"პროკურატურამ განზრახ დაარღვია კანონი" - კვირის პალიტრა

"პროკურატურამ განზრახ დაარღვია კანონი"

"ალასანიას მოადგილის განცხადება ეჭვს იწვევს"

"პროკურატურის ქმედებებზე ხელისუფლებას უწევს თავის მართლება"

თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია, პროკურატურის ქმედების შეფასებისას ექსპერტთა აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილის აზრით, პროკურატურამ უხეში შეცდომები დაუშვა და არის ეჭვის საფუძველი, რომ უწყების ქმედება პოლიტიზებულია. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თუ კანონი დარღვეული იყო, პროკურატურას უნდა ემოქმედა და პოლიტიკური ქვედინებებისთვის ყურადღება არ მიექცია.

გელა ნიკოლაიშვილი, იურისტი: - ჩნდება ეჭვი, რომ პროკურატურის ქმედებაში მართლაც არის პოლიტიკური ქვეტექსტი. ის ფაქტი, რომ მაღალჩინოსნებს ერთმანეთის მიყოლებით წაუყენეს ბრალი და "კაბელების საქმეს" სხვა საქმეებიც  მიჰყვა, ეჭვის საფუძველს ტოვებს. მეორე მხრივ, პროკურატურას ვერ დაავალებ, ეს საქმე ამ დროს გამოიძიე და ამ დროს არაო. თეა წულუკიანმა განაცხადა, დაუწერელი კანონით, უპატივცემულობაა, როცა მინისტრი ქვეყანაში არ არის და მის მაღალჩინოსნებს აკავებენო. თეორიულად, შეიძლება ეს სწორია, უპატივცემულობაა, მაგრამ პროკურატურას შეუძლია ამაზე უპასუხოს, ჩვენ დაუწერელი კი არა, დაწერილი კანონებით ვმოქმედებთ, რომლებიც ამას არ კრძალავსო. თუმცა, ყოვლად გაუმართლებელია და სერიოზული კანონდარღვევაა, როდესაც დაცვის მხარეს არ აძლევენ მასალების გაცნობის საშუალებას. თუ აპელირებას მაინცდამაინც საიდუმლო გრიფზე აკეთებენ, ჯერ ერთი, მისი მოხსნა მალე შეიძლებოდა, მეორეც, უფრო მარტივი იყო, ადვოკატებისთვის მიეცათ საიდუმლო მასალების გაცნობის უფლება ხელწერილით, რომ მასალებს არ გაამჟღავნებდნენ.

- დაკითხვიდან გამოსულმა ალასანიას მოადგილემ, ალექსანდრე ბატიაშვილმა, განაცხადა, რომ სხვა დაკითხვის ოქმზე აწერინებდნენ ხელს, რომელიც მისი ჩვენების იდენტური არ იყო.

- ეს განცხადება ცოტა ეჭვს იწვევს. თუ ბატიაშვილმა არა, ყველა ადვოკატმა მაინც იცის, რომ ნებისმიერ დასაკითხ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს, თავისი ხელით დაწეროს ჩვენება, თუ არ ენდობა გამომძიებელს. არც ერთი გამომძიებელი ბატიაშვილს ამაზე უარს არ ეტყოდა.

კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე: - როგორც იცით, პროკურატურამ საქმის მასალები არ გადასცა დაცვის მხარეს იმ მოტივით, რომ მას ადევს გრიფი საიდუმლო. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლი ადგენს, რომ სამართალწარმოება უნდა ხორციელდებოდეს შეჯიბრებითობის და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე. 42-ე მუხლის თანახმად კი, დაცვის უფლება არის გარანტირებული. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეები თანაბრად უნდა სარგებლობდნენ საპროცესო უფლებებით. როგორ იქნება თანაბრობა დაცული, თუ რამდენიმეტომიანი საქმის მასალები ექნება პროკურატურას, დაცვის მხარეს კი - არა? კიდევ უფრო ცალსახაა ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის 83-ე მუხლი ამბობს, რომ პროკურატურა ვალდებულია, ადვოკატებს საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე გადასცეს საქმის მასალები, ანუ ეს არის პირდაპირი ვალდებულება. პროკურატურა თავის ქმედებას იმით ხსნიდა, რომ ეს საქმე არის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, მაგრამ კოდექსის არც ერთი მუხლი არ ამბობს, რომ თუ მასალები სახელმწიფო საიდუმლოს შეიცავს, არ უნდა გადაეცეს დაცვის მხარეს. პროკურატურის ქმედება ამ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგოა.

