი, რომ მერე ამდენი ადამიანი ასწორებს შენს ნათქვამს და თავადაც გიწევს ახსნა-განმარტებები, მოწმობს, რომ რაღაც კარგად ვერ თქვი და მეტი დაფიქრება გმართებს, ვიდრე რამეს გაახმოვანებ. მით უმეტეს, აფხაზეთის თემაზე!

ამით ქვეყანა კი არ იქცევა, ყველაფერი გამოსწორებადია, მაგრამ ყოველი ასეთი შეცდომა საკუთარი ქვეყნის კარში გატანილი ავტოგოლია იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ანექსიას, ხოლო საბერძნეთის სასამართლო დათა ახალაიასაც კი არ გადმოგცემს.

რა გვჭირს?


ქალი ქმარს ვეღარ გასცილებია ამ ქვეყანაში. ეს სიცოცხლისთვის საშიშია! ქართველი კაცები თითქოს ერთად დაგიჟდნენ და ყოფილ თუ მოქმედ ცოლებს დაერივნენ. ეს რამდენიმე თვეა, სულ გვესმის, - ქალი მოკლა ქმარმა თუ ყოფილმა ქმარმა.

ბოლო ასეთი შემთხვევა წინა კვირას მოხდა, როდესაც ყოფილი ცოლი ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტში მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მაშინვე ატყდა ერთი ამბავი: ყველაფერი ქართველი კაცების ცუდ აღზრდას, ქართველი საზოგადოების ჩამორჩენილობას და ეკლესიასაც კი დააბრალეს. ოჯახური ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში არსებული პატრიარქალური შეხედულებების ნაყოფია, რომელიც გვეუბნება, რომ ქალი კაცის მორჩილი უნდა იყოსო; მაგრამ რა ვუყოთ იმ სტატისტიკას, რომელიც გვეუბნება, რომ ქალები ძალადობის მსხვერპლი ხშირად ხდებიან განვითარებულ ევროპაშიც? იქაც ქართული აღზრდის წესები და ქართული ეკლესია მოძღვრავს ხალხს? ამასთან, როდესაც ისეთი ტრაგედია ხდება, როგორიც მკვლელობაა, ოჯახური ძალადობის ჩარჩოში ეს ვერ თავსდება. ოჯახური ძალადობის მთავარი პრობლემა ხომ ისაა, რომ კაცი, რომელიც ცოლს სცემს, ფიქრობს, ამის გამო არ დამსჯიან, ეს მხოლოდ ოჯახის საქმეაო, მაგრამ როდესაც კლავს, საკუთარ თავსაც წირავს. მან ზუსტად იცის, რომ ციხეში დიდი ხნით ჩასვამენ, საზოგადოება და შვილები გარიყავს, მაგრამ მაინც არ იხევს უკან. წინა კვირას მომხდარი შემთხვევის დროს კი კაცმა თავი მოიკლა. აქ აბსოლუტურად სხვა მომენტი მუშაობს. მეეჭვება, ასეთ დროს კაცი, რომელსაც ასეთი რამის ჩადენა შეუძლია, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებით ხელმძღვანელობდეს, ან ეს განაპირობებდეს მის ქცევას.

მაშინ სად არის გამოსავალი? ასეთი ფაქტების მთლიანად გამორიცხვა ალბათ შეუძლებელი იქნება, მაგრამ ნამდვილად შემცირდება, თუ ქალები თავიანთ არჩევანზე უფრო მეტს იფიქრებენ. ცოლის მკვლელი კაცები ხომ ამაზრზენები არიან, მაგრამ, ქალებო, სანამ ვინმეს ცოლად გაჰყვებით, კარგად გაიცანით, ყველა გიჟს კი არ უნდა გაეკიდოთ! ბოლოს და ბოლოს, როგორ მიჰყვები ცოლად ადამიანს, თუ მასზე ყველაფერი არ იცი? ქალები ძალიან ხშირად მომავალ მეუღლეს იმის მიხედვით აფასებენ, თუ როგორ ექცევა ის მას. არადა, ეს კრიტერიუმი არაა. ყველა კაცი, ნაძირალაც კი, შეყვარებულს უტკბილესად ექცევა. ქალმა მომავალი მეუღლე იმის მიხედვით უნდა შეაფასოს, თუ როგორ ექცევა ის სხვებს!
primadona
24 ოქტომბერი 2014 12:18
სახელიდან გამომდინარე არ მიკვირს დინოზავრივიტ რომ აზროვნებ.ა2012 მერე სად მუშაობდნენ გამტაცებლები იცი??
DINO_ZAUR
23 ოქტომბერი 2014 13:19
ბ–ნო მერაბ ობიექტურობისთვის მანდვე აუცილებლად უნდა გაგესვათ ხაზი, რომ ორი გამტაცებლიდან ერთი ყოფილი სოდ–ის და ერთიც ყოფილი კუდ–ის თანამშრომელი იყო.

როგორ გგონიათ შემთხვევით ხდება ასეთი დამთხვევები?

რედაქტორის რჩევით