ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ორნი ნავში

დღეს ქართველი საზოგადოება მასზე განაწყენებული ორი პოლიტიკური ძალის ხელშია. ერთია "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც საქართველოს ამომრჩეველზე ყოველდღიური შურისძიების რეჟიმშია. მათი ერთადერთი საფიქრალი საზოგადოებისთვის ყოველდღიურად თავის მოწონება და ხალხზე მზრუნველის იმიჯის განმტკიცებაა. ხელისუფლებიდან წასვლის 2 წლის მანძილზე კი ერთ აქციას ვერ გავიხსენებთ, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხალხისთვის სასიკეთო რამ გააკეთა. მისი ერთადერთი საზრუნავი საკუთარი თავის ხილვაა ხელისუფლებაში. ჩნდება კითხვა: ამომრჩევლის მხარდაჭერის გარეშე როგორ?! "ნაციონალებმა" ამისთვის ფრიად საინტერესო ტაქტიკა აირჩიეს, ამაზე ქვემოთ...

მეორეა - ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას პარტნიორად კი არ განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი უზარმაზარი მხარდაჭერით შეძლო "ნაციონალურ" რეჟიმთან გამკლავება, არამედ გაბუტული ბავშვივით იქცევა, რომელსაც არ დაუფასეს სკოლაში მიღებული ხუთიანი - დღემდე გაკვირვებულია, რატომ არ არის "ნაციონალური" სისასტიკისგან გათავისუფლებული ამომრჩეველი მადლიერი და მორჩილად რატომ არ ითმენს უამრავ პრობლემას...

ხელისუფლება გაუუცხოვდა საზოგადოებას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ იცის მასთან სალაპარაკო ენა. საზოგადოებას არა აქვს მარტივი პასუხი კითხვაზე: საით მიჰყავს და როგორ ქვეყანას აშენებს მმართველი კოალიცია? საბოლოოდ, ხელისუფლებამ საზოგადოება ვერ გაიხადა პარტნიორად, რადგან ვერ გამოკვეთა მიზანი და ვერ შეიმუშავა იდეოლოგია, რომლის გარშემოც დარაზმავდა საზოგადოებას. იმედგაცრუებული საზოგადოება კი ნიჰილიზმით შეჰყურებს დუელში გართულ ორივე პოლიტიკურ ძალას, რადგან იცის, რომ მუდმივი მხოლოდ თვითონ არის, ყველა დანარჩენი კი წარმავალია. ეგეთები მოუნელებია?!

სწორედ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგია: "ორნი ნავში" - ანუ პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ ორნი უნდა დრეიფობდნენ - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". მაგრამ ეს დღის წესრიგი დესტრუქციულია -„"ნაციონალების" შავი საქმეების გამოფენა და ამისდაკვალად საზოგადოების აგრესიული მუხტის კიდევ უფრო გაღვივება და წაქეზება. საოცარია, მაგრამ ორი წლის მანძილზე ხელისუფლებამ პოზიტიური დღის წესრიგი ვერ შესთავაზა საზოგადოებას. "ქართულ ოცნებას" არ უნდა ოპოზიცია, რომელზეც მორალური უპირატესობა არ ექნება. ნაცვლად იმისა, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეზრუნა საზოგადოებაში არსებული აგრესიის შემცირებაზე, სულ უფრო პოლარიზებულს ხდის საზოგადოებას. ყველაზე ცუდი კი ის არის, ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ამ აგრესიული ფონით სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს: ამის დასტურია ის, თუ როგორ ცდილობენ "ნაციონალები" "წამოიკიდონ" ხელისუფლება. და აი, აქ უკვე "ნაციონალების" ზემოხსენებულ ტაქტიკას მივადექით.

ვუყურებდი "რუსთავი 2"-ის ეთერში ადვოკატ“ რომეო საჯაიას უზნეო საქციელს, რომელმაც პირდაპირ ეთერში შეურაცხყო მიცვალებულები და ამით გამოიწვია არამარტო ის ოჯახი, მისი სანათესავო თუ სამეგობრო, არამედ უპირველესად ხელისუფლება და ვფიქრობდი: გასაგებია, რომ "ნაციონალებს" ნამდვილად ხელს აძლევს ქვეყანაში ქაოსისა და უმართავი სიტუაციის პროვოცირება, მაგრამ რას იგებენ ისინი ამით - ძალა, რომელიც თვალსაწიერ მომავალში ვერ მოიპოვებს მორალურ უფლებას, კვლავ დაბრუნდეს ხელისუფლებაში?! და მით უმეტეს, არც ცდილობენ სახის მობანას. რას ემსახურებოდა, საჯაიას აშკარა პროვოკაცია: იმას ხომ არა, რომ გავეშებული ხალხი "რუსთავი 2"-ში“ შევარდნილიყო "ნაციონალებისთვის" ანგარიშის გასასწორებლად?! ვინ დაზარალდებოდა ამით -„"ნაციონალები" თუ ხელისუფლება? რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება", რომელსაც დასავლეთი გამოუტანდა ძალიან მკაცრ ვერდიქტს, როგორც ხელისუფლებას, რომელსაც გაექცა მართვის სადავეები და ვერ იცავს მედიის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას.

გასაგებია, რომ საგარეო ფრონტზე "ნაციონალური" ტაქტიკის ნაწილია "ქართული„ოცნების" ხელისუფლება სულ უფრო გაუგებარი და მიუღებელი გახადოს დასავლეთისთვის, მაგრამ ქვეყანაში, ამომრჩევლისთვის, როგორც ჩანს, "ნაციონალების" მთავარი მიზანია, რაც შეიძლება დაიმსგავსოს "ქართული ოცნება", ანუ წააქეზოს ის აგრესიულ ქმედებებზე მედიის, თავისუფალი სიტყვის, სასამართლოს, ბიზნესის, საერთო ჯამში, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული: მხოლოდ ასე - თუ "ქართული ოცნება" "ნაციონალურ" ქურქში გაეხვევა - "ნაციონალებს" უჩნდებათ შანსი ხელისუფლებაში მობრუნებისა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებას ორ უარესს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

ასე რომ, ხელისუფლება დღეს თავად ლესავს საკუთარ ყელის გამოსაჭრელ დანას იმით, რომ ჰგონია, "ნაციონალები" დღეს მისთვის ყველაზე კომფორტული ოპოზიციაა; ხოლო ის აგრესია, რომლის საზოგადოებაში გაღვივებასაც ხელისუფლება თვალს მიღმა უყურებს, სწორედ მას მიუბრუნდება და გადაყლაპავს. და ვინ ისარგებლებს ქვეყანაში ქაოსით ყველაზე სწრაფად, ცხადზე ცხადია - რუსეთი.