"არ გვითქვამს, თითქოს ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება" - კვირის პალიტრა

"არ გვითქვამს, თითქოს ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება"

ირაკლი ალასანია ოფიციალურად გადაბარგდა ოპოზიციაში. "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე ის პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს და მხარდამჭერებს ხელისუფლებაში მობრუნების პირობაც მისცა.“"კვირის პალიტრა" პარტიის ლიდერებს, დავით ზალკალიანსა და ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

დავით ზალკალიანი: - ჩვენი ოპონენტები აკეთებენ გარკვეული განცხადებების ინტერპრეტაციას,– თითქოს ჩვენ განვაცხადეთ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია იცვლება. მსგავსი რამ არ გვითქვამს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საფრთხე ექმნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

-  მაშინ იქნებ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობდით?

- ვგულისხმობდით იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები ნატომ და პარტნიორებმა შეაფასეს, როგორც ერთ-ერთი სამაგალითო. ეს უწყება არის ყველაზე წარმატებული რეფორმების გატარებაში, ნატოსთან პარტნიორობის თვალსაზრისით. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში და თავდაცვის უწყება მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა. ამ წარმატებული უწყების ხელმძღვანელი პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში (მანამდე ამ ქვეყანაში ასეთი ვიზიტი არ ყოფილა), რომლის დროსაც განიხილეს ძალზე სერიოზული საკითხები; საფრანგეთში ვიზიტისას კი განხილულ იქნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხები და სწორედ ამ დროს დარტყმის მიყენება თავდაცვის უწყებაზე ნამდვილად დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. თუნდაც ე. წ. კაბელების საქმე დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან.  ისმის კითხვა: რატომ ხდება სწორედ ამ ეტაპზე ასეთი თემების გამოტანა? ვის აწყობს ეს? საკმაოდ ბევრ ეჭვს ბადებს ეს ყველაფერი.

- ვის აწყობს?

- მას, ვინც არ არის დაინტერესებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებით და ყველანაირად უშლის ამ პროცესს ხელს. გარდა ამისა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია მხოლოდ სიტყვების დეკლარირება არ არის. ამას სჭირდება შესაბამისი ქმედება და გამყარება; ამ პროცესს სჭირდება სასამართლო სისტემის, პროკურატურისა და მთლიანად მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და მათი საქმიანობის მაღალ ხარისხში აყვანა. ის, რაც გააკეთა პროკურატურამ, ამ კონტექსტში არავითარ შემთხვევაში არ ჯდება.

- პრემიერმა განაცხადა, რომ მაია ფანჯიკიძემ სოლიდარობა გამოუცხადა ოჯახის წევრს და არა ქვეყანას... თქვენ მიმართაც გაისმა კითხვა, რატომ შესწირეთ მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს?

- ეს არ არის ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე. როდესაც ხედავ, რომ ამ საქმის მიღმა არსებობს სხვა და გაცილებით სერიოზული საფრთხეები, იძულებული ხარ, მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ზურაბ აბაშიძე:–- იწყება ახალი ეტაპი. "თავისუფალი დემოკრატების" სახით კოალიციას გამოაკლდა მთავარი მოთამაშე. ჩვენ ვაგრძელებთ ოპოზიციურ ცხოვრებას, ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე; გავაგრძელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან სერიოზული პოზიციები გვექნება ოპოზიციურ ფლანგზე.

- ივანიშვილმა "მოამბესთან" ინტერვიუში "კაბელების საქმის" საეჭვო გარემოებებზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნა, რომ მისი აზრით, "თავისუფალ დემოკრატებს" კოალიცია არ უნდა დაეტოვებინათ.  ამავე დროს, ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ " ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ "თავისუფალი დემოკრატები" კონსტრუქციულ ოპოზიციად ჩამოყალიბდნენ.

- კონსტრუქციულ ოპოზიციად ჩამოყალიბება არ არის არავის გადასაწყვეტი, ეს საზოგადოების მოთხოვნაა. არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის მთავარი ინტერესები, იქნება ეს უსაფრთხოება, თავდაცვა, საგარეო პოლიტიკური კურსი, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები თუ სხვა. ჩვენ მნიშვნელოვან თემებზე ვითანამშრომლებთ, ამავე დროს, ვიქნებით საკმაოდ მკვეთრი ოპონენტები. არ მოვერიდებით იმ საკითხებზე კრიტიკას, სადაც ხელისუფლებასთან იქნება პრეტენზიები.

ვახო ბერიძე