"აფხაზეთში სისხლისღვრაა მოსალოდნელი"
20-10-2014
"აფხაზეთში სისხლისღვრაა  მოსალოდნელი"
ვალერი ბღანბა: "რჩება შთაბეჭდილება, რომ შეთანხმება აფხაზეთის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება..."

"აფხაზები მოგვიწოდებენ, გვიშველეთო"


ემზადება თუ არა რუსეთი აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიისთვის? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსულ-აფხაზური შეთანხმების პროექტი გახდა ცნობილი. შეურიგდება თუ არა აფხაზი საზოგადოება რეგიონის დე ფაქტო ანექსიას? რატომ ვარაუდობენ სოხუმში სისხლისმღვრელ დაპირისპირებას და რას უპირისპირებს ქართული მხარე რუსეთის ზრახვებს? ამ თემებზე "კვირის პალიტრამ" ექსპერტთა მოსაზრებები მოისმინა, თუმცა, მათ შეფასებებამდე ორიოდე სიტყვით ზემოხსენებული დოკუმენტის შინაარსს გაგაცნობთ. ხელშეკრულების
პროექტის თანახმად, აფხაზეთზე თავდასხმა ავტომატურად ჩაითვლება რუსეთზე თავდასხმად; ე.წ. აფხაზური ჯარი გადადის რუსების მმართველობის ქვეშ; სამხედრო ინფრასტრუქტურა და მთლიანი სამხედრო მოწყობა ჩამოყალიბდება რუსეთის სამართლებრივი სისტემის მიხედვით; უქმდება "რუსულ-აფხაზური საზღვარი"; ძალები გადმოიწევს ენგურზე; რუსები "ყლაპავენ" შინაგან საქმეთა სამინისტროს; საბაჟო კანონმდებლობა და რეგულაციები მოეწყობა რუსული კანონმდებლობისა და
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიხედვით (ევრაზიული კავშირიც მოხსენიებულია დოკუმენტში); საგადასახადო კანონმდებლობა მოეწყობა რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით.

ზურაბ შენგელია, ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის ხელმძღვანელი: - ეს არის ნაბიჯი ფაქტობრივი ანექსიისკენ. ეს იქიდან ჩანს, რომ ამ პროცესს აფხაზი საზოგადოებაც უპირისპირდება. წინააღმდეგობაზე მეტყველებს პარტია "ამცახარას" განცხადებაც, რომელმაც მართალია, ვერ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ხმების 37% მიიღო და შესაბამისად, საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს. "ამცახარას" პოლიტსაბჭომ გააკეთა განცხადება, სადაც უპერსპექტივოდ მიიჩნევს ამ შეთანხმებას. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ პროექტის წინააღმდეგია...

ვფიქრობ, საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ აფხაზეთში დაინიშნება საყოველთაო რეფერენდუმი და რუსეთის ხელისუფლება შეეცდება, საკითხი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ გარემოებაზე: აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველებისა და აფხაზების საერთო რაოდენობა სჭარბობს სხვა ეთნოსის წარმომადგენლების რაოდენობას. შესაბამისად, მათ პირველად გაუჩნდათ საერთო ინტერესები, რომ შეეწინააღმდეგონ რუსეთთან იმაზე მეტ სიახლოვეს, რაც 2008 წლის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ შეუჩერეს საარჩევნო ხმის უფლება 23 ათას ეთნიკურ ქართველს. ამიტომაც ვვარაუდობთ, რომ
რუსეთი საყოველთაო რეფერენდუმით შეეცდება თავისი გეგმის განხორციელებას.

- რეფერენდუმი უმტკივნეულოდ ჩაივლის?
- აი, აქ აფხაზ საზოგადობას დიდი წინააღმდეგობა დახვდება. აფხაზეთში სიტუაცია დაიძაბება, ვშიშობ, იქ სისხლის ღვრაა მოსალოდნელი. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ვითარების გამწვავება მაინც იმაზეა დამოკიდებული, 2008 წლის ხელშეკრულებასთან შედარებით რამდენად შესუსტდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა.
25 წლის მანძილზე პირველად აღმოვჩნდით სიტუაციაში, როცა ჩვენი და აფხაზების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა.

- და რუსების შეთავაზებული ხელშეკრულების საპირწონედ რა შეიძლება შესთავაზოს აფხაზებს ქართულმა მხარემ?
- აფხაზები თვითონ მოგვიწოდებენ - გვიშველეთო. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვაქვს ტრიბუნა საერთაშორისო არენაზე და გვთხოვენ, წამოვჭრათ ეს საკითხი, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ამ მიმართულებით სვლა თვითონ აფხაზებს არ აძლევთ ხელს. საჭიროა, ჩვენ ჩამოვაყალიბოთ სტრატეგია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს აფხაზი საზოგადოების სურვილს.

