რა “სიურპრიზს” ჰპირდება ღარიბაშვილი ალასანიას – “ყველაზე სკანდალური საწვავის საქმე იქნება”(ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

რა “სიურპრიზს” ჰპირდება ღარიბაშვილი ალასანიას – “ყველაზე სკანდალური საწვავის საქმე იქნება”(ექსკლუზივი)

“როგორც ვიცი, სამართალდამცველების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მარნეულის ბაზის გარემონტების პერიპეტიებმა”

"ეს იქნება კიდევ ერთი შემარცხვენელი მისთვის პირადად და მისი თანაგუნდელებისთვის”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  მოსახლეობა კიდევ ბევრს სიურპრიზს გაიგებს  ირაკლი ალასანიას შესახებ.

"ეს იქნება კიდევ ერთი შემარცხვენელი მისთვის პირადად და მისი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ასევე გაიგებენ ბევრ სიურპრიზს მის შესახებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ალასანიამ ღარიბაშვილს ასე უპასუხა: "რაც უნდათ ის აკეთონ, პროკურატურას ბოლო დროს მუქარის გარდა არაფერი გაუკეთებია, ვერანაირად ვერ შეაჩერებს “თავისუფალი დემოკრატების” გეგმებს. “

როგორც “კვირის პალიტრას” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, სავარაუდოდ, პრემიერი იმას გულისხმობდა, რომ შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული  ტენდერების შესახებ ახალი სკანდალი ატყდეს და საქმეც აღიძვრეს. მისი ინფორმაციით, პროკურატურა სულ 12 ტენდერის ჩატარების პერიპეტიებს სწავლობს:

“მათგან გამოვყოფდი საწვავის საქმეს, ჯარისკაცების კვებით უზრუნველყოფის ტენდერის საქმეს და ბაზების რემონტის საქმეს. როგორც ვიცი, სამართალდამცველების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მარნეულის ბაზის გარემონტების პერიპეტიებმა.  ჩემი ინფორმაციით, ყველაზე სკანდალური საწვავის საქმე იქნება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში  ზემოთ ჩამოთვლილი ტენდერებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას გააკეთებს”.

არსებული ინფორმაციით, 2013 წლის განმავლობაში სულ 1,010 კონტრაქტი გაფორმდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 167.826.000 ლარი შეადგინა.

აქვე შეგახსენებთ,  რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე(კაბელების საქმე)  მასალები გადაუგზავნა. ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ მასალებსა და მტკიცებულებებზე გრიფი “საიდუმლოს” მოხსნის მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით, საქმეში არსებულ სრულ მტკიცებულებებს მიაწვდის შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელიც იმსჯელებს საქმისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის საკითხზე.

“ასევე პროკურატურა აპირებს განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლის მოთხოვინით მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც გამოძიების მიერ მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა საიდუმლო შესყიდვების კანონიერებისა და საიდუმლო შესყიდვის ფორმით ჩატარების აუცილებლობის შემოწმება", - აღნიშნულია  პროკურატურის განცხადებაში.