"მარგველაშვილზე კომპრომატების გამოქვეყნებას გეგმავენ" - კომპრომატების ახალი ომი იწყება!
27-10-2014
"მარგველაშვილზე კომპრომატების გამოქვეყნებას გეგმავენ" - კომპრომატების  ახალი ომი იწყება!
ნუგზარ წიკლაური: "ამ შემოდგომაზე ხალხმა პირადად უნდა აიღოს ხელში პოლიტიკური მართვის სადავეები. მათ ქუჩებში უნდა გამოხატონ თავიანთი პროტესტი"

ვახტანგ ძაბირაძე: "ეს შეიძლება აღვიქვათ პირდაპირ მუქარად დღევანდელი ხელისუფლების მიმართ"


სახელმწიფო შეთქმულების ბრალდებით გამოძიება რომ დაწყებულია და საქმის სავარაუდო ფიგურანტები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები არიან, ეს ღიად დაადასტურა შს მინისტრის მოადგილემ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტები ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით, მზად არიან, ყველა აკრძალული მეთოდი გამოიყენონ, მათ შორის კომპრომატების, ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელება. საპარლამენტო უმრავლესობის
ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ამ კონტექსტში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საბერძნეთში ვიზიტზეც საუბრობს, სადაც აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური კუდ-ის ყოფილ შეფს, დათა ახალაიას შეხვდნენ.

ეკა ბესელია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: - "ნაციონალური მოძრაობის" გეგმის მთავარი მიზანია, ყველა უკანონო, ძალადობრივი და პროვოკაციული მეთოდით არიონ ვითარება, ქაოსური სიტუაციები
შექმნან და მდგომარეობა დაძაბონ. ამ მიზნის მისაღწევად ისინი გამოიყენებენ ყველა აკრძალულ მეთოდს.

- მათ შორის კომპრომატებს?

- "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წლების განმავლობაში გროვდებოდა ძალიან დიდი ინფორმაცია, დაარქივებული იყო ათასობით ფაილი. ბუნებრივია, რომ მათ ჰქონდეთ ასეთი უკანონო ჩანაწერების და სხვა სახის მასალების ასლები. არ გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალებმა" გამოიყენონ ეს მეთოდი და ის მასალები, რომლის ძალიან დიდი ნაწილი გატანილი აქვთ ქვეყნიდან, სხვადასხვა გზით გაავრცელონ ხელისუფლების წინააღმდეგ. უკანონო ფარული ჩანაწერები საზღვარგარეთ გატანილია თუნდაც დათა ახალაიას მიერ, რომელსაც, რასაკვირველია, ხელი მიუწვდებოდა ასეთ ინფორმაციაზე, ასევე, შსს-ს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ, რომლებმაც ქვეყანა ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვეს. სრულიად რეალურია ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდეთ ასლები ძალიან ბევრი უკანონოდ მოპოვებული მასალისა, რომელიც შეიცავს თუნდაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოების სფეროს. მას შემდეგ, რაც მოხდა ძალიან მყისიერი რეაგირება მსგავს ფაქტზე, როდესაც შს მინისტრის მოადგილე მიეცა პასუხისგებაში, ასეთ ვითარებაში ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ გაბედავს იმავეს გამეორებას. ხვედელიძის საქმე იყო ჭკუის სასწავლებელი და კარგი პრეცედენტი იმისთვის, რომ ხელი არავის წაუცდეს უკანონოდ ინფორმაციის მოპოვებასა და მით უმეტეს, მის გავრცელებაზე. თუ ასეთი ინფორმაცია გაჩნდება, ბუნებრივია, ეს იქნება იმ პირთა "შემოქმედება", ვისაც ხელი მიუწვდებოდა ასეთ ინფორმაციაზე და ვინც ყველაფერს იკადრებს, რათა გამოიყენოს ეს ოპონენტების წინააღმდეგ. "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს ყველა დაუშვებელ მეთოდს, ამიტომ დიდი სიფხიზლე მართებთ სამართალდამცველებს. სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ "ნაციონალების" რამდენიმე ლიდერი საბერძნეთში იმყოფებოდა, სადაც შეხვდნენ დათა ახალაიას.

- ანუ შესაძლოა, ახალაიასთან შეხვედრისას "ნაციონალებს" საუბარი სწორედ კომპრომატების თემაზე ჰქონოდათ?
- არ გამოვრიცხავ, რომ შეხვედრის თემა მართლაც კომპრომატების საკითხი ყოფილიყო. ვიმეორებ - სავარაუდოდ, ერთ-ერთი სწორედ დათა ახალაია იყო, რომელმაც ქვეყნიდან უკანონო ჩანაწერების ასლები გაიტანა...

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება შესაძლოა თავად გეგმავს კომპრომატების გავრცელებას და შემდგომ ამ ყველაფრის ოპონენტებისთვის გადაბრალებას.