- შესაძლებელია, საქართველოს მთავრობამ აფხაზებს ღიად შესთავაზოს კონფედერაციული მოწყობა?

- ეს უკვე გავლილი ეტაპია. აფხაზები უკვე აღიარებული არიან რუსეთის მიერ.
ჩვენ რომც შევთავაზოთ კონფედერაცია, ეს მაინც არ არის იმაზე მეტი, რაც რუსეთმა უკვე მისცა.
რატომღაც ჩვენი ხელისუფლებები, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, ყოველთვის აგვიანებდნენ ასეთი ფორმალური სქემების შეთავაზებას. როცა შესაძლებელი იყო კონფედერაციაზე მოლაპარაკება, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, ხოლო როცა ვთანხმდებოდით, უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. დღევანდელ სიტუაციაში ხელისუფლება უნდა იყოს უფრო მობილური, უფრო აქტიური. ყველგან, სადაც შეიძლება, კი არ გავჩუმდეთ, არამედ პირიქით - დავიცვათ აფხაზთა ინტერესები.

კორნელი კაკაჩია, ექსპერტი: - უდავოა, რომ ეს არის ანექსია, ამიტომ გაცნობიერებული უნდა გვქონდეს ყველა მოსალოდნელი შედეგი. საქართველოს ხელისუფლებას დიდი არჩევანი არა აქვს - ან უნდა გააგრძელოს ე.წ. ნორმალიზაციის პოლიტიკა, ან გამოავლინოს მკვეთრი რეაქცია და შეცვალოს რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა, რა გზა აირჩიოს. ვფიქრობ, დადგა დრო, როდესაც უნდა შეიცვალოს რუსეთთან ურთიერთობის ფორმატი - პირველ რიგში ეს ეხება აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებას.

- ბოლო შეხვედრაზე კარასინმა განაცხადა, ამ ფორმატის შედეგი ის არის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი შენარჩუნდებაო... ეს არის ის მაქსიმუმი, რისთვისაც იღვწის ზურაბ აბაშიძე?
- კარასინის ამ განცხადებიდანაც ჩანს, რომ რუსეთი არ აპირებს ანექსიის პროცესის შეჩერებას და ამ ფონზე გაუგებარია, თუ ორმხრივ დათმობებზე არ იქნება საუბარი, რა აზრი აქვს კარასინთან შეხვედრებს. ფაქტია, რომ რუსეთი არ ცვლის პოლიტიკას აფხაზეთთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით, რას უპირებს კრემლი სამხრეთ ოსეთს.

- აფხაზები რას მიიღებენ ამ შეთანხმებით? მომგებიანია ეს მათთვის?
- ეს ახალი ხელშეკრულება მიმართულია აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ეს რეგიონი ხდება რუსეთის საერთო ეკონომიკური და სამხედრო სივრცის ნაწილი.
ჩვენდა სამწუხაროდ, გარდა საერთაშორისო ბერკეტებისა, სხვა ბერკეტი ამ პროცესის შესაჩერებლად არ გაგვაჩნია.

- როგორც ცნობილია, ამ ხელშეკრულებით უკმაყოფილო არიან აფხაზებიც... რეალურია, რომ საქართველომ ეს ფაქტორი გამოიყენოს და აფხაზებთან საერთო ენა გამონახოს?

- პრობლემა ის არის, რომ აფხაზი საზოგადოება ვერ წყვეტს, რომელი გზა აირჩიოს. არის ნაწილი, რომელსაც ეს შეთანხმება მოსწონს, განსაკუთრებით ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით, არის მეორე ნაწილიც, რომელიც აცნობიერებს, რომ ისინი ამით არათუ დამოუკიდებლობას იმყარებენ, არამედ კარგავენ ყველაფერს. რაც შეეხება საქართველოსადმი მათ დამოკიდებულებას, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისინი საქართველოში უფრო მეტ საფრთხეს ხედავენ, ვიდრე რუსეთში. ამიტომ ამ პროცესით სარგებლობა და აფხაზებთან ურთიერთობის გაუმჯობესება საეჭვოდ მეჩვენება. ალბათ,
წლები დასჭირდება იმას, რომ აფხაზები მიხვდნენ, თუ რაოდენ წამგებიანია მათთვის რუსეთთან გაფორმებული ეს ხელშეკრულება.

- ერთიანია თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ ახალი საფრთხის შეფასებებისას?
- მათი პოზიციები ერთიანი რომ არ არის, ამაზე საჯარო განცხადებებიც მეტყველებს. შეგახსენებთ თუნდაც თედო ჯაფარიძისა და ზურაბ აბაშიძის ურთიერთრეპლიკებს. მე მაინც მგონია, რომ მთავრობას ბოლომდე არა აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, თუ რა უნდა გავაკეთოთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამ დრომდე ინერციით მივყვებოდით იმ პოლიტიკას, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა. საჭიროა, გარკვეულწილად ახალი შტრიხები შეიძინოს საქართველოს პოლიტიკამ იმ რეალობების გათვალისწინებით, რომელსაც ქმნის რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების" პროექტს სახიფათოდ მიიჩნევენ აფხაზეთშიც. პროექტს უკვე მოჰყვა როგორც პოლიტიკოსების, ასევე რიგითი მოქალაქეების მღელვარება.

ვალერი ბღანბა, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე: - გაურკვეველია, შევინარჩუნებთ თუ არა ჩვენს თავდაცვის სამინისტროს თავისი სტრუქტურებით. საუბარია იმაზე, რომ ამ შეიარაღებული დაჯგუფების სარდლობას, რაიმე სახის აგრესიის შემთხვევაში, ჩაიბარებს რუსეთის მხარე, ანუ სარდლობას დანიშნავს რუსეთის უფლებამოსილი მხარე. ასევე საუბარია საბაჟო კონტროლზე ჩვენი ქვეყნის შიგნითაც კი. თუ ის ამოქმედდება, ნავსადგურში, აეროპორტში საბაჟო კონტროლს რუსული მხარე განახორციელებს. ასე რომ, ბევრი შეკითხვაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ შეთანხმება აფხაზეთის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება...

ბათალ კობახია, აფხაზეთის პარლამენტის ყოფილი წევრი: - მუდმივად მოგვიწოდებენ სიმშვიდისკენ და ვიღაცებს არ მოსწონთ ემოციური შეფასებები. არადა, თუ ამ პროექტს ახლავე არ მოჰყვა საზოგადოების ემოციური რეაქცია, შემდეგ პროცესებს ვეღარც გავაკონტროლებთ. საინტერესოა, იქ, "ზემოთ" ვინმეს ექნება პასუხი, უცებ რატომ გაჩნდა ასეთი პროექტის თუ შეთანხმების გაფორმების აუცილებლობა?.. რით არ და ვერ აკმაყოფილებდათ ძველი შეთანხმება, რა იყო მასში ჩვენი მოკავშირისთვის მიუღებელი და არასასურველი?.. იქნებ გვითხრან, რა არის პრობლემა, ვინ გააკეთა ამ შეთანხმების ანალიზი?.. რატომ გვაჩქარებენ პროექტის ხელმოწერას?.. - ეს არის იმ კითხვების არასრული ჩამონათვალი, რაზეც არგუმენტირებული პასუხი უნდა მივიღოთ, სხვაგვარად პროექტის ხელმოწერა დაუშვებელია.

ვახტანგ ბერიძე
ლალი პაპასკირი
zura
24 ოქტომბერი 2014 17:19
გიგა 100% ია , უმადურებს თვითონ ღრუსები მოუვლიამ- მუხაჯირობა2 წინა აქვთ-მიწას კი თან ხომ ვერ წაიღებენ.
გიორგი
24 ოქტომბერი 2014 01:39
სტატიაში რომ არის ლაპარაკი რაღაც კონფედერაციის შეთავაზებაზე, დავაგვიანეთ კონფედერაციის შეთავაზებაო და სხვა მრავალი, იმას რატომ არ იძახიან რომ კონფედერაცია იქმნება დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაერთიანების შედეგად, კონფედერაცია რომ შესთავაზო, ჯერ უნდა აღიარო მაშინ დე იურე დამოუკიდებლად, ერთხელ და ორჯერ გადავუყრივართ? რომ ვაღიაროთ და სამი თითის კომბინაცია გვაჩვენონ მერე სად მიდიან? ჩვენს აღიარებაზეა დამოკიდებული, თუ ჩVენ ვაღიარებთ მაშინ მსოფლიოც აღიარებს. და თუ ვაღიარებთ კონფედერაციის შექმნის გამო, სამუდამოდ დავკარგავთ აფხაზეთსაც და ცხინვალსაც, სანამ ამ რეგიონებს აქვთ ოკუპირებულის სტატუსი, შანსი ყოველთვის არის მისი დაბრუნების, 100 წელიც რომ გავიდეს, აღიარების შემთხვევაში უკვე სამუდამოდ დავკარგავთ.
დავუშვათ და არ გადაგვაგდეს, ვაღიარეთ და მართლაც შემოვიდნენ კონფედერაციაში, შემდგომში სრულიად თავისუფლად შეეძლებათ კონფედერაციდან გასვლა და დამოუკიდებელ ერთეულებად არსებობა. მაგ შემთხვევაშიც სამუდამოდ დაკარგულები იქნებიან ჩვენთვის. არანაირი კონფედერაცია.
t.m-
22 ოქტომბერი 2014 12:54
მოიცათ ჯერ სად არიან, აწი ნახონ მაგათმა...

რედაქტორის რჩევით