"დიდი სამეულის" დასკვნა
27-10-2014
"დიდი სამეულის"  დასკვნა
ვალერი გელაშვილი: "ჯერ არც იყო პრეზიდენტის მეუღლე, როცა 2003 წლის დეკემბერში შევარდა ჩემს სახლში, მარანში ჭურები დახსნეს და ღვინო დალიეს. ეს არ იყო შეურაცხყოფა?"

უცხოელმა ყოფილმა პროკურორებმა, რომლებმაც სხვადასხვა დროს ბრალი წაუყენეს სერბეთის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩს, ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტსა და ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნეს. მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა წინასწარი დასკვნა 2005 წლის 14 ივლისს დეპუტატ ვალერი გელაშვილზე
თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

"ჩვენ გვჯერა, რომ არსებული მასალები არის სამართლებრივად და, ფაქტობრივად საკმარისი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა დანაშაულისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ვალერი გელაშვილის მიმართ 2005 წლის 14 ივლისს განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან... აღვნიშნავთ, რომ
ეს დასკვნა არის წინასწარი და შეიძლება დაექვემდებაროს სამომავლო გადასინჯვას, თუ გამოძიება გაგრძელდება და ჩვენს ჯგუფს წარედგინება დამატებითი მტკიცებულებები", - ნათქვამია საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ სერ ჯოფრი ნაისი (დიდი ბრიტანეთიდან), მოშე ლადორი (ისრაელიდან) და პოლ კოფეი (აშშ-დან).
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ ზემოხსენებული დასკვნა დაუკვეთა საქართველოს პროკურატურამ და ამაში ქართულმა მხარემ ფული გადაიხადა. თავად ვალერი გელაშვილი კი უცხოელი სპეციალისტების დასკვნით კმაყოფილია.

ვალერი გელაშვილი, დეპუტატი: - ეს არის ნამდვილად ობიექტური დასკვნა, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის. ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილის დავალების გარეშე მოხდა ჩემზე თავდასხმა, შეუძლია საჯაროდ დამიჯდეს და დამელაპარაკოს. მე ერთი კაციც არ მინახავს, მათ შორის არც "ნაციონალებში", რომ ამ ფაქტის უარყოფა მოეხდინოს. მათი არგუმენტი მხოლოდ ის არის, რომ თითქოს შეურაცხყოფა მივაყენე პრეზიდენტს.

- ისე, ხომ არ ნანობთ იმ გამონათქვამებს, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტის მეუღლის მისამართით გამოიყენეთ საგაზეთო ინტერვიუში?

- ჯერ არც იყო პრეზიდენტის მეუღლე, როცა 2003 წლის დეკემბერში შევარდა ჩემს სახლში, მარანში ჭურები დახსნეს და ღვინო დალიეს. ეს არ იყო შეურაცხყოფა? ამიტომ ვთქვი, იმ კაცს რა ვუთხარი, საკუთარ ცოლს რომ ვერ იჭერს-მეთქი.

- ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით რა ეტაპზეა საქმე?

- სამოქალაქო წესით მოვითხოვ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მომადგა, როგორც მე, ვალერი გელაშვილს და ასევე იმ კომპანიას, რომლის დამფუძნებელიც ვიყავი. კონკრეტულ თანხას აუდიტი დაითვლის, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ 2004 წელს 6 მილიონი ჩავდე ამ კომპანიაში. თანხები სასამართლოს გზით მიითვისეს.

მე ვედავები სააკაშვილსა და მერაბიშვილს, მაგრამ, ასეა თუ ისე, ყველა ხელისუფლება წინამორბედის სამართალმემკვიდრეა. ასეთია კანონი.
უცხოელი სპეციალისტების დასკვნის შეფასება "კვირის პალიტრამ" ექსპერტებსაც სთხოვა.