- თქვენი აზრით, პროკურატურა განზრახ მოიქცა ასე?

- ამას არაპროფესიონალიზმს ვერ დავაბრალებთ. შეიძლება პროკურორებს ყველა მუხლი ზეპირად არ ახსოვდეთ, მაგრამ ხომ უნდა წაიკითხონ, რა წერია 83-ე მუხლში? ამ მუხლის ერთ-ერთ ნაწილში წერია, რომ თუ პროკურატურა ადვოკატებს მასალებს არ გადასცემს, მაშინ ყველა ის მტკიცებულება სასამართლოს მიერ დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი. დარწმუნებული ვიყავით, ასეც მოხდებოდა. თუმცა საწინააღმდეგო სურათი მივიღეთ. ამასთან, პროკურორმა პროცესზე ორი საათი ისაუბრა, ხოლო დაცვის მხარეს - ხუთი ბრალდებულის შვიდ ადვოკატს, პოზიციის დასაფიქსირებლად 15 წუთი, ანუ თითოეულს 2 წუთი მიეცა.

ესეც დარღვევაა. მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. დაკავების დღესვე გამოჩნდა, რომ ამ საქმეში იქნებოდა დარღვევები, რადგან ადვოკატს ბრალდებულებთან შეხვედრის უფლება არ მიეცა, ესეც კონსტიტუციის მე-18 მუხლის დარღვევაა.

როდესაც საქმეში არის სერიოზული ხარვეზები, ამაზე მიუთითებ, ეუბნები, დაიცავი კანონი, მაგრამ ამ მოთხოვნას არ ითვალისწინებენ, იძულებული ხარ, იფიქრო პოლიტიკურ სარჩულზე. რატომ უნდა უჩნდებოდეს რიგით პროკურორს ან მოსამართლეს კანონის უხეშად დარღვევის სურვილი, როცა ვალდებულია, ის დაიცვას? ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ პროკურორები ვიღაცის დაკვეთას ასრულებდნენ.

- პროკურატურა დღეს თავდაცვის უწყებაში რამდენიმე მიმართულებით მუშაობს...

- მე არც ერთი საქმის მასალებს არ ვიცნობ და ვერ ვიტყვი, ამ პირებმა ჩაიდინეს თუ არა დანაშაული, მაგრამ როდესაც პროკურატურაში ათასობით საჩივარია შეტანილი, სადაც ძალზე მძიმე დანაშაულებზე, მათ შორის - წამების, ქონების წართმევის ფაქტებზე, ფარულ ჩანაწერებზეა საუბარი და მათ არ იძიებენ, მაგრამ იძიებენ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს (გულგრილობა), კითხვები მიჩნდება. ხშირად პროკურატურის ქმედებებზე ხელისუფლებას უწევს თავის მართლება. ე.წ. "კაბელების საქმეზე" არსებობს საკმარისი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ პროკურატურამ განზრახ დაარღვია კანონი.

პროკურატურას სჭირდება რეფორმირება. უპირველეს ყოვლისა, შესაცვლელია მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი.

როგორც იცით, მას პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ეს პრობლემებს ქმნის. პროკურატურაში ცვლილებების აუცილებლობაზე პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა.

ნანა ფიცხელაური