საიდუმლო დოკუმენტი სულხან მოლაშვილის საქმეზე - კვირის პალიტრა

საიდუმლო დოკუმენტი სულხან მოლაშვილის საქმეზე

სააკაშვილის ხელისუფლების სკანდალური აღიარება

30 სექტემბერს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმეზე 10-წლიანი მსჯელობა დაასრულა და 23 ოქტომბერს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაქვეყნა. ამ თემაზე "კვირის პალიტრა" სულხან მოლაშვილის ადვოკატს, სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.

- ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმ მუხლების დარღვევას, რომლებიც გულისხმობს: წამებას, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისა და მისი გაგრძელების პროცედურების დარღვევას, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ადამიანის დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით და ადვოკატის მომსახურების, საქმის მასალების გაცნობისა და მოწმეთა დაკითხვის შეზღუდვას.

მე არ მახსენდება სხვა გადაწყვეტილება, სადაც ამდენი მუხლი იყოს დარღვეული და ამავე დროს, ამ ყველაფერს აღიარებდეს სახელმწიფო. გარდა ამისა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სრულყოფილად იქნება გამოძიებული სულხან მოლაშვილის წამების ფაქტი, მას ექნება უფლება, მოითხოვოს მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა. სახელმწიფო ასევე იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს  მოლაშვილს 20 ათასი ევრო მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ეს მოხდა ახალი ხელისუფლების პირობებში. თუმცა, გავამახვილებ ყურადღებას ერთ სკანდალურ დეტალზე, რომელიც აქამდე არ გასაჯაროებულა. ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში, მას შემდეგ, რაც დამთავრდა ევროსასამართლოში სახელმწიფოსა და დაცვის მხარეს შორის კომუნიკაცია, 2011 წლის იანვარში სახელმწიფომ გაუგზავნა წერილი ევროსასამართლოს, სადაც ის აღიარებდა ყველა აღნიშნული მუხლის დარღვევას, იღებდა ვალდებულებას, დაეწყო გამოძიება და გადაეხადა სულხან მოლაშვილისთვის 20 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია.

- ანუ სააკაშვილის ხელისუფლებამ აღიარა, რომ სულხან მოლაშვილის უფლებები და კანონი დაარღვია?

- დიახ, ოღონდ სახელმწიფო მაშინ არ იღებდა ვალდებულებას, გადაესინჯა სულხან მოლაშვილის განაჩენი, რაც მოლაშვილისთვის უმნიშვნელოვანესია. ამის გამო ჩვენთვის სახელმწიფოს პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა. მე შემიძლია გადმოგცეთ იუსტიციის სამინისტროს იმდროინდელი წერილი, რომელსაც აქამდე არ ვასაჯაროებდით, რადგან ეს გახლდათ კონფიდენციალური მიმოწერა. ამ წერილში სააკაშვილის ხელისუფლება აღიარებდა ყველა იმ დარღვევას, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ასახული, თუმცა,  ვიმეორებ, უარს ამბობდა მოლაშვილის განაჩენის გადასინჯვაზე.

- ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით?

- კონვენციის მესამე მუხლის დარღვევისთვის უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც 2004 წელს აწამა სულხან მოლაშვილი. ამ პირთა ვინაობა უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებში დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმ მოსამართლეებს, ვინც არასწორი განაჩენი გამოიტანა. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ეხება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. ეს დანაშაული ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილმა და კოტე კუბლაშვილმა. ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს ორჯერ გამოვიდა ტელეეთერით და განაცხადა, რომ "არსად გაუშვებდა სულხან მოლაშვილს". ამან, ცხადია, გავლენა მოახდინა სასამართლო პროცესზე, ამასთან,  ამ განცხადების შემდეგ მოლაშვილი გადაიყვანეს მე-7 საპყრობილეში, რომელიც მდებარეობს შსს-ს სარდაფში და ის გახდა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი. რაც შეეხება კოტე კუბლაშვილს, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ის გაეცნო საქმეს და განაჩენი იყო დასაბუთებული". ამ განცხადებით მან ზემოქმედება მოახდინა შემდგომი ინსტანციის სასამართლოებზე, სადაც სულხან მოლაშვილის საქმე უნდა გასაჩივრებულიყო. ეს ყველაფერი აღიარებულია, როგორც წინა და მოქმედი ხელისუფლებების, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ასეთი მაგალითი მსოფლიო პრაქტიკაში არ მოიძებნება.

- ამის შემდეგ შესაძლოა დადგეს მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი?

- უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით არ ისჯება, მაგრამ შეიძლება ვილაპარაკოთ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. წარიმართება თუ არა  გამოძიება ამ მიმართულებით, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.

ვახო ბერიძე