მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

პრესტიჟი და სასტუმრო

წინა კვირას ახალი ჭეშმარიტება შევიტყვე - სახელმწიფოს პრესტიჟი იმაზე ყოფილა დამოკიდებული, პრემიერი საზღვარგარეთ ძვირად ღირებულ სასტუმროში გაჩერდება თუ არა! ასე გვითხრა კანცელარიის მაღალჩინოსანმა: "გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მთავრობისა და დელეგაციის მეთაურების ვიზიტისას პროტოკოლით გათვალისწინებულია შესაბამისი სასტუმროები, რაც არის ქვეყნის იმიჯის საკითხი". მოკლედ, მთავრობის მეთაურმა ყველაზე ძვირი სასტუმრო თუ არ ამოარჩია, სახელმწიფოს პრესტიჟი შეილახება, ჰოდა, ღარიბაშვილიც ქვეყანას ხომ არ შეარცხვენდა?! ამიტომ ნიუ-იორკში "მანდარინ ორიენტალში" დაბინავდა, სადაც ყველაზე იაფი ერთკაციანი ნომერი 985 დოლარი ღირს. დელეგაციის რამდენი წევრი ცხოვრობდა ამ სასტუმროში, ჯერ ვერ დავადგინე, მაგრამ კანცელარია ამტკიცებს, მხოლოდ სამი ნომერი გვქონდაო. ხარჯები "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გამოაქვეყნა. სხვა საკითხია, ირმა ნადირაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ თუ არა მორალური უფლება, სხვის ხარჯებზე ილაპარაკონ. ახლა მთავარი ის კი არ არის, ვინ რას აქვეყნებს, არამედ ის, მართალია თუ არა, რაც ნადირაშვილმა თქვა.

მოკლედ, საერთო ხარჯი 562 965 ათასი ლარი ყოფილა. მგზავრობაში 100 243 ლარი გადაუხდიათ. პრემიერისა და მისი მეუღლის პრემიუმკლასის ბილეთი 40 ათასი ლარი ღირებულა, ტრანსპორტით მომსახურება - 147 375 ლარი. ბიუჯეტიდან არის გადახდილი სასტუმროს დამატებითი ხარჯები - 25 694 ლარი. და ეს ყველაფერი მხოლოდ 16 კაცის დანახარჯია, დელეგაციაში კი ორმოცზე მეტი ადამიანი იყო.

კანცელარიის წარმომადგენელმა განაცხადა, მადლობა გვითხარით, კერძო თვითმფრინავით რომ არ გავფრინდით და ბიუჯეტს 300 000 ლარი დავუზოგეთო. გმადლობთ, ბატონო! არა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ მთავრობის წევრებმა ეკონომკლასით უნდა იმგზავრონ და სამვარსკვლავიან სასტუმროში იცხოვრონ, მაგრამ ბილეთიც ყველაზე ძვირი უნდა იყიდონ და სასტუმროც ყველაზე ძვირი შეარჩიონ? მით უმეტეს, როცა ასეთი საქციელის გამო წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია... ვინ გითხრათ, რომ სასტუმროს ფასზეა დამოკიდებული ქვეყნის იმიჯი? ქვეყნის იმიჯი თქვენს ქცევაზე, თქვენს ნათქვამსა და თქვენს საქმეებზეა დამოკიდებული, რითიც ჯერ მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნით.

პრესტიჟი და "აიფონ 6"

თუ სახელმწიფოს იმიჯი ყველაზე ძვირ სასტუმროზეა დამოკიდებული, ჩვენი სოფლის მეურნეობის აყვავება ყველაზე ძვირი ტელეფონის გარეშე წარმოუდგენელია! სწორედ ამიტომ ჩვენმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბიუჯეტის ხარჯით თავისთვის 1700-ლარიანი "აიფონ 6" იყიდა! როცა ერთი ამბავი ატყდა, დაიწყეს მინისტრის "გაპრავება": ტელეფონი სახლში კი არ მიაქვს, სამინისტროს ბალანსზე იქნება და ახალ მინისტრს გადასცემსო! თქვენ გინახავთ, მობილური ტელეფონი რამდენიმე წლის მერე ვარგოდეს?! ან რას ნიშნავდა განცხადება - მინისტრს სამუშაოდ სჭირდებაო. რა, პირად საქმეებზე ამ მობილურით არ დარეკავს? თუ ყანაში რომ გავა სადმე, იქ მხოლოდ ბოლო მოდელის ტელეფონი იჭერს?! ან იქნებ, ვინც ამაზე ერთი ამბავი ავტეხეთ, გვგონია, რომ 1.700 ლარი ბიუჯეტს დააქცევს?! სააკაშვილს პიჯაკების ყიდვის და სხვა უკანონო ხარჯების გამო სამართალში რომ აძლევ, შენ იმავეს, თუნდაც კანონიერად, არ უნდა აკეთებდე, იმიტომ, რომ ეს შენი ხალხის უპატივცემულობაა, გოიმობაა\, ჩვენ კი არ გვინდა გოიმი ხელისუფლება! იყიდეთ, ბატონო, რაც გნებავთ, ოღონდ კეთილი ინებეთ და ფული საკუთარი ხელფასით გადაიხადეთ! თუ ხელფასი არ გყოფნით, განვადებით გამოიტანეთ!

ისე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბოლოს მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა და განაცხადა, ამ ტელეფონის ფულს ჩემი ხელფასით გადავიხდიო. ეს უკვე კარგი საქციელია, მაგრამ ამაზე თავიდანვე რომ ეფიქრა, ხომ ჯობდა?! არც ხალხი გაღიზიანდებოდა და არც სალაპარაკო იქნებოდა!

პრესტიჟი და ნეპოტიზმი

ნათესავების დასაქმებაც პრესტიჟის საქმეა? თუ ამაზე ჯერ არაფერი უთქვამთ? არა უშავს, იტყვიან! განსაკუთრებულ პატივში ცოლის ნათესაობა ჰყავთ. არასამთავრობოების ცნობით, კალაძეს ისე ჰყვარებია თავისი მოყვარე, რომ თბილისის მერიაში ერთი საქალაქო სამსახური სამად დაშალეს, 21 წლის გიორგი არეშიძისთვის თანამდებობა რომ გამოენახათ. "ოცნების" წევრებმა განაცხადეს, რა ქნან მაღალჩინოსნების ნათესავებმა, თუ ისინიც ნიჭიერები არიან, უმუშევრად დარჩნენო? თანაც გიორგი არეშიძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის აქტიური წევრი ყოფილა! კაცო, რაღა სულ თქვენი ნათესავები აღმოჩნდებიან ხოლმე ნიჭიერები?! და თუ ნიჭიერია, მაინცდამაინც უფროსად უნდა დანიშნოთ?

"ოცნების" მხარდამჭერებს ისიც გაახსენდათ: 21 წლის მარიამ საჯაია რომ დასვეს პარლამენტში, კარგი იყოო? ვაჰ, მიშა რომ ცუდად იქცეოდა, ამიტომაც გავუშვით! თანაც, პარლამენტარი არავის უფროსი არ არის! ისე, იმის თქმა დაგავიწყდათ, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის!