მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს

წინადღეს გია ბარამიძემ პარლამენტში გამოსვლისას, როცა უკანონო მოსმენებზე ლაპარაკობდა, ძალიან სასაცილო რამ თქვა: მერაბიშვილი არ გისმენდათ,  მაგისთვის არ არის ის გასამართლებულიო! მერაბიშვილი რომ არ იჯდა და ყურსასმენით  საუ\ბრებს არ აკონტროლებდა, ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ სისტემა ვისი შექმნილია? ახლა სწორედ ამ სისტემის დანგრევას ვცდილობთ, მაგრამ როგორც გაირკვა, პრემიერ-მინისტრი ამის წინააღმდეგია. ჩვენაო, "ნაციონალებივით" ცუდი ხალხი არა ვართ, ამ სისტემას ბოროტად არ გამოვიყენებთ და ტყუილუბრალოდ არავის მოვუსმენთო. თუ გინდათ, შევქმნათ ეფექტური კონტროლის მექანიზმი, მაგრამ ე.წ. გასაღები შსს-ში უნდა იყოსო. ვერც მობილურ ოპერატორებს ვენდობით და ვერც სასამართლოს - ოპერატორები უცხოური კომპანიებია და საშიშიაო, სასამართლო კი ზოგჯერ ისეთი ვინმეს მოსმენის უფლებას არ გვაძლევს, ვისი მოსმენაც აუცილებელიაო.

თუ რაღაც მოთხოვნებს სასამართლო არ აკმაყოფილებს და სწორედ ამიტომ გინდა "გასაღები" შსს-ში იყოს, ეს რას ნიშნავს? თუ სანქცია არ გაქვს, რა მნიშვნელობა აქვს, გასაღები ვის ექნება?

ჯერ პოლიტიკოსებს სიტყვაზე რატომ უნდა ენდო და მით უმეტეს - ასეთი უნებური აღიარების შემდეგ?! ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სისტემის შეცვლა. მოწოდება: "სისტემა უნდა დაინგრეს!" -  სწორედ ამას გულისხმობდა. როდესაც რაღაც უკანონოს გაკეთების საშუალება გაქვს, ყოველთვის იქნება მისი გამოყენების ცდუნება. ზოგი ამბობს, მომისმინონ, ჩემთვის პრობლემა არ არისო. თქვე კაი ხალხო, მაშ, მიშას დროს რაღატომ იყო პრობლემა? რაღატომ ვაპროტესტებდით და გავყვიროდით, ყველას გვისმენენო? რა იცით, რომ ვიღაცას ამით არ დააშანტაჟებენ, ფულს არ გამოსძალავენ ან არ გააჩუმებენ და რაღაც ისეთს არ გააკეთებინებენ, რისი გაკეთებაც არ უნდა? მარტო საკუთარ თავზე ფიქრობთ? ან თუ მოსმენა პრობლემად არ მიგვაჩნია, მაშინ რატომ ვითხოვთ სასამართლოს სანქციას? ბარემ შევიტანოთ კანონში ცვლილება და დავუკანონოთ პოლიციას სანქციის გარეშე მოსმენის უფლება. რაღას ვარღვევინებთ კანონს?! ააა, ამას ვერ ვიზამთ? არადემოკრატიული იქნება? მაშინ კეთილი ვინებოთ და ისეთი სისტემა შევქმნათ, რომელიც კანონის დარღვევას გამორიცხავს. უკანონო მოსმენების სისტემა უნდა დაინგრეს! მგონი ეს საკამათო არ არის, თორემ დადგება დრო და რომელიმე "მეოცნებეს" ბარამიძესავით მოუწევს იმის მტკიცება, ღარიბაშვილი არ გისმენდათო...

რით ფასდება ხელისუფლება?

წინა კვირა კიდევ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა "ოცნების" მუშაობის ორი წლის ანგარიში ჩაგვაბარა და ეცადა, დაემტკიცებინა, რომ "ოცნება" მუშაობს. ის დიდხანს საუბრობდა ასეთი ფრაზებით: ორი წლის განმავლობაში მოიხნა... ორი წლის განმავლობაში გაკეთდა... ორი წლის განმავლობაში აშენდა... გაიხსნა... დაიხარჯა... რა თქმა უნდა, ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდა, მაგრამ განა არსებობს მთავრობა, როგორი ცუდიც უნდა იყოს, რომელიც არაფერს აკეთებს? "ნაციონალებიც" ხომ დღემდე ამას გაიძახიან: განა, ჩვენს დროს არაფერი გაკეთდა, რაღაც კარგი ხომ ჩვენც გავაკეთეთო!..

"ნაციონალები" სულ ტრაბახობდნენ: დავაგეთ გზები, მოგეცით ელექტროენერგია, ავაწყვეთ და განვამტკიცეთ ჩამოშლილი სახელმწიფო სტრუქტურები, გავზარდეთ ბიუჯეტიო... ამაზე ყოველთვის ვპასუხობდი: ბოლშევიკებმა ეგ ყველაფერი ათასჯერ მეტი გააკეთეს!

ახლა '"ოცნება"' ტრაბახობს: მოგეცით უფასო ჯანდაცვა, უფასო წიგნები, რამდენიმე უფასო ფაკულტეტი, ვხსნით საწარმოებსო! მათაც ასევე ვუპასუხებ: ბოლშევიკებმა მაგ სფეროებშიც ათასჯერ მეტი გააკეთეს, მაგრამ გამაადგათ, რო?!

რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცები ყველა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს და ხალხის კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოს, ეს მისი მოვალეობაა, მაგრამ საბოლოოდ ყველა ხელისუფლება ფასდება არა გაკეთებულით, არამედ დაშავებულით. როცა აშავებ, მერე შენი გაკეთებული აღარავის ახსოვს. ამ შეცდომას ბევრი ხელისუფლება უშვებს: ჰგონიათ, თუ ხალხს რაღაცას გაუკეთებენ, მათ ცხოვრებას ოდნავ გააუმჯობესებენ, მერე ყველაფერი ეპატიებათ. ამიტომაც უკვირთ, ამდენი რამე გავაკეთეთ ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, ხალხი და მედია კი რაღაც პრემიებზე, დანამატებზე, მივლინებებში დახარჯულ ფულსა და ძვირად ღირებულ ტელეფონებზე ლაპარაკობსო. ნუ გიკვირთ! ასეა და ასე იქნება! "ოცნება" ჯერ შეიძლება განსაკუთრებულს არაფერს აშავებს, მაგრამ მინდა, ეს ახსოვდეთ და თუ წარსულიდან გადმოყოლილ სისტემას არ დაანგრევენ და დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ გააძლიერებენ, დანაშაული თავისით მოაკითხავს!