ნუგზარ წიკლაური, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:
- კომპრომატების ომი არ არის ის სტილი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირების დროს. ეს არის სწორედ "ქართული ოცნების" სტილი. საუბარი იმაზე, რომ თითქოს საბერძნეთში ამ საკითხზე გვქონდა დათა ახალაიასთან მოლაპარაკება, ბოდვის სფეროა. ხელისუფლების წინააღმდეგ მთავარი კომპრომატი არის ის, რაც მათ განახორციელეს ორი წლის განმავლობაში - საგარეო პოლიტიკური კრახი და უხვად გაცემული დაპირებების შეუსრულებლობა. რაც შეეხება საბერძნეთში ჩვენს ვიზიტს - იქ დავესწარი დათა ახალაიას სასამართლო პროცესს მოწმის სტატუსით. კითხვები, ძირითადად, შეეხებოდა საქართველოში არსებულ ვითარებას და იმას, არის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური დევნა. მე ვუთხარი მოსამართლეს, რომ პოლიტიკური დევნის შესახებ ჩამოყალიბებული აზრია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც. რაც შეეხება კომპრომატების ომს - ჩანს, რომ თავად ხელისუფლებას აქვს სურვილი, ამ მეთოდებით იბრძოლოს და შემდეგ ეს გადაბრალდეს მის ოპონენტებს.
არ არის გამორიცხული, თავად გეგმავენ კომპრომატების გამოქვეყნებას იმავე მარგველაშვილზე და შემდეგ ამის სხვაზე გადაბრალებას.

რამდენ ხანს შეძლებს ხელისუფლება ამ სანახაობებით საზოგადოების გამოკვებას, ეს დროის საკითხია. არსებულ ვითარებაში, ძალიან მალე, ამ შემოდგომაზე, ხალხმა, რომელიც არის პირდაპირი წყარო ძალაუფლების, პირადად უნდა აიღოს ხელში პოლიტიკური პროცესების მართვის სადავეები. მათ ქუჩებში უნდა გამოხატონ თავიანთი პროტესტი. ეს, ალბათ, ძალიან მალე მოხდება...

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ნუგზარ წიკლაურის განცხადებას ხელისუფლების მიმართ პირდაპირ მუქარად აღიქვამს.

ვახტანგ ძაბირაძე, ექსპერტი: - ნუგზარ წიკლაურის ეს განცხადება შეიძლება აღვიქვათ პირდაპირ მუქარად დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. ვერ გეტყვით, რამდენად აქვს იმის რეალური რესურსი "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, მაგრამ ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო სიტუაციის შექმნა ნამდვილად შეუძლია.

- თავის მხრივ, სახელისუფლებო გუნდში არ გამორიცხავენ, რომ დესტაბილიზაციის მიზნით შესაძლოა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყოს სხვადასხვა ფარული ჩანაწერის გამოქვეყნება...

- ფარული ჩანაწერების გავრცელება დესტაბილიზაციას ვერ გამოიწვევს. თუ "ნაციონალებს" სახელისუფლებო გუნდის რომელიმე წევრის მაკომპრომეტირებელი მასალები აქვთ, მათი გამოქვეყნება კონკრეტული პირის მიმართ უნდობლობას გააჩენს, მაგრამ ეს ვერ იქნება დესტაბილიზაციის საფუძველი.

- თავად ხელისუფლებას რამდენად აძლევს ხელს კომპრომატების გავრცელება ოპონენტებზე?
- კიდევ რა კომპრომატი უნდა გაუვრცელონ "ნაციონალურ მოძრაობას"?! მოსახლეობაში არსებულ განწყობას კიდევ რაიმეს დამატება, მგონი, არც სჭირდება.

ვახო ბერიძე
ciklaurs
01 ნოემბერი 2014 02:02
წიკლაურო, რატომ იყავი მოწმედ საბერძნეთში შენ და არა სხვა,-ბევრად ობიქტური ვინმე?
ან, რა ნამუსით დაადასტურე, რომ საქართველოში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას?
მამა გიცხონდა, ჩადენილი ძალადობების და ქვეყნის ძარცვისთვის სამართალგება სულ შენს კრიტერიუმებზე ჰკიდია და რაკი შენ იტყვი, ეს პოლიტიკური დევნაა?

სიმართლე ისაა, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მძებნელს ვინმე ნაცნობმა უნდა დაუდასტურის პოლიტიკური დევნა მის სამშობლოში,უამისოდ არ მისცემენ სტატუსს. ჰოდა, შენზე ნაღდ ცრუმოწმეს ვის იშოვიდნენ ახალაიები, მითუმეტეს რომ, როგორც ავი ენები ამბობენ საქმე ერთ მილიონად ჰქონდათ ჩაწყობილი სასამართლოში და 1OO მილიონის დაბრუნება იყო ვიღაცებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა.








oponenti
30 ოქტომბერი 2014 23:53
ვერ ვიგებ, რაში ჭირდებათ ამგვარი ჭორის გავრცელება, ხალხის შესაშინებლად? რატომ ქმნიან ასეთ ფონს, რომ 15 ომი იწყება, დესტაბილიზაცია, ვიღაც გაისვრის, მოკლავენ, და ასე სემდეგ.
რატომ გონიათ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ასეთი უტვინოები არიან, რომ მისცემენ ხელისუფლებას საბაბს, უფრო გაამძაფრონ მათ წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა? სხვა საქმეა, რომ ხელისუფლბამ თვითონ მოაწყოს პროვოკაცია, სადღობელაშვილის მეშვეობით, რომრლიც გგეგმავს ანტი საპროტესტო აქციის გამართვას, სხვა რა აზრი აქვს მის საქმიანობას, რომ თუ არა გამოიწვიოს დესტაბილიზაცია?

რედაქტორის რჩევით