"ნაციონალების" ამოცანაა, 15-ში დაპირისპირება მოხდეს" - კვირის პალიტრა

"ნაციონალების" ამოცანაა, 15-ში დაპირისპირება მოხდეს"

"არაფრის ძალა და თავი სააკაშვილს და "ნაცმოძრაობას" არ გააჩნიათ"

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ აფხაზეთის თემაზე 15 ნოემბრის აქციის დაანონსებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია პრემიერის განცხადებამ: "დაანონსებულ აქციას აფხაზეთის თემასთან არავითარი კავშირი არა აქვს, "ნაციონალები" გეგმავენ გარკვეულ პროვოკაციას - აპირებენ, რომ 15-დან 50 ლარამდე გადაუხადონ გაჭირვებულ მოქალაქეებს, ჩამოიყვანონ რეგიონებიდან, შემდეგ ერთმანეთი აცემინონ და თქვან, ეს ხელისუფლებამ ჩაიდინაო"."

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა - მოდულის შენობაში "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი დაჰკითხეს. უფლებადამცველმა პრესის საშუალებით სკანდალური განცხადებები გააკეთა. კერძოდ, მემანიშვილის მტკიცებით, ყოფილ მმართველ გუნდს დესტაბილიზაციის გეგმა აქვს შემუშავებული და ეს ინფორმაცია "ნაციონალების"” წარმომადგენელმა მიაწოდა. მისივე თქმით, სამოქმედო გეგმა სააკაშვილმა და გიორგი ვაშაძემ სარფში შეხვედრისას შეიმუშავეს: "ნაციონალები" მოქალაქეებს ანაზღაურების სანაცვლოდ რეგიონულ დაჯგუფებებში“ გაწევრებასა და კონკრეტული დავალებების შესრულებას სთავაზობენ. "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს ძალიან დიდი ფული - მილიარდი ლარი დახარჯოს და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს".

არჩილ გამზარდია, ანალიტიკოსი: - პროპაგანდაში არსებობს ბუმერანგის ეფექტი, რომელიც გულისხმობს, რომ პოლიტიკურმა სუბიექტმა საზოგადოებას თავი ხელისუფლებისგან დაჩაგრულად მოაჩვენოს. ასეთ შემთხვევაში მათ მიმართ სოლიდარობის მაჩვენებელი იზრდება. ამიტომ, ბუნებრივია,

"ნაციონალები" შეეცდებიან, შექმნან თუნდაც წვრილმანი ჩოჩქოლი ან პროვოკაციები, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს დაკავებები და აქედან გამომდინარე, ისინი გასაღდნენ როგორც პოლიტიკურად რეპრესირებულები; აჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენთან აქციის ჩატარებისთვის იდევნებიან.

აი, ეს მიზანია ჩადებული 15 ნოემბრის აქციაში და არა - აფხაზეთის თემა. სხვა შემთხვევაში, რატომ ატარებენ აქციას რუსთაველის პროსპექტზე და არა ე.წ. სასაზღვრო ზოლთან? იმიტომ, რომ იქ ძალების მობილიზება ძნელია. "ნაციონალურ მოძრაობას" კარგად აქვს გააზრებული, რომ პოლიტიკურ პროცესებში ძალიან დაბალია მისი წარმატების პერსპექტივები, ამიტომაც შეეცდება დესტრუქციული ხერხებით უზრუნველყოს საკუთარი მიზნები. უპირველესად მოახდინონ სახელმწიფო სექტორის დისკრედიტაცია. ჩანს იმის ნიშნები, რომ "ნაცმოძრაობა" სამოქალაქო შუღლს აღვივებს საზოგადოებაში.

გოგა ხაინდრავა, კინოდოკუმენტალისტი: - მათ ყველაფერი გათვლილი აქვთ პროვოკაციაზე, რომ იქნებ ისევ გამოჩნდეს ტელეეთერში აეროპორტის გზაზე, სხვის ბინაში წამოწოლილი ჩიორა და მისი ცხვირი, ან "ექსტაზით" გაბრუებული უგულავასნაირი ტიპი, რომელიც უტევს ბიბლიოთეკას და იწვევს კონფლიქტს. როცა სააკაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას სახელმწიფო გადატრიალებისკენ, ეს კრიმინალური ქმედებაა.

მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ არანაირ არჩევნებს არ დაელოდებიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეცვალონ ხელისუფლება.

ხელისუფლების შეცვლის ორი გზა არსებობს: ერთი ლეგიტიმური, არჩევნებით, მეორე კი ბუნტითა და ძალადობით, რაზეც ოპოზიცია არასდროს წასულა სააკაშვილის მმართველობის დროს. ამიტომ მინდა ელჩებს და საერთაშორისო დიპკორპუსს მივმართო, - იქნებ შეაფასონ, რას ნიშნავს სააკაშვილის განცხადება, რომ ქუჩით უნდა გადაწყდეს ხელისუფლების საკითხი და არა არჩევნებით?! მინდა დავაწყნარო საზოგადოება და ვუთხრა, რომ არაფრის ძალა და თავი სააკაშვილს და "ნაცმოძრაობას" არ გააჩნიათ. მათი ერთადერთი ამოცანაა, 15-ში მოხდეს რაიმე სახის დაპირისპირება, იქნება მხოლოდ ვიდეოკამერებისთვის განკუთვნილი პროვოკაციები, მერე მათი ამფსონები აიტაცებენ და მოსდებენ მთელ მსოფლიოს, რომ ხორციელდება არა მარტო პოლიტიკური დევნა, არამედ ფიზიკურადაც უსწორდებიან ამ პოლიტიკურ ძალას.

აფხაზეთის თემა, რომელსაც ისინი აყენებენ, სიცრუის უმაღლესი გამოვლინებაა, იმიტომ, რომ აფხაზეთიც და ცხინვალიც მათ ჩააბარეს რუსეთს.

გიორგი ვაშაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: - ჯერ ერთი, არა მგონია, ვინმე გულგრილი იყოს იმის მიმართ, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხდება; მეორე - საგანგაშო იყო პრემიერის განცხადება თვითგამორკვევის თაობაზე, რომელიც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ახსენა; მესამე - დღეს საერთაშორისო ასპარეზზე განიხილება უკრაინის, მოლდავეთის თემა და არსად ჩანს საქართველო. ესეც ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის შედეგია. სწორედ ამ ყველაფერს ვაპროტესტებთ. რაც შეეხება ფულის - 15 ლარის დარიგებას, ყველას კარგად ესმის, რომ ეს აბსოლუტური ტყუილია. რაც შეეხება პროვოკაციებს, თვითონ ხელისუფლება შეეცდება მათ მოწყობას. პროვოკაციები ჩვენ აქამდეც არაერთი ვნახეთ - "თავისუფალი ზონის" ოფისში შეჭრა, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან მივარდნა და პირადად ღარიბაშვილის მიერ მსგავსი ძალადობის წახალისება. ჩვენ გვექნება მშვიდობიანი აქცია დაეს არ არის მხოლოდ "ნაციონალების" აქცია, ვინაიდან გვიერთდებიან სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოებრივი გაერთიანებები და ნახავთ, რომ ეს იქნება კარგად ორგანიზებული მსვლელობა-აქცია.

ნანა ფიცხელაური