ვეტოი იგი საკვირველი - კვირის პალიტრა

ვეტოი იგი საკვირველი

საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში საინტერესო ძვრები დაიწყო. უბრალოდ მოვახდინოთ ფაქტების კონსტატაცია:

პრეზიდენტი მარგველაშვილი კანონს ვეტოს ადებს;

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება იწყება, რომელსაც საქართველოში დაბრუნებული თავდაცვის მინისტრი ასე აფასებს: "უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით... ამიტომ ამასთან დაკავშირებით უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები უნდა გაიმართოს... როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა დადგება უკვე იმ პირების, ვინც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება... აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, მოგვიანებით ვილაპარაკებთ". პარალელურად, მისი საპარლამენტო ფრაქცია ხმას არ აძლევს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს.

"რესპუბლიკური პარტია", მისი ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის პირით, რადიო "პალიტრის"ეთერში აცხადებს, რომ პოლიტიკასთან სპეცსამსახურების კავშირი უნდა აიკრძალოს, რისი ნიშნები და ინფორმაცია გარკვეულ რაიონებთან დაკავშირებით არსებობს, რასაც პარტიის თავმჯდომარეც ადასტურებს; იმავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე მოქმედი კონსტიტუციის შეფასებისას აცხადებს, რომ ჩვენი კონსტიტუცია დაღდასმული, სუპერსაპრემიერო კონსტიტუციაა; პარალელურად კი "რესპუბლიკური პარტია" აქვეყნებს განცხადებას, სადაც მმართველ კოალიციას ორ ალტერნატიულ არჩევანს სთავაზობს: ან მისცეს უფრო ფართო მონაწილეობის უფლება კოალიციის და შესაბამისად, ქვეყნის მართვაში, ან უფლებას იტოვებს, დააფიქსიროს განსხვავებული პოზიციები და თავი წარმოაჩინოს საკუთარი იდეოლოგიის შესაბამისად. თუმცა, იმავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ„"რესპუბლიკური პარტია" კოალიციას ბოლო დატოვებს.

თავის მხრივ, პრემიერი ინგა გრიგოლიას „"რეაქციაში" აღიარებს, ის, რომ ხელისუფლებას უჭირს საკუთარი თავის პოზიციონირება და სათქმელის ხალხამდე მიტანა, მისი გუნდის სისუსტეც არის.

რა პროცესებთან გვაქვს საქმე?

უბრალოდ რომ ვთქვათ, პარტიები 2016 წლის არჩევნებისთვის თავიანთი პოზიციის მოძლიერებას იწყებენ. ერთი მხრივ, პარტია "ქართულ ოცნებას" სურს, კოალიციაში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გააფართოოს და, ბუნებრივია, ეს კოალიციის სხვა პარტიების: "რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" ხარჯზე ხდება. ამ ფონზე, რესპუბლიკელები, პირიქით, როგორც გურულები იტყვიან: თავიანთი "წილი ნიგუზალის", ანუ მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავიანთი უფლებების გაფართოებას ცდილობენ. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", მათი ლიდერის, ანუ ირაკლი ალასანიას ყოფნა კოალიციაში, დანარჩენ წევრებს, როგორც ჩანს, დიდად გულზე არ ეხატებათ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

სხვა თუ არაფერი, მრავლისმთქმელია საქართველოში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადება, რომ აშშ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მის გუნდს, რასაც კვალდაკვალ მოჰყვა შვეიცარიის საელჩოს ანალოგიური შინაარსის განცხადებაც. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ეს განცხადებები გაკეთდა ისე, რომ გამოძიების შედეგებს არც დალოდებიან.

არც პრემიერი გამორიცხავს თეორიულად კოალიციის დაშლას. თუმცა, საკითხავი ის არის, ვინ რას მოიგებს და წააგებს ამ პროცესში: რას დაკარგავს კოალიცია "ქართული ოცნება" მისგან პროდასავლური ძალების - "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" ჩამოშორების შემთხვევაში: ძალიან ბევრს - პროდასავლურ იერს და საპარლამენტო ხმებს; ხოლო რამდენად ძვირფასია საპარლამენტო ხმები, ეს ე.წ. მოსმენების შესახებ" კანონზე კენჭისყრამაც დაადასტურა. სამაგიეროდ, მიიღებს ორ ოპონენტ ძალას, რომლებსაც "ნაციონალების" შემდეგ ყველაზე ფართო და გავლენიანი კონტაქტები აქვს დასავლეთში, სადაც ეფექტური ურთიერთობების დალაგება თავად პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებმა კვლავ ვერ მოახერხეს. თუმცა, დაკარგავენ "დემოკრატებიც" და "რესპუბლიკელებიც" - ერთგვარ ორთქლმავალს კოალიციის სახით, რაც წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია. და თუ მაინც მორიგ კოალიციაში უნდა შევიდნენ, ბარემ არსებულში შეეცადონ პოზიციის გაძლიერებას. ხელისუფლებისთვისაც ძალზე რთული იქნება გადაწყვეტილება, შეელიოს თავის პროდასავლურ ნაწილს, განსაკუთრებით „რესპუბლიკელებს, სხვა თუ არაფერი, საპარლამენტო უმრავლესობა დგება დაშლის საფრთხის წინაშე; ხოლო თუ კოალიცია არ დაიშლება, "ქართულ ოცნებას" დაფნების გაყოფა მოუწევს რესპუბლიკელებსა“ თუ „დემოკრატებთან.

თუმცა, დასავლეთის სრული მხარდაჭერისა და ამომრჩეველში არსებული მესამე ძალის მოლოდინის პირობებში, არ არის გამორიცხული, ალასანიას "დემოკრატებმა" მაინც დატოვონ კოალიცია: ამით საკუთარ საპარლამენტო ხმებსაც მეტი წონა დაადონ და მოახდინონ საკუთარი თავის, როგორც ახალი პროდასავლური მიზიდულობის ცენტრის, პოზიციონირება.

დასასრულ, ისევ „ვეტოი იგი საკვირველი, რომელსაც ხელისუფლების ყველა შტო ძალიან ღირსეულად შეხვდა. უფრო მეტიც, ეს „ვეტო“ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ერთგვარი დიაგნოზია - მან გვაჩვენა, რომ საქართველოს ჰყავს ძლიერი პრეზიდენტი, საქართველოში არის ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსი, საქართველოს ჰყავს მთავრობა და პარლამენტი, რომელთა მმართველობის პირობებში შესაძლებელი გახდა ვეტოს გამოყენება - სწორედ ამიტომ ეს ვეტო არავის ამარცხებს, არამედ ხაზს უსვამს ხელისუფლების ყველა შტოს ძლიერებას. ეს არის სწორედ 2012 წლის ცვლილებების მთავარი მონაპოვარი.

ხათუნა ლაგაზიძე