გაუგებრობა, რომელმაც ქვეყნის იმიჯი შელახა - კვირის პალიტრა

გაუგებრობა, რომელმაც ქვეყნის იმიჯი შელახა

დროა, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა მოილაპარაკონ როგორც ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმზე, ასევე იმ პრობლემებზე, რაც ნორმალური ურთიერთობების საშუალებას არ აძლევთ

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გაუგებრობის სერია გრძელდება, სახელისუფლებო მოქმედებების ასინქრონი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების არცთუ სასიამოვნო ნაწილად იქცა, რომლის ერთ-ერთი შედეგია გასულ კვირას ბელგიის ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში შემდეგი შინაარსის განცხადების გავრცელება: "ქალბატონებო და ბატონებო, მივიღეთ თქვენი მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების სურვილის შესახებ. რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ ვიზიტი ჩაშლილია. ბრიუსელში საქართველოს საელჩოდან შეგვატყობინეს, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო პრეზიდენტის ვიზიტი გაუქმებულია..."

მოვლენები კი ქვეყანაში ასე ვითარდებოდა: რუსეთსა და სოხუმს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა 28 ოქტომბრისთვის მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში ამ საბჭოს შეკრება რომ პრობლემად არის ქცეული, ცნობილია, მაგრამ, თემის სიმწვავიდან გამომდინარე, პრეზიდენტის სურვილი თავდაპირველად არავის გაჰკვირვებია და ვინ იფიქრებდა, თუ ამას აურზაური მოჰყვებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრების უმრავლესობა და მოწვეული სტუმრები, უცხოეთში დაგეგმილი ვიზიტების გამო, სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებდნენ. მათ შორის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც მთავარი მომხსენებელი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც მან პრეზიდენტს საბჭოს სხდომის თარიღის შეცვლა სთხოვა. უშიშროების საბჭოს მდივნისგან უარი მიიღო. მთავრობაში აცხადებენ, რომ თავის დროზე უშიშროების საბჭოს სხდომა ისე დაიგეგმა, რომ ჩატარების დროზე არც მის მუდმივმოქმედ წევრებს და არც მოწვეულ სტუმრებს არავინ შესთანხმებია. ეს თუ ასეა, კვლავაც დღის წესრიგში დგება ორგანიზაციული ხარვეზები და პრეზიდენტისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უშიშროების საბჭოს მთავრობასთან კომუნიკაციის პრობლემა.

როგორც აღმოჩნდა, 28 ოქტომბრისთვის ოფიციალური ვიზიტი ბელგიის სამეფოში თავად პრეზიდენტსაც ჰქონდა დაგეგმილი და გააუქმა. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში უნდა დასწრებოდა ის ზემოთ ნახსენებ უნივერსიტეტში კონფერენციას. სავარაუდოდ, საქართველოს საელჩომ და იმ სტრუქტურებმა, ვისაც პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმების მიზეზის ახსნა ევალებოდათ, სათანადოდ ვერ აუხსნეს პრეზიდენტის მომლოდინე მასპინძლებს მარგველაშვილის ჩაუსვლელობის მოტივი. ამ არასათანადო ახსნა-განმარტებასაც ექნება მიზეზი, შესაძლოა, ესეც სახელისუფლებო შტოებს შორის არასაკმარისი ურთიერთობის ბრალიც იყოს, თუმცა შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში ერთია - ქვეყნის იმიჯის შელახვა... შემდგომში თავის მართლება, რომ ვიღაცამ სხვანაირად გაიგო, რომ ქართული მხარის პოზიცია არასწორად იყო ინტერპრეტირებული და ა.შ., შედეგს ვეღარ შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ცდილობს, თავი დააღწიოს დესტაბილიზაციასთან ასოცირებული ქვეყნის იმიჯს და ევროპული სახლის თანასწორუფლებიანი წევრი გახდეს, ამგვარი, თითქოსდა დეტალების ერთობლიობა ევროპას უსათუოდ აფიქრებინებს, რომ საქართველო კვლავაც დესტაბილიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა... ღირდა კი ყოველივე ამისთვის ერთი კონკრეტული თარიღის აჩემება, რომლის მიზეზიც შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ პრეზიდენტს ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, ჩემთვის აფხაზეთის საკითხი უმნიშვნელოვანესია და ვიზიტი გავაუქმე, სხვები კი ამას არაფრად აგდებენო. არაფერს ვამტკიცებთ, ეს მხოლოდ ვარაუდია, რაც სულაც არ არის საფუძველს მოკლებული იმ ფონზე, როდესაც თვითონ პრეზიდენტი ბოლო ხანს მუდმივად ხან მინისტრების, ხანაც დეპუტატების თავდასხმის ობიექტია.

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მსგავსი გაუგებრობები? დღეს აშკარაა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობა ერთმანეთთან სწორედ რომ კოაბიტაციურ რეჟიმში ურთიერთობს, ანუ იძულებით.

პრეზიდენტი ნებისმიერ ფასად ცდილობს განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება, სახელისუფლებო გუნდის დანარჩენი ნაწილი კი ამ უფლებამოსილების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვაზე ლაპარაკობს.

ალბათ, დროა, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა მოილაპარაკონ როგორც ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმზე, ასევე იმ პრობლემებზე, რაც ნორმალური ურთიერთობების საშუალებას არ აძლევთ. ეს დროულად უნდა მოხდეს, რათა სახელისუფლებო ასინქრონმა ქვეყანა უფრო მეტად არ დააზარალოს.

ნათია დოლიძე