გასაღების დილემა - კვირის პალიტრა

გასაღების დილემა

"დღეს არსებული სისტემა გაცილებით დიდ რისკებს შეიცავს"

მას მერე, რაც პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ინიცირებულ ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო, იმ მოტივით, რომ ფარულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის ე. წ. გასაღების საკითხის კიდევ ექვსი თვით გადადება მხოლოდ და მხოლოდ საქმის დროში გაწელვას ემსახურებოდა, საკანონმდებლო ორგანო იძულებული გახდა, კანონი პრეზიდენტის შენიშვნებით მიეღო. ამ შენიშვნების თანახმად კი პარლამენტს 1-ელ დეკემბრამდე მოუწევს განსაზღვროს, ვის ხელში იქნება ე. წ. გასაღები.

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას განცხადებით, გასაღები“ უნდა დარჩეს შსს-ში, გარე კონტროლის მექანიზმი კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცეს და საზედამხედველო როლი მნიშვნელოვნად გაძლიერდეს. სექტემბრის ბოლოს ევროსაბჭოს ექსპერტებმა ფარულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის შემოღება  შესთავაზეს. ჯოზეფ კანატაჩიმ და გრეჰემ სატონიმ აღნიშნულ თემაზე მომუშავე ჯგუფს ურჩიეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფარული მოსმენა-მიყურადების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება, კერძო პროვაიდერს ან მონიტორინგის სპეციალურ სამსახურს მეორე გასაღები გადაეცეს, რაც უკანონო მოსმენებისგან დაცვას მეტად უზრუნველყოფს. მათი წინადადებით, სისტემაში შესვლისას და მოსმენაზე ჩართვისას, ორივე გასაღები ერთად უნდა ამოქმედდეს.

ფარული მოსმენების საკითხზე შექმნილ კომისიაში ორგასაღებიანი სისტემა მისაღებად მიიჩნიეს, თუმცა, ფიქრობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაღები არ უნდა დარჩეს და მის ნაცვლად სასამართლოს უნდა გადაეცეს, რომელიც მობილურ კომპანიასთან ერთობლივად იმოქმედებს.

ჯემალ გახოკიძე, უშიშროების ყოფილი მინისტრი:

- საზოგადოებას სჭირდება მყარი გარანტია, რომ მას უკანონოდ არ მოუსმენენ, მეორე მხრივ კი საკითხი ასე დგას: თუ სპეცსამსახურებს აქვთ კანონით დადგენილი ფარული მოსმენების უფლება, მაშ, რატომ ვაიძულებთ, რომ ეს უფლება სხვისი საშუალებით განახორციელონ? რამდენად იქნება დაცული ფარული მოსმენების მთავარი მიზანი? - ეს უნდა იცოდეს მხოლოდ დამკვეთმა და შემსრულებელმა. პრობლემა სწორედ შემსრულებელს შეეხება. თუ ლაპარაკია გასაღების პროვაიდერებისთვის გადაცემაზე, ბუნებრივად ისმის კითხვა:  არიან თუ არა ეს კომპანიები იმის გარანტია, რომ საიდუმლო ინფორმაცია არ გაჟონავს? მე მხარს ვუჭერ იმას, რომ თუ სპეცსამსახურს კანონით ვანიჭებთ მოსმენა-მიყურადების უფლებას, გასაღებიც მას უნდა ჰქონდეს. რატომღაც არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ერთადერთი სამსახური, რომელსაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე რეალურად აქვს წვდომა, პროკურატურაა. სწორედ მთავარი პროკურატურა უნდა იყოს სათანადო სიმაღლეზე და შეამოწმოს ასეთი გადაწყვეტილებების რეალიზაციის კანონთან შესაბამისობა...

ჩვენში მოქმედი არც ერთი მობილური ოპერატორი 100%-ით ქართული კომპანიების ხელში არ არის, რომც იყოს, ნებისმიერ დროს შეიძლება მოისურვოს რომელიმე მფლობელმა და თავისი წილი უცხოურ კომპანიას მიჰყიდოს. გარდა ამისა, ამ კომპანიებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

საიდან გვექნება იმის გარანტია, რომ ამ უცხო კომპანიებმა სხვა ქვეყნის დაინტერესებული სპეცსამსახურის დავალებით ბოროტად არ გამოიყენონ ეს გასაღები?

ლაშა ტუღუში, მოსმენების საკითხზე შექმნილი კომისიის წევრი: - ჩვენი წინადადებაა, არსებობდეს ორი გასაღები: ერთი - სასამართლოში, მეორე - მობილურ კომპანიებთან და როდესაც სასამართლო გასცემს სანქციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცემა უფლება განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, ეს ორი გასაღები ერთად გადატრიალდეს და გაიხსნას სისტემა საგამოძიებო საქმის საწარმოებლად. რაც შეეხება უსაფრთხოებას, დღეს არსებული სისტემა გაცილებით დიდ რისკებს შეიცავს, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. საფრთხე, რომ მობილურ კომპანიებში ვიღაცამ შეიძლება ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმუშაოს, დღესაც არსებობს. კანონის დარღვევა თუ უნდათ, ამის გაკეთება ახლაც შეუძლიათ.

ნათია დოლიძე