"ალასანიაზე" - მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

"ალასანიაზე" - მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ალასანიაზე

გასული კვირა ისეთი "მხიარული" გამოდგა, პოლიტიკისადმი გულგრილად განწყობილი ადამიანიც კი არ მოიწყენდა. ისეთი სისწრაფით განვითარდა მოვლენები და ისე პანტაპუნტით წავიდნენ თანამდებობიდან მინისტრები, ბოლოს სურვილი გამიჩნდა, მეც გადავმდგარიყავი, უბრალოდ, ჯერ ვერ მოვიფიქრე, საიდან გადავდგე. სამაგიეროდ, სხვებს ჰქონდათ გადასადგომი ადგილები და გადადგნენ კიდეც. უფრო სწორად, ალასანია გადაჰყვა, პეტრიაშვილი გადადგა, ფანჯიკიძე გამოდგა, წულუკიანი კი დადგა - მყარად დადგა იქ, სადაც იყო.

სიმართლე გითხრათ, ოთხშაბათს, 6 საათამდე, ვიდრე ალასანია ბრიფინგს გამართავდა, ძირითადად, პროკურატურას ვაკრიტიკებდი (თუ რატომ, ამას ბოლო ჩანაწერში ნახავთ), მაგრამ ალასანიას ბრიფინგის შემდეგ კრიტიკის ახალი ობიექტი გამიჩნდა. თავიდანვე არ ველოდი, რომ ალასანია გადადგებოდა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავწერე კიდეც, სამაგიეროდ, ველოდი, რომ ის ილაპარაკებდა პოლიტიკურ გამოძიებაზე, მის საწინააღმდეგო კამპანიაზე, იმაზე, რომ დემოკრატიას ასეთი გამოძიებებით საფრთხე ემუქრება, მაგრამ ის, რაც ალასანიამ თქვა, ჩემთვის მოულოდნელი და მიუღებელი იყო. განა უფრო ღირსეული არ იქნებოდა, გადამდგარიყო, ვიდრე ასე აშკარად დაეყენებინა ეჭვქვეშ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი და ამით ქვეყნის არაკეთილმოსურნეთათვის შიგნით თუ გარეთ საკბილო მიეცა? ან რას ნიშნავს, პროკურატურა ებრძვის ევროატლანტიკურ კურსს? პროკურატურას რა ხელი აქვს საგარეო კურსთან? თუ პროკურატურა ებრძვის, ესე იგი, მას ვიღაცამ დაავალა, ხომ? ვინ შეიძლება ეს ვიღაც იყოს, ალბათ, ყველასთვის ცხადია. მაშინ თქვი პირდაპირ! უკან დასახევ გზას იტოვებ?!

ახლა ზოგიერთი იმასაც ამბობს, მხოლოდ რესპუბლიკელები დარჩნენ კოალიციაში პროდასავლურებიო. დიდი გულუბრყვილობა მგონია საუბარი იმაზე, რომ თურმე ქვეყნის პროდასავლურ კურსს კოალიციაში მხოლოდ ორი პარტია ინარჩუნებდა! ანუ რა გამოდის: ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" ეს არ უნდოდათ, რუსეთისკენ მიდიოდნენ და ალასანიასა და რესპუბლიკელების შიშით ვერ აკეთებდნენ ამას და ახლა, როგორც კი მათ მოიშორებენ, ეგრევე გაქუსლავენ ევრაზიულ კავშირში?!

ბოლოს იმის თქმა მინდა, რომ ალასანიამ კიდევ ერთხელ მცდარი გზა აირჩია და შედეგად ოპონენტებს მისცა საშუალება, ელაპარაკათ მის უპასუხისმგებლო განცხადებებზე, რაც სიმართლეს სულაც არაა მოკლებული. არათანამიმდევრულობა ხომ მისი სტილი გახდა: ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომიდან ივანიშვილს გამოექცა, მასთან სალაპარაკოდ არ მოვსულვარო და მეორე დღეს უკვე თავად ეახლა შუშის სასახლეში, თან გამოაცხადა, არ ვიტყვი, რაზე ვილაპარაკეთო. ეს ხომ შენი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, იმათი, ვისაც შეიძლება ივანიშვილი არ მოსწონთ და შენ მოსწონხარ. ან რა საქმეებს არჩევ თუ აწყობ ადამიანთან, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკიდან წავიდა და რომელთანაც წინადღეს ლაპარაკიც არ გინდოდა?!