ლევან ალაფიშვილი, ექსპერტი:
- მქონდა მოლოდინი, რომ ამ პროკურორების მოწვევა უზრუნველყოფდა პროკურატურის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას. ამ ერთი საქმით ამაზე მსჯელობა ძნელია. ის, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე მომზადდა უცხოელი სპეციალისტების დასკვნა, მიუთითებს პროკურატურის პასუხისმგებლობაზე. როგორც ჩანს, მათ ეს პასუხისმგებლობა გააცნობიერეს, რადგან ამ საქმის უხარისხო გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავებდა კითხვებს პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენი პარტნიორები პირდაპირ მიგვითითებდნენ გამოძიების ნაკლოვანებებზე და აღნიშნავდნენ, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური დევნის აღქმაც კი.

- "ნაციონალურ მოძრაობაში" აქცენტს აკეთებენ ამ დასკვნის ავტორების ფინანსურ დაინტერესებაზე...

- მარტივი ჭეშმარიტებაა - თუკი სარგებლობ კონკრეტული სპეციალისტის მომსახურებით, ბუნებრივია, მას ფული უნდა გადაუხადო. ამ შემთხვევაში თანხის გადახდა მოხდებოდა არსებული მასალების შეფასებაში და არა ვინმესთვის სასარგებლო დასკვნის დადებაში.

გამორიცხულია, ასეთი ავტორიტეტული სპეციალისტები რისკზე წასულიყვნენ და ქრთამის სანაცვლოდ გამოექვეყნებინათ ხელისუფლებისთვის სასურველი დასკვნა.
ამირან გიგუაშვილი, ექსპერტი: - რა თქმა უნდა, საინტერესო დასკვნაა, მაგრამ ეს არ არის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი. ქვეყანაში ისედაც არ ისმის კითხვა, თუ ვინ განახორციელა უკანონო ქმედებები ვალერი გელაშვილის მიმართ.

ამ დასკვნით ხელისუფლებას სურს დაანახოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს.


სერ ჯოფრი ნაისი - ხელმძღვანელობდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებას. ის იყო სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის შესახებ ანგარიშის თანაავტორი.

მოშე ლადორი - ზედამხედველობდა ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტისა და ხელისუფლების რამდენიმე სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების ბრალდებას. 2010 წელს იყო ბრალმდებელი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის მოშე კაცავის საქმეში (კაცავს ბრალი ედებოდა გაუპატიურებაში).

პოლ კოფეი - პასუხს აგებდა კოსოვოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის მიერ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმეების ზედამხედველობასა და ბრალდებებზე (მათ შორის ომის დანაშაული).


ვახო ბერიძე
ჯემალი
30 ოქტომბერი 2014 22:38
ჯერ ერთი ასეთ ხალხს სანთლები უნდა დაუნთოდ რომ უცხოეთში ფული იშოვეს და აქ დააბანდეს.ომის მერე ძალიან გაჭირდა გორში ცხოვრება და პირველი სადღეგრძელო იმ კამაზის შოფრებისა იყო ვინც სიცოცხლის ფასად რუსეთში გავიდა და ორი კაპიკი შემოიტანა, ვისაც ეს გაჭირვება არ უნახავს ის ვერც გაიგებს. მე გაგაცნობთ კაცს რომელსაც ორი ვაჟი რუსებმა კამაზზე მიუბეს და დაწვეს. ასე რომ კიდევ ერთხელ ასეთ ხალხს მადლობა უთხარით. რაც შეეხება ცემის ფაქტს, მე მაგალითად მაგის მესამედ ცემას ვერ ავიტანდი, ეს მაშინვე ვთქვი, ანუ სასიკვდილოდ გაიმეტეს გელაშვილი, ეს ფაქტია, იგი მხოლოდ მისმა ფიზიკურმა შესაძლებლობებმა გადაარჩინა,ვინც არ მეთანხმება იმას სცემონ მაგის ნახევარი და მერე ვნახოთ თუ აპატიებს მთავრობას.
mzurali
29 ოქტომბერი 2014 13:29
ამ კაცის ერთი სიტყვა არ არის დასაჯერებელი. ერტი ჯერ ის ახსნას თავისი მილიონები როგორ იშოვა. იმას რატო არ ამბობს როგორ იშოვა თავისი მილიონები, ყველამ იცის როგორ და რა პირობებში მოახერხა ეს. ასე რომ სჯობს ენას კბილი დააჭიროს სანამ მასზე არ ამოუწევიათ ბევრი რამ საინტერესო...

რედაქტორის რჩევით