ნატოს ბაზა და რუსეთის ბაზარი - კვირის პალიტრა

ნატოს ბაზა და რუსეთის ბაზარი

ნატოს ბაზა თუ რუსეთის ბაზარი - არის კი ეს არჩევანი, რომელიც დღეს საქართველოს უდგას?!

კალეიდოსკოპურად მივყვეთ ბოლო თვის საგარეო პოლიტიკურ მოვლენებს:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს, აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, იგეგმება საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი ახალი გზების გაჭრა, რომელთა პროექტები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა.

ცოტა მოგვიანებით მედიაში ჟონავს კარასინის "მორიდებული" იდეა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის განვითარებისთვის უმჯობესია, თუ ისინი საქართველოსთან ერთად კონფედერაციულ სახელმწიფოს შექმნიან.

პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს საქართველოს, თავი შეიკავოს ნატოს ახალი სასწავლო-საწვრთნელი ბაზის გახსნისგან, რომელზე ინფორმაციაც პერიოდულად ჩნდება ქართულ და ამერიკულ მედიაში.

იმავდროულად, რუსული პრესა აქვეყნებს ინფორმაციას ე.წ. "ავარეთ-კახეთის გზის" მშენებლობის თაობაზე, რომელიც ჩრდილო კავკასიის რეგიონებს კახეთთან დააკავშირებს. რუსეთი არ მალავს, რომ მისთვის ამ გზას უპირველესად სამხედრო დანიშნულება აქვს.

აშშ-რუსეთის ბოლო დღეების მოლაპარაკების შედეგად ეს ორი ქვეყანა იწყებს თანამშრომლობას და აერთიანებს ძალისხმევას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა არ უხსნის რუსეთს უკრაინის გამო დაწესებულ სანქციებს.

ჩვენთან კი ქვეყნდება იმ ხელშეკრულების პროექტი, რომელიც უნდა გაფორმდეს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის და რომელიც თავისი არსით, ფაქტობრივად, აფხაზეთის რუსეთთან მიერთების დოკუმენტია. საქართველოს ხელისუფლება სრულიად ლოგიკურად ამ დოკუმენტს აფხაზეთის ანექსიის მცდელობად აფასებს. პასუხად კი ვიღებთ ჯერ კარასინის, შემდეგ კი მისი სამინისტროს დაუფარავ მუქარას, რომ ჩვენ, ანუ რუსეთს, საქართველოს ახალი ხელისუფლების "რეაქციამ 2007-2008 წლები და ის რიტორიკა გაგვახსენა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა" და თქვენ, ანუ საქართველოს, არ დაგავიწყდეთ, როგორი პასუხი ჰქონდა რუსეთს ამ რიტორიკაზეო. გამოდის, რუსეთი, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებას იმასაც კი უკრძალავს, ადეკვატური შეფასება მისცეს ამ დოკუმენტით აფხაზეთის მიერთების მცდელობას.

რა საფრთხეებს შეიცავს აღწერილი რეალობა საქართველოსთვის და რა ნაბიჯები რჩება ხელისუფლებას მათ გასანეიტრალებლად?

რუსული ბაზარი, ინფრასტრუქტურული პროექტები და ახალი გზები ყველაზე მძლავრი და ეფექტური ეკონომიკური იარაღია რუსეთის ხელში - ის ორსახოვანი იანუსია, რომლის ერთი სახე გიცინის მაშინ, როცა მეორე ძირს გითხრის იმდენად, რამდენადაც, საქართველოს ზოგიერთი რეგიონის მცხოვრებთათვის რუსული ბაზარი გახდა ერთგვარი ეკონომიკური აღმავლობის საფუძველი, შესაბამისად, ამ ბაზრის ჩაკეტვით რუსეთმა შეიძლება სოციალური აფეთქებების მთელი სერია გამოიწვიოს საქართველოს იმ რეგიონებში, რომლებმაც იგრძნეს რუსული ბაზრის გახსნის ბენეფიტები.

რაც შეეხება ახალ გზას, რომელიც საქართველოს თანხმობის შემთხვევაში კახეთს ბოლო ხანს ლამის ტერორისტების ინკუბატორად ქცეულ ჩრდილო კავკასიის რეგიონებთან დააკავშირებს, ის ერთიათად ზრდის საქართველოში აგრესიული ისლამის გავრცელებისა და ტერორიზმის შემოღწევის საფრთხეს. მართალია, რუსეთი თავად ვერ უმკლავდება საკუთარ ტერიტორიაზე სულ უფრო მომძლავრებული აგრესიული ისლამის სწავლებებს და ტერორისტების მოსამზადებელ ბანაკებს, მაგრამ ნამდვილად არ იქნება უკმაყოფილო, თუ ეს საფრთხეები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლებს.

რაც შეეხება კონფედერაციას: ის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა იმგვარი კავშირია, რომელში შემავალი სახელმწიფოებიც სრული სახით ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად რჩებიან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ჯერ უნდა აღიაროს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და შემდეგ შექმნას მათთან ერთად კონფედერაციული კავშირი, საიდანაც გამოსვლა ერთ წევრს სხვა წევრების თანხმობის გარეშე ნებისმიერ დროს შეუძლია. დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

ერთი რამ, რაც დღეს საქართველოს ნამდვილად შეუძლია და მისი ვალდებულებაა, საკუთარ თავზე აიღოს აფხაზი ეთნოსის გადარჩენის ამოცანა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, არამედ რუსეთის ანექსიისა და გრძელვადიანი ეთნოწმენდისგან აფხაზი ერის გადარჩენისკენ მოუწოდოს.

ხათუნა ლაგაზიძე