კიდევ ერთი შეცდომა ალასანიამ და მისმა გუნდმა მაშინ დაუშვეს, როდესაც განაცხადეს, კოალიციას კი ვტოვებთ, მაგრამ პარლამენტში თანამდებობებს არ დავტოვებთ, რომ საბოტაჟად არ შეფასდესო. ეს ხომ თვალში ნაცრის შეყრაა? საბოტაჟი სხვადასხვა სამინისტროდან ასეთი განცხადებებით წასვლა იყო, თორემ პარლამენტში თუ უმრავლესობას ტოვებ, მაშინ კეთილი უნდა ინებო და თანამდებობებიც დათმო.

ბერუჩაშვილის ანომალია

ყველაზე საოცარი მეტამორფოზა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილმა განიცადა. ერთ დღეს თქვა,–ქვეყნის საგარეო კურსს საფრთხე ემუქრებაო (როდესაც მაია ფანჯიკიძემ თავისი გუნდით დატოვა საგარეო უწყება). მეორე დღეს კი (ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ) განაცხადა - დავრწმუნდი, რომ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საშიშროება არ ემუქრებაო. ასეთი  უეცარი “გადარწმუნება” ქართული პოლიტიკისთვისაც კი ანომალიაა. ამ მეტამორფოზის მთავარი მოტივი იყო თუ არა მისთვის ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტის დაპირება, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ალასანიასა და მისი გუნდის შეცდომებმა ღარიბაშვილს უპირატესობა მისცა და ისიც ამას კარგად იყენებდა, ვიდრე ხუთშაბათ დილით მანაც არ გამოავლინა პოლიტიკური უმწიფრობა, როდესაც ალასანია გალანძღა - ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ეძახა და "ნაციონალების" ლობირება დააბრალა. ამასთან, მის თანაგუნდელებს დაჰპირდა: თქვენს ლიდერზე კიდევ ბევრ სიურპრიზს გაიგებთო. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად გამოუვიდა. როდესაც იმ ადამიანს ლანძღავ, ვისთან ერთადაც ამდენი ხანი იყავი, შენს თავსაც ლანძღავ, რამეთუ ყველას უჩნდება კითხვა: აქამდე რატომ იტანდი მაშინ ასეთ ადამიანს? ნუთუ ვერ ხვდება, რომ ასეთი განცხადებები და წინასწარ დაანონსებული ე. წ. სიურპრიზები აძლიერებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი არა დანაშაულთან ბრძოლა, არამედ ალასანიასთან ბრძოლა იყო? დასავლურ კურსს მომავალში თუ რამე შეუქმნის საფრთხეს, დემოკრატიის ნაკლებობა იქნება. დემოკრატია კი ნამდვილად არ არის არც პროკურატურის პოლიტიკური მიზნით გამოყენება და არც ქვეყნის კულისებიდან მართვა.

პროკურატურაზე

ყველაზე ცუდი, რაც მოხდა, ის არის, რომ ამ პროცესმა კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი პროკურატურის პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ. ვიღაც იკითხავს: რა უნდა ექნა პროკურატურას, თუ დანაშაული იყო, არ უნდა გამოეძიებინაო? დანაშაულის გამოძიება კი არ არის პრობლემა, არამედ გამოუძიებლობა, თაროზე შემოდება და როცა პოლიტიკა მოითხოვს, მაშინ ჩამოღება. ეჭვი ამ მიმართულებით რამდენიმე დღეში ე. წ. "კაბელების საქმეზე" კიდევ რამდენიმე საქმის დამატებამ გაამყარა.

ჩემი აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ კამპანია პროკურატურის სასამართლო ხელისუფლებაში დაბრუნების მოთხოვნით, თან ისეთი მოდელით, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას მასთან შეხება არ ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იქნება ცდუნება, რომ ის პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ!