დავით უსუფაშვილი: "არა მგონია, "ნაცმოძრაობა" რომელიმე პარტიით იყოს ჩასანაცვლებელი" - კვირის პალიტრა

დავით უსუფაშვილი: "არა მგონია, "ნაცმოძრაობა" რომელიმე პარტიით იყოს ჩასანაცვლებელი"

მას შემდეგ, რაც ალასანია ოპოზიციაში გადაბარგდა, ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციურ ფლანგზე "ნაციონალებს" ჩაანაცვლებდნენ. "კვირის პალიტრამ" ამ საკითხზე აზრის გამოთქმა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს სთხოვა:

- არა მგონია, "ნაციონალური მოძრაობა" რომელიმე პარტიით იყოს ჩასანაცვლებელი, მათ შორის "თავისუფალი დემოკრატებით". "ნაციონალური მოძრაობა" თავად დაადგა დაღმასვლას. თავად ახერხებენ, ნელ-ნელა თავიანთ მხარდამჭერებსაც გაუჩინონ მყარი არგუმენტები, რომ ეს არასწორი მიმართულებაა. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ქვეყანას სჭირდება მრავალპარტიულობა, რათა საზოგადოების განწყობები მაქსიმალურად იყოს წარმოჩენილი".

რაც შეეხება რესპუბლიკელთა პოზიციას ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ელოდნენ.

- ბოლო ხანების ვითარების ანალიზის გათვალისწინებით, ჩვენ, "რესპუბლიკურმა პარტიამ", დავწერეთ ვრცელი წერილი, რომელიც კოალიციას გავუგზავნეთ და ურთიერთობის ფორმალიზებას ვითხოვდით. ეს წერილი გულთან უფრო ახლოს რომ მიგვეტანა ან უბრალოდ, განგვეხილა, შესაძლოა, მოვლენათა ასეთი განვითარება თავიდან აგვეცილებინა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა და ჩვენ დაგვტოვა მეგობართა ჯგუფმა, რაზეც დარჩენილები რომ ამბობენ,  რა მოხდა მერეო, მე ასე ვერ ვიტყვი, რადგან მიმაჩნია, რომ საერთო საქმისთვის ეს კარგი ნამდვილად არ იყო, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.

- თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, დიდი განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდა.

-  ეს იყო ემოციური განცხადება, თუმცა, შესაძლოა,  მას ასეთი ეჭვი გაუჩნდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ეჭვი გავაბათილოთ.

პარლამენტში არ მეგულება პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ევროპულ ორიენტაციაზე უარის თქმა შეუძლია. რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა, ირაკლის მოეჩვენა, რომ ეს საფრთხე არსებობდა და მისი თანამშრომლების მიმართ ზედმეტად მკაცრი და ნაჩქარევი იყო პროკურატურის ქმედებები, ეს მისი მოსაზრება იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ ქვეყანამ კურსიდან გადაუხვიოს. ასეთ შემთხვევაში, უმრავლესობაში არც რესპუბლიკელები დარჩებიან და არც სხვები.

- "ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოგვშორდა და ამით ცუდიც არაფერი მომხდარა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც "ნაციონალებს" ლობირებდა, სწორედ ალასანია იყო", - ასე დაახასიათა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია და დასძინა, რომ მისი წასვლით არაფერი შეიცვლება.

- პრემიერმა ეს თქვა დილას,  საღამოს კი თქვა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" არის ძლიერი და კარგი ჯგუფი. მე არ შევაფასებ ღარიბაშვილის დილის განცხადებას, რადგან ირაკლი ალასანია არც უჭკუოდ მიმაჩნია, არც ავანტიურისტად, პირიქით, ირაკლი იყო ძალიან წარმატებული მინისტრი... სიტყვებს ზოგჯერ ემოციები მართავენ და მათ არ სჭირდებათ კომენტარი. ამიტომ მე ვეყრდნობი სწორედ იმ პასუხს, სადაც პრემიერმა თქვა, ჩვენ დაგვტოვა ძალიან პატიოსანი, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელიც იქნება ოპოზიციაში და ეს გააძლიერებს დემოკრატიასო...

- მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, სხვებთან ერთად გადადგა მისი ერთ-ერთი მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, თუმცა, მეორე დღეს განაცხადა, რომ პრემიერთან პირადი საუბრის შემდეგ დარჩენა გადაწყვიტა.

- თამარ ბერუჩაშვილი უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტია და კითხვა დგას ასე, - თუ ის იქნება მინისტრის მოადგილე, ეს ქვეყნისთვის კარგია თუ ცუდი... მე გიპასუხებთ, კარგია. რასაც თქვენ მეკითხებით, ეს არის ადამიანური სფერო, რომელიც პარლამენტის წევრის შეფასების სფერო არ უნდა იყოს...

- პრინციპული უნდა იყოს თუ არა მინისტრის მოადგილე ისეთ საკითხში, როგორიც არის ქვეყნის საგარეო კურსი?..

- მე ნუ განმავრცობინებთ პრემიერისა და ბერუჩაშვილის საუბარს. თუ მას ჰქონდა ეს ეჭვი, გაუქარწყლეს და საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რაღაც საყვედურის გამო ასეთ კადრზე უარი თქვას.

ლალი პაპასკირი