მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
27-10-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
პრესტიჟი და სასტუმრო

წინა კვირას ახალი ჭეშმარიტება შევიტყვე - სახელმწიფოს პრესტიჟი იმაზე ყოფილა დამოკიდებული, პრემიერი საზღვარგარეთ ძვირად ღირებულ სასტუმროში გაჩერდება თუ არა! ასე გვითხრა კანცელარიის მაღალჩინოსანმა: "გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მთავრობისა და დელეგაციის მეთაურების ვიზიტისას პროტოკოლით გათვალისწინებულია შესაბამისი სასტუმროები, რაც არის ქვეყნის იმიჯის საკითხი". მოკლედ, მთავრობის მეთაურმა ყველაზე ძვირი სასტუმრო თუ არ ამოარჩია, სახელმწიფოს პრესტიჟი შეილახება, ჰოდა, ღარიბაშვილიც ქვეყანას ხომ არ შეარცხვენდა?! ამიტომ ნიუ-იორკში "მანდარინ ორიენტალში" დაბინავდა, სადაც ყველაზე იაფი
ერთკაციანი ნომერი 985 დოლარი ღირს. დელეგაციის რამდენი წევრი ცხოვრობდა ამ სასტუმროში, ჯერ ვერ დავადგინე, მაგრამ კანცელარია ამტკიცებს, მხოლოდ სამი ნომერი გვქონდაო. ხარჯები "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გამოაქვეყნა. სხვა საკითხია, ირმა ნადირაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ თუ არა მორალური უფლება, სხვ
ის ხარჯებზე ილაპარაკონ. ახლა მთავარი ის კი არ არის, ვინ რას აქვეყნებს, არამედ ის, მართალია თუ არა, რაც ნადირაშვილმა თქვა.

მოკლედ, საერთო ხარჯი 562 965 ათასი ლარი ყოფილა. მგზავრობაში 100 243 ლარი გადაუხდიათ. პრემიერისა და მისი მეუღლის პრემიუმკლასის ბილეთი 40 ათასი ლარი ღირებულა, ტრანსპორტით მომსახურება - 147 375 ლარი. ბიუჯეტიდან არის გადახდილი სასტუმროს დამატებითი ხარჯები - 25 694 ლარი. და ეს ყველაფერი მხოლოდ 16 კაცის დანახარჯია, დელეგაციაში კი ორმოცზე მეტი ადამიანი იყო.

კანცელარიის წარმომადგენელმა განაცხადა, მადლობა გვითხარით, კერძო თვითმფრინავით რომ არ გავფრინდით და ბიუჯეტს 300 000 ლარი დავუზოგეთო. გმადლობთ, ბატონო! არა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ მთავრობის წევრებმა ეკონომკლასით უნდა იმგზავრონ და სამვარსკვლავიან სასტუმროში იცხოვრონ, მაგრამ ბილეთიც ყველაზე ძვირი უნდა იყიდონ და სასტუმროც ყველაზე ძვირი შეარჩიონ? მით უმეტეს, როცა ასეთი საქციელის გამო წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია... ვინ გითხრათ, რომ სასტუმროს ფასზეა დამოკიდებული ქვეყნის იმიჯი? ქვეყნის იმიჯი თქვენს ქცევაზე, თქვენს ნათქვამსა და თქვენს საქმეებზეა დამოკიდებული, რითიც ჯერ მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნით.

პრესტიჟი და "აიფონ 6"

თუ სახელმწიფოს იმიჯი ყველაზე ძვირ სასტუმროზეა დამოკიდებული, ჩვენი სოფლის მეურნეობის აყვავება ყველაზე ძვირი ტელეფონის გარეშე წარმოუდგენელია! სწორედ ამიტომ ჩვენმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბიუჯეტის ხარჯით თავისთვის 1700-ლარიანი "აიფონ 6" იყიდა! როცა ერთი ამბავი ატყდა, დაიწყეს მინისტრის "გაპრავება": ტელეფონი სახლში კი არ მიაქვს, სამინისტროს ბალანსზე იქნება და ახალ მინისტრს გადასცემსო! თქვენ გინახავთ, მობილური ტელეფონი რამდენიმე წლის მერე ვარგოდეს?! ან რას ნიშნავდა განცხადება - მინისტრს სამუშაოდ სჭირდებაო. რა, პირად საქმეებზე ამ მობილურით არ დარეკავს? თუ ყანაში რომ გავა სადმე, იქ მხოლოდ ბოლო მოდელის ტელეფონი იჭერს?! ან იქნებ, ვინც ამაზე ერთი ამბავი ავტეხეთ, გვგონია, რომ 1.700 ლარი ბიუჯეტს დააქცევს?! სააკაშვილს პიჯაკების ყიდვის და სხვა უკანონო ხარჯების გამო სამართალში რომ აძლევ, შენ იმავეს, თუნდაც კანონიერად, არ უნდა აკეთებდე, იმიტომ, რომ ეს შენი ხალხის უპატივცემულობაა, გოიმობაა\, ჩვენ კი არ გვინდა გოიმი ხელისუფლება! იყიდეთ, ბატონო, რაც გნებავთ, ოღონდ კეთილი ინებეთ და ფული საკუთარი ხელფასით გადაიხადეთ! თუ ხელფასი არ გყოფნით, განვადებით გამოიტანეთ!
ისე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბოლოს მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა და განაცხადა, ამ ტელეფონის ფულს ჩემი ხელფასით გადავიხდიო. ეს უკვე კარგი საქციელია, მაგრამ ამაზე თავიდანვე რომ ეფიქრა, ხომ ჯობდა?! არც ხალხი გაღიზიანდებოდა და არც სალაპარაკო იქნებოდა!

პრესტიჟი და ნეპოტიზმი

ნათესავების დასაქმებაც პრესტიჟის საქმეა? თუ ამაზე ჯერ არაფერი უთქვამთ? არა უშავს, იტყვიან! განსაკუთრებულ პატივში ცოლის ნათესაობა ჰყავთ. არასამთავრობოების ცნობით, კალაძეს ისე ჰყვარებია თავისი მოყვარე, რომ თბილისის მერიაში ერთი საქალაქო სამსახური სამად დაშალეს, 21 წლის გიორგი არეშიძისთვის თანამდებობა რომ გამოენახათ. "ოცნების" წევრებმა განაცხადეს, რა ქნან მაღალჩინოსნების ნათესავებმა, თუ ისინიც ნიჭიერები არიან, უმუშევრად დარჩნენო? თანაც გიორგი არეშიძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის აქტიური წევრი ყოფილა! კაცო, რაღა სულ თქვენი ნათესავები აღმოჩნდებიან ხოლმე ნიჭიერები?! და თუ ნიჭიერია, მაინცდამაინც უფროსად უნდა დანიშნოთ?
"ოცნების" მხარდამჭერებს ისიც გაახსენდათ: 21 წლის მარიამ საჯაია რომ დასვეს პარლამენტში, კარგი იყოო? ვაჰ, მიშა რომ ცუდად იქცეოდა, ამიტომაც გავუშვით! თანაც, პარლამენტარი არავის უფროსი არ არის! ისე, იმის თქმა დაგავიწყდათ, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის!
aleko
04 ნოემბერი 2014 08:02
რა გეგონათ აპა ა?-
ეს ბოგანოები რომ დასვით მთავრობაში?-უნახავმა რა ნახაო....
მთავარია თავისუფლები ვართ-არავინ გვისმენს.ხოდა გაგებით უყურეთ ჯანყარაშვილების,თამაზასშვილების,კალაძეების გულავს
ir ina
03 ნოემბერი 2014 18:10
ეს ლაწირაკები,რა ამბიციურები არიან,ამ შემთხვევაში გიორგი არეშიძე მყავს მხედველობაში,გარეგნულად ჩამოუყალიბებელ ბავშს გავს,იფიქრებ პატრონი არ ყავსო?მაგრამ,ამას რომ პატრონი ყოლია ბევრი ვერ დაიკვეხნის.ადრეც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ კახი კალაძისგან ამას არ მოველოდი,ეს "ქართული ოცნების" წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს,დაფიქრდით,ცოტა დრო დაგრჩათ და ცუდად არ შემოგიბრუნდეთ,ეს მარტო ჩემი აზრი არ არის.
vep1963
03 ნოემბერი 2014 15:29
90-იანი წლებიდან დაიწყო ქართველების როგორც მენტალობა გაუკუღმართებული ერის მკურნალობის პროცესი და როგორც მოსალოდნელი იყო ეს პროცესი ძალზედ მტკივნეულად და ძალზე მწარედ მიდის რადგან სხვაგვარად არც შეიძლება მომხდარიყო ისე ვიყავით მოწამლულები ჩვენს დიდ ძმასთან თანაცხოვრებით.ეს მკურნალობის პროცესი რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდება თვით აქ მოყვანილი კომენტარებიდანაც სჩანს.ზოგი სსრკ-ს მისტირის,ზოგი კომუნისტების დანატოვარს,ზოგი მთავრობას აგინებს და აშ.მაგრამ იმას კი არავინ ამბობს აქამდე რატომ და როგორ მივედით.მერაბ სიმართლესა ბრძანებ როცა ამბობ რომ იმაზე რაზეც ახლანდელი და წინანდელი მთავრობები ამაყობდნენ კომუნისტებს გვერდშიც ვერ დაუდგებიან მაგრამ თვით ამ კგბ-ს მიერ გამაგრებულმა სისტემამაც კი ვერ გაძლო და იძულებული გახდნენ თვითონ დაენგრიათ და ეხლა ცდილობენ რაიმე ახლის შეკოწიწებას მაგრამ რაზე რა იდეაზე დაყრდნობით ეს კიდევ საკითხავია.რაც არ უნდა ვაქოთ და ვადიდოთ კომუნისტები ,იმპერიალისტები,ისლამისტ-რადიკალები,ევროპა ამერიკელები,პუტინ,ობამები ყველას მათ თავის სიმართლე აქვთ მაგრამ სიმართლე და ჭეშმარიტება ქვეყანაზე რომ ერთადერთია ამას რა მოვუხერხოთ?გადახედეთ ბატონებო მსოფლიოს მეტნაკლებად სად უფრო დალაგებულად და სოციალურად დაცულად ცხოვრობს ხალხი და მათ მაგალითს მივბაძოთ.ჩვენ ქართველებმა ჩვენივე ხასიათის გაუკუღმართებული მხარეებით ბევრჯერ მოვიტეხეთ კისერი და კიდევ ბევრჯერ მოვიტეხავთ თუ დროზე არ მოვიცილებთ მათ ამით კი საკმაოდ დავაჩქარებთ ჩვენი მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესს.თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესი დროში გაიწელება მთავრობები ,მთავრობას შეცვლის საქმეს და ცხოვრებას კი არაფერი ეშველება.ის რაც ქართველებზე დავწერე ეხება ჩვენს "ძმებსაც"მაგრამ მათი საქმე უფრო რთულადაა რადგან ჩვენ თუ ყელამდე ვართ ნეხვში ისინი უკვე ნეხვში არიან ჩაძირულები და მათი ამ ნეხვიდან დახსნა ჩვენი ვალიც არის რადგან სამშობლოსა და დედულ მამულის მთლიანობა ამას მოითხოვს